News
1. წყალი. ის ჩვენი ჯანმრთელობის საფუძველია. ორგანიზმში მისი დეფიციტის დროს სისხლი სქელდება და გულს ბევრად უფრო ინტენსიურად უხდება მუშაობა, რათა სისხლი სხეულის ყველა კუთხე-კუნჭულს მიაწვდინოს. ამის შედეგად რამდენიმეჯერ იზრდება როგორც გულის იშემიური დაავადების, ისე გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების განვითარების რისკი.
2. მწვანე ჩაი. ის, შავის მსგავსად, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და ორგანიზმს ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავენ. ამასთან, დამტკიცებულია, რომ ანტიოქსიდანტები მწვანე ჩაის შემადგენლობაში უფრო ეფექტურად მოქმედებს.
3. შავი ღვინო. ის სხვა პროდუქტებზე გაცილებით მეტ კარდიოპროტექტორულ ნაერთს შეიცავს. ესენია რესვერატროლი და პოლიფენოლები, რომლებიც აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას. არსებობს იმის მტკიცებულებებიც, რომ შავი ღვინის მცირე რაოდენობით რეგულარული მიღებისას ორგანიზმში იზრდება ე.წ. კარგი ქოლესტერინის დონე, რომელიც გულსა და სისხლძარღვებს დაზიანებისგან იცავს.
4. ბროწეულის წვენი. ბოლო დრომდე მას სასარგებლო სასმელების სიაში არ რთავდნენ, თუმცა კალიფორნიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სასარგებლო თვისებებით ის სამჯერ სჯობია მწვანე ჩაისა და შავ ღვინოს. გარდა ამისა, ბროწეულის წვენი ამშვიდებს, აქვეითებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
5. ყავა. მიუხედავად მის შესახებ არსებული უამრავი მითისა, ყავა ნამდვილად აუცილებელია სიცოცხლისთვის. გამოკვლევების მთელი წყება ცხადყოფს, რომ მისი რეგულარული მიღება 20%-ით ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების რისკს.
რაციონი და ინტელექტის კოეფიციენტი
ადელაიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 7000 ბავშვზე ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ბავშვის რაციონი 6 თვიდან 2 წლამდე გავლენას ახდენს ინტელექტის ფორმირებაზე. აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები სიცოცხლის ორ წლამდე ორცხობილებით, გალეტებით, ტკბილი სასმელებით, შოკოლადითა და ჩიფსებით ანებივრებდნენ, 8 წლისთვის ინტელექტის კოეფიციენტი ჯანსაღ საკვებს მიჩვეულ თანატოლებზე დაბალი ჰქონდათ. IQ-ტესტირების დროს არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენეს ხელოვნურ საკვებზე გაზრდილმა ბავშვებმაც, რომლებსაც შაქრით მდიდარ ნარევებს აძლევდნენ. ასეთი კვების მავნე გავლენას განაპირობებს არა იმდენად შაქრის ზემოქმედება, რამდენადაც ის, რომ დაუბალანსებელი რაციონის დროს ტვინი საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს საჭირო ნივთიერებებს. ფასტ-ფუდში თითქმის არ არის მიკროელემენტები, ფლავონოიდები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ნატურალური და მცენარეული საკვები. მეცნიერები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ შინ მომზადებული, დაბალანსებული შემადგენლობის მქონე საკვები, სამრეწველო წარმოების პროდუქტებისა და ფასტ-ფუდისგან განსხვავებით, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ბავშვის ინტელექტზე, მაგრამ ასე თვალნათლივ ეს მოსაზრება პირველად დადასტურდა. ტკბილეულის მოყვარული ბავშვების ინტელექტუალური ჩამორჩენა რვა წლის ასაკში არცთუ ისე მკვეთრია (საქმე ეხებოდა მხოლოდ რამდენიმე პუნქტს), თუმცა მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ასაკთან ერთად განსხვავება გაიზრდება.