News
მანიაკური ფაზა ვლინდება ზეაწეული განწყობით, სწრაფი აზროვნებით, მოძრაობითი და მეტყველებითი აღგზნებით, თუმცა მისთვის დამახასიათებელია ინსტინქტების დაუმორჩილებლობაც, რაც შესაძლოა უწესრიგო სქესობრივ კავშირებში გადაიზარდოს, და საკუთარი შესაძლებლობების გაზვიადებული შეფასება, რამაც ადამიანს შესაძლოა პროფესიის მოულოდნელი შეცვლისკენ ან უპერსპექტივო პროექტებში ფულის დაბანდებისკენ უბიძგოს. პრეპარატები, რომლებსაც ამჟამად ფსიქოზის მანიაკური ფაზის სამკურნალოდ იყენებენ, დანიშვნიდან ერთი კვირის და უფრო მეტი ხნის შემდეგ იწყებს მოქმედებას, თანაც ყოველთვის არ არის ეფექტური და მძიმე გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს. ამერიკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტში მეცნიერთა ჯგუფმა მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზის მკურნალობის ახალი მეთოდი აღმოაჩინა. მკვლევრებმა პროტეინკინაზაზე - თავის ტვინის უჯრედთა აქტიურობის მარეგულირებელ ფერმენტზე - ზემოქმედება სცადეს (ზოგიერთი კვლევის თანახმად, ფსიქოზის მანიაკური ფაზის დროს ამ ფერმენტის აქტიურობა იზრდება). ამისთვის გამოყენებულ იქნა ტამოქსიფენი, რომელსაც თავის ტვინში შეღწევისა და პროტეინკინაზის დაბლოკვის უნარი შესწევს. კვლევა სამი კვირა გრძელდებოდა. მასში მონაწილეობდა ფსიქოზის მანიაკურ ფაზაში მყოფი 16 პაციენტი. მათ ნახევარს ტამოქსიფენი ეძლეოდა, დანარჩენებს - პლაცებო. მკურნალობის დასასრულს აღმოჩნდა, რომ მანიაკური ფაზის სიმპტომები შესამჩნევად შეუსუსტდა ტამოქსიფენით ნამკურნალებ პაციენტთა 63%-ს და საკონტროლო (პლაცებოს) ჯგუფის პაციენტთა 13%-ს. ტამოქსიფენის ეფექტი აშკარა გახდა მკურნალობის მეხუთე დღეს. მკვლევართა აზრით, პროტეინკინაზის დამბლოკავი წამლის შექმნა შესაძლოა მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზის წარმატებული მკურნალობის საწინდარი გახდეს. თავად ტამოქსიფენი ამისთვის არ გამოდგება, რადგან ის ქალის სასქესო ჰორმონ ესტროგენსაც ბლოკავს - სწორედ ეს თვისება იძლევა ძუძუს კიბოს სამკურნალოდ მისი გამოყენების საშუალებას, ესტროგენის ხანგრძლივი დაქვეითება კი ნაადრევ მენოპაუზას იწვევს და შესაძლოა, ენდომეტრიუმის კიბოსაც კი დაუდოს სათავე.
ამერიკელ პედიატრებს სურთ, ხველის წამლის თავისუფალი გაყიდვა აკრძალონ
ამერიკელ ექიმებს აშფოთებთ გართულებები, რომლებსაც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ზოგიერთი პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენება იწვევს. ასეთი პრეპარატები შეუზღუდავად იყიდება ამერიკის აფთიაქებში, ხოლო მათი მეშვეობით ნარკოტიკული ეიფორიის მიღების ინსტრუქცია ნებისმიერ ამერიკელ მოზარდს შეუძლია მოიძიოს ინტერნეტში. ამ პრეპარატების ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენებისას მოსალოდნელია გულისცემის გახშირება, წნევის აწევა, აღგზნება, კუნთების სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა და ფსიქოზი. ამერიკელ პედიატრებს მიაჩნიათ, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ოპიოიდური ნივთიერებების შემცველი პრეპარატების ურეცეპტოდ გაყიდვის აკრძალვით არის შესაძლებელი.
ანტიდეპრესანტები ნაყოფს ვნებს
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ორსულობისას ანტიდეპრესანტების მიღება ზრდის ნაადრევი მშობიარობისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკს. სტატისტიკას თუ ვერწმუნებით, ყოველ მეათე ორსულს დეპრესიის სიმპტომები აქვს. ექიმები განმარტავენ, რომ თავად დეპრესიაც და ფსიქოემოციური დარღვევების საწინააღმდეგო წამლებიც არასასურველ გავლენას ახდენს ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. წამლის კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტას და ნაყოფის სისხლში ხვდება. ამის გამო ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს კრუნჩხვა, რესპირატორული პრობლემები, სიყვითლე და აღგზნებადობა.