News
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, დოქტორმა ვენდი რობინსმა და მისმა კოლეგებმა, შეაფასეს ზენაჯერი ცხიმოვანი მჟავების ზემოქმედება იმ მამაკაცების სპერმის ხარისხზე, რომლებიც უპირატესად დასავლურ დიეტას მისდევდნენ. დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში გავრცელებული შეხედულებისამებრ, ზენაჯერი ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყაროა თევზი, თევზის ქონის შემცველი დანამატები, სელის თესლი და ნიგოზი. იმავდროულად, ეს უკანასკნელი გამოირჩევა ალფა-ლინოლენის მჟავას, მამაკაცების რეპროდუქციული ფუნქციისთვის ესოდენ საჭირო ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის უხვი შემცველობითაც. მკვლევრებმა მამაკაცთა 117-კაციანი ჯგუფი ორად გაყვეს. პირველი ჯგუფი, რომელშიც 58 კაცი იყო, ნიგოზს არ იღებდა, ხოლო მეორე ჯგუფმა, რომელშიც 59 ცდისპირი შედიოდა, თავის ყოველდღიურ რაციონში 75 გრამი ნიგოზი შეიტანა. ეს არის ოპტიმალური ოდენობა, რომლის დროსაც შეიძლება შეიცვალოს სისხლში ლიპიდების შემცველობა, ხოლო წონა არ მოვიმატოთ. ექსპერიმენტის დაწყებამდე და დაწყებიდან 12 კვირის შემდეგ გაკეთდა სპერმის ანალიზი ისეთი პარამეტრების მიხედვით, როგორებიცაა სპერმატოზოიდების კონცენტრაცია, მათი სიცოცხლისუნარიანობა, მოძრაობის უნარი, მორფოლოგია და ქრომოსომული ანომალიების არსებობა/არარსებობა. არც ერთი ჯგუფის არც ერთ წარმომადგენელს არ დაუდასტურდა სხეულის მასისა და აქტივობის დონის მნიშვნელოვანი ცვლილება, მაგრამ იმ ჯგუფის წევრებს, რომელშიც ნიგოზს იღებდნენ, სპერმის სიცოცხლისუნარიანობა, მოძრაობის უნარი და მორფოლოგია უკეთესი აღმოაჩნდათ, ხოლო ქრომოსომული ანომალიები - უფრო ნაკლები. საკონტროლო ჯგუფში ამ მხრივ არავითარი ცვლილება არ აღრიცხულა. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ამბობენ, რომ მამაკაცის უნაყოფობის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებად ნიგვზის მიჩნევა ჯერ ნაადრევია.
კაკაო მეხსიერების სამსახურში
მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი რაციონში კაკაოს შემცველობასა და მეხსიერებას შორის. თურმე ხანდაზმულ ასაკში კარგი მეხსიერების შესანარჩუნებლად აუცილებელია, კაკაო ყოველდღე ვსვათ. მის სასარგებლო თვისებებს ბუნებრივი ფენოლური ნაერთების - ფლავონოლების შემცველობა განაპირობებს. ამავე ნაერთებს შეიცავს ჩაი, ყურძენი, წითელი ღვინო და ვაშლი. ფლავონოლები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ტვინის მუშაობასა და სტრუქტურაზე, იცავს ტვინის უჯრედებს, აძლიერებს ტვინში სისხლის მიდენას. ზომიერი კოგნიტური დარღვევების მქონე 90 ხანდაზმული 8 კვირის განმავლობაში ყოველდღე იღებდა კაკაოს: ერთი ჯგუფი - 990 მგ-ს, მეორე - 520-ს, მესამე - 45-ს. პარალელურად ყველას უტარებდნენ ტესტს მეხსიერების, რეაქციისა და კოგნიტური შესაძლებლობების შესაფასებლად. 8 კვირის შემდეგ ვიზუალური სტიმულების, ვერბალური და ოპერატიული მეხსიერებისა და კოგნიტური შესაძლებლობების შესაფასებელ ტესტებში პირველმა და მეორე ჯგუფმა მაღალი შედეგები აჩვენა. იმავდროულად, მათ დაუქვეითდათ არტერიული წნევა, შეუმცირდათ ჟანგვითი სტრესის დონე, გაუუმჯობესდათ ინსულინისადმი მგრძნობელობა, რამაც თავის ტვინის მუშაობა 40%-ით გააუმჯობესა.