განსაკუთრებული ინსტინქტი
მართალია თუ არა, რომ ამისკენ ქალს განსაკუთრებული, ქალური ინსტინქტი უბიძგებს? რას ნიშნავს ქალური კეკლუცობა? - ეს საუკუნეების განმავლობაში შეძენილი და განმტკიცებული საშუალებაა მამაკაცის ყურადღების მისაქცევად.
ვიდრე დავრწმუნდებით, რომ ღირსეული მეუღლე და მომავალი ბავშვის მამა ვიპოვეთ, მანამდე რამდენიმე მამაკაცი კარგად უნდა შევათვალიეროთ და შევისწავლოთ და მშვიდად, აუჩქარებლად ავირჩიოთ ღირსეული!
მამაკაცის ფსიქოლოგიის საუკეთესო მცოდნე ფრიდრიხ ნიცშე ამტკიცებდა, რომ “ნამდვილ მამაკაცს ორი რამ სჭირდება - საფრთხე და თამაში. სწორედ ამიტომ სჭირდება მას ქალი, როგორც ყველაზე სახიფათო და საშიში სათამაშო”.
ქალები ინსტინქტურად ცდილობენ, იდუმალნი და გამოუცნობნი იყვნენ მათთვის, მუდმივად მიიტყუონ მამაკაცები, მაგრამ მაინც მიუწვდომელნი დარჩნენ. მამაკაცი კი ბავშვივითაა, დაეუფლება თუ არა სასურველ სათამაშოს, უმალვე კარგავს მისდამი ინტერესს. ქალი ინტუიციურად გრძნობს ამას და იძულებულია, გამუდმებით იცვალოს ტანსაცმელი, თმის ფერი... მოკლედ, სიმშვიდე ქალს მხოლოდ ესიზმრება.
რა თქმა უნდა, ყველა ქალს ერთნაირად არ უყვარს თავზე ზრუნვა. ისეთებიც არსებობენ, რომლებიც სარკეში საკუთარ გამოსახულებას მხოლოდ დილით, პირის დაბანისას შეავლებენ თვალს. რატომ თვლემს ასე ტკბილად მათში მძლავრი ქალური ინსტინქტი?
ამ კითხვას ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში უპასუხა ფსიქოლოგმა და ფილოსოფოსმა კარლ იუნგმა. ის ხსნიდა, რომ ნებისმიერი სქესის ადამიანის ქვეცნობიერში ყოველთვის არის ორი საწყისი - ქალური (ანიმა) და მამაკაცური (ანიმუსი), მაგრამ ისინი იშვიათად აღწევენ სრულ წონასწორობას - სწორედ ეს არის მიუწვდომელი იდეალი, ჰარმონიული პიროვნება. უფრო ხშირად ქალებში ანიმა ჭარბობს, რომელიც აიძულებს მათ იკეკლუცონ, თუმცა შეიძლება ანიმუსი დომინირებდეს, საკუთარი გარეგნობისადმი გულგრილი დამოკიდებულებით.
არსებობენ მამაკაცები, რომლებშიც ძლიერია ქალური ნახევარი, ისინი თაყვანს სცემენ საკუთარ სილამაზეს და, ამასთან, ჰეტეროსექსუალური ორიენტაციაც აქვთ, უყვართ და ქორწინდებიან, თუმცა ცდილობენ, ცხოვრების თანამგზავრად აირჩიონ არა ცოლი-მეგობარი ან ცოლი-ბავშვი, არამედ ცოლი-დედა.
თუ ქალი გულგრილია ყოველგვარი ქალური ხრიკებისადმი და არ უყვარს სარკეში ყურება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სხვა პრიორიტეტები აქვს. მაგრამ თუ საკუთარ თავში ძალით თრგუნავს მოწონების ბუნებრივ სურვილს, ეს დიდი შეცდომაა - ამას შესაძლოა კომპლექსები, თვითშეფასების დაქვეითება და მძიმე სულიერი განცდები მოჰყვეს. ინსტინქტი ათასწლეულების განმავლობაში მოქმედებს, ამიტომ ქალი მუდამ რჩება მიუწვდომელი, იდუმალი, მოუხელთებელი. ამისთვის ხშირად იცვლის გარეგნობას, სტილს. ამაშია ქალური მოდის საიდუმლოც.
ანტიკური ეპოქის შემდეგ ქალები ხან უმცირეს ზომებამდე ავიწროებდნენ წელს, ხან კეკლუცი თასმებით გამოკვეთდნენ მკერდს, ხან უზარმაზარი ბაფთებით იმშვენებდნენ გავას, ხან კოლოსალურ ზომებამდე ზრდიდნენ თეძოებს. შემდეგ უეცრად სილამაზის ეტალონად ბრტყელი მკერდი და ძალიან ვიწრო წელი იქცა...
ახლა კი ქალური სილამაზე მთავარ ფასეულობად, უმაღლეს მიღწევად არის გამოცხადებული. ყველაფერი ნებადართულია, ყველაფერი ღიაა, ხოლო ის, რაც მუდამ გაშიშვლებულია, ინტერესს უკვე აღარ იწვევს. რას არ შეხვდებით - წარმოუდგენელ ვარცხნილობებს, ველურ შეფერილობებს, პირსინგს ყველა მისაწვდომ თუ მიუწვდომელ ადგილას. რაც უფრო მაღალია ქალის კულტურული დონე, მით უფრო მეტად აწონასწორებს “ქალურ ინსტინქტს” გონება, მით უკეთ ერკვევა ის მაკიაჟსა და ბიჟუტერიაში. ასე რომ, ახალგაზრდა ქალები კი არ უნდა გავკიცხოთ უგემოვნობის გამო, არამედ უნდა ვასწავლოთ მათ. როცა მოწესრიგებული ქალი კეკლუცობს და მიმართავს ფლირტს, ის საკუთარ სხეულს კი არ სთავაზობს ვინმეს, არამედ თავისი ღირსებების წარმოჩენას ცდილობს, ეს კი შეიძლება მისი წარმატების საწინდარი გახდეს.
სქესთა შორის ურთიერთობა ყველგანაა - ქუჩაში, ოფისში, ტრანსპორტში... სურვილი, ლამაზი იყო - ეს არის იარაღი, რომლითაც ჭკვიანი ქალი მოხერხებულად სარგებლობს თამაშში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია.