News
კაროლინის უნივერსიტეტში (შვედეთი) ჩატარებული გამოკვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით მიღწეული ორსულობისას ზოგიერთ შემთხვევაში იზრდება პირველ ტრიმესტრში ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისა და ვენური თრომბოემბოლიების განვითარების რისკი, თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ამის გამო უარი არ უნდა ვთქვათ ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებაზე, რომელიც დღეს მრავალი წყვილისთვის უნაყოფობის პრობლემის მოგვარების ერთადერთი შესაძლებლობაა.
საკმარისია, ორსულობის პირველ სამ თვეს ქალი გულის დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებს ერიდოს.
განვითარებულ ქვეყნებში ოჯახური წყვილების 10%-ს უნაყოფობის პრობლემა აქვს. ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდი მედიცინაში 1978 წელს დაინერგა. მისი მეშვეობით ყოველწლიურად 5 მლნ ბავშვი იბადება. თუ დავუჯერებთ მთელ რიგ კვლევებს, ბუნებრივი გზით დაორსულების შემთხვევაშიც კი არსებობს ისეთი გართულებების გარკვეული რისკი, როგორებიცაა ფილტვის არტერიის ემბოლია და ვენური თრომბოემბოლია. რისკი მაღალი არ არის - დაახლოებით 1 შემთხვევა ყოველ 1000 ორსულზე, ანუ 0,1%.
შვედმა მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით მიღწეული ორსულობისას ამ გართულებათა ალბათობა პირველ ტრიმესტრში 4-ჯერ იზრდება, თუმცა მთავარი არტერიების დახშობის რისკი ნორმაში რჩება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მათი დახშობა საფრთხეს უქმნის დედისა და ნაყოფის სიცოცხლეს.
რისკების შესადარებლად მეცნიერებმა შეისწავლეს ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებაჩატარებული 23 498 ქალისა და ბუნებრივი გზით დაორსულებული 116 960 ქალის მონაცემები. ქალების საშუალო ასაკი იყო 33 წელი. კვლევა მოიცავდა 1990-2008 წლებს. ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ჯგუფში სისხლში თრომბების წარმოშობის მეტი შემთხვევა აღირიცხა (წელიწადში 4,2 შემთხვევა 1000 ქალზე, საკონტროლო ჯგუფში კი 2,5 1000-ზე). მომატებული აღმოჩნდა ორსულობის პირველ ტრიმესტრში თრომბების განვითარების რისკიც (1,5 ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ჯგუფში და 0,3 - საკონტროლოში).
დაორსულებამდე და ბავშვის დაბადების შემდეგ რისკებს შორის განსხვავება მკვლევარებმა ვერ აღმოაჩინეს. მედიკოსების დასკვნით, საერთო ჯამში რისკი ორივე მიმართულებით 1000 ქალზე საშუალოდ 2-3 შემთხვევით გაიზარდა.