News
გამოკვლევაში, რომელსაც ლეიდენის უნივერსიტეტის მეცნიერი თანამშრომელი ელინ სლაგბუმი ხელმძღვანელობდა, მონაწილეობა მიიღო 90-დან 99 წლამდე ასაკის 3 500-მა ჰოლანდიელმა. სლაგბუმის თქმით, დღეგრძელებს სხვებზე არანაკლები რაოდენობით აქვთ დაბერებისა და დაავადებების გამშვები გენები, მაგრამ მათთან ერთად მათ დნმ-ში არის სხვა გენებიც, რომლებიც "მავნე გენების" ამოქმედებას აფერხებს. ჟურნალი წერს, რომ ეს აღმოჩენა დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია "ახალგაზრდობის ელექსირის" შექმნის საქმეში. სწავლულთა აზრით, ადამიანის ფიზიოლოგიური აქტიურობის გამახანგრძლივებელი პრეპარატები ფარმაკოლოგიური წარმოების ჰიტად იქცევა.
სიბერე 27 წლის ასაკში იწყება
ადამიანთა უმრავლესობისთვის სიბერეს მოჰყვება მეხსიერების გაუარესება, მსჯელობის უნარისა და საღი აზროვნების დაქვეითება. ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის დაბერება გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე გვეგონა. პროფესორი ტიმოთი სოლთჰაუსი 7 წლის განმავლობაში იკვლევდა 2 ათას ადამიანს, რის შედეგადაც დაადგინა, რომ ტვინი შესაძლებლობათა ზღვარს 22 წლის ასაკში აღწევს. 27 წლიდან იწყება დაბერების შეუქცევადი პროცესი. კვლევის პროცესში მოხალისეებს, ჯანმრთელ და კარგი განათლების მქონე 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს, უნდა გამოეცნოთ გამოცანები, გაეხსენებინათ იშვიათი სიტყვები და ტერმინები, მოეყოლათ ადრე გაგონილი ისტორიის დეტალები. ჟურნალ "სიბერის ნეირობიოლოგიაში" გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ 22 წლის ასაკში მიღწეული პიკის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი ჩავარდნა 27 წლის ასაკში შეინიშნება. საშუალოსტატისტიკური ადამიანის მახსოვრობა 37 წლის ასაკში უარესდება. კიდევ უფრო უარესია მონაცემები 42 წლის შემდეგ. გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა ერთი იმედის მომცემი დასკვნა მაინც გამოიტანეს: ცოდნის აკუმულირებაზე დაფუძნებული შესაძლებლობები, როგორიცაა უკვე შეძენილი ცოდნის აქტიური გამოყენების უნარი, ადამიანს მინიმუმ 60 წლამდე უნარჩუნდება.
ადამიანი დეგრადაციას განიცდის
ჩინელმა მეცნიერებმა უძველეს წიგნებში აღწერილი ადამიანის "ზებუნებრივი" უნარების საიდუმლო ამოხსნეს. მათ დაასკვნეს, რომ ადამიანის ფიზიკური უნარები ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად რეგრესს განიცდის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავისი არსებობის განმავლობაში ადამიანმა არაერთი თავდაპირველი უნარი დაკარგა. უძველეს ჩინურ წიგნებში უჩვეულო ამბებია აღწერილი. მაგალითად, იმპერატორისთვის ქლიავის მისართმევად მხედარმა ერთ დღეში 500 კმ გაიარა. დღეს ამას სულ რამდენიმე სპორტსმენი თუ შეძლებს. შესაძლოა, ახლო მომავალში "ზებუნებრივად" ჩაითვალოს ადამიანის ის უნარებიც, რომლებიც ამჟამად ნორმადაა მიჩნეული. მაგალითად, დადგება დღე, როცა ყველა ახლომხედველი იქნება და არავის ეცოდინება, რომ ადამიანის თვალებს შორს ხედვაც შეუძლია. ჩინელი მეცნიერები უფრო შორსაც მიდიან - მათი თქმით, ადამიანის მოდგმა ისე დეგრადირებს, რომ შესაძლოა, ტვინის გარდა, ყველა ორგანომ შეწყვიტოს ფუნქციობა, ატროფირდეს და უსარგებლო გახდეს.