News
.
-
მეცნიერები უეცარ სიკვდილს ანტიბიოტიკის მიღებას უკავშირებენ
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფართოდ გავრცელებული სამკურნალო პრეპარატი აზითრომიცინი სხვა ანტიბიოტიკებზე მეტად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მეტიც - ზოგ შემთხვევაში უეცარ სიკვდილსაც კი იწვევს. ამაზე მიუთითებს ვანდერბილტის უნივერსიტეტის პროფესორის უეინ რეისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებიც The New England Journal of Medicine-ის მაისის ნომერში გამოქვეყნდა. რეიმ და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს 540 პაციენტი, რომლებმაც 1992-2006 წლებში გაიარეს მკურნალობის კურსი პროგრამით "სამედიცინო დახმარება მათთვის, ვისაც ეს სჭირდება".
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმ პაციენტთაგან, რომლებიც აზითრომიცინს იღებდნენ, ორჯერ მეტი გარდაიცვალა გულის მოულოდნელი შეტევით, ვიდრე იმათგან, ვისაც ამოქსიცილინით მკურნალობდნენ და სამჯერ მეტი მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ იღებდა ანტიბიოტიკს.
ამრიგად, მკვლევრები ადასტურებენ, რომ აზითრომიცინი 2,5-ჯერ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის რისკს ამ პრეპარატით მკურნალობისას, რაც მას თანამედროვე მედიცინაში გულისთვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ანტიბიოტიკად აქცევს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ფაქტორის გავლენით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი საკმაოდ მცირეა, გასაკვირი აღარ მოგვეჩვენება მკვლევართა წინადადება, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტთა ანტიბიოტიკებით მკურნალობის აუცილებლობისას უმჯობესია ალტერნატიული მედიკამენტები ვეძებოთ.
-
პანკრეასის კიბოს აღმოჩენა გაადვილდება
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს ახალი ბიომარკერი - PEAK1. ამიერიდან კიბოს გამოვლენა უფრო ადრეულ სტადიაში იქნება შესაძლებელი და, შესაბამისად, გაიზრდება კიბოს საწინააღმდეგო ახალი წამლის შემუშავების შესაძლებლობა. პანკრეასის სადინართა ადენოკარცინომა ონკოლოგიური დაავადების უაღრესად მძიმე სახეობაა. ამ დიაგნოზის მქონე პაციენტების უმეტესობა წელიწადზე ნაკლებს ცოცხლობს, 5-წლიანი გადარჩენის შანსი მხოლოდ 3-5%-ს აქვს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერი თანამშრომლის ჯონათან კელბერის თქმით, პროტეინი PEAK1 სიმსივნის ბიოფსიურ მასალასა და დაავადებული თაგვების ორგანიზმში აღმოაჩინეს. PEAK1 თიროზინკინაზის ტიპის პროტეინია, რომელიც აჩქარებს ქიმიურ რეაქციებს და ასრულებს უჯრედული ფუნქციების გადამრთველის როლს. როგორც აღმოჩნდა, პაციენტებში ენზიმის ექსპრესია კიბოს განვითარებასთან ერთად იზრდება, ხოლო მისი კატალიზატორული აქტივობა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს კიბოს უჯრედების გამრავლებისთვის, ზრდისა და მეტასტაზირებისთვის, ენზიმს მკურნალობისა და კვლევის თვალსაზრისით საუკეთესო სამიზნედ აქცევს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის სადინართა ადენოკარცინომის უჯრედებიდან ენზიმ PEAK1-ის მოცილება ამცირებს სიმსივნის ზომებს და ხელს უშლის მეტასტაზების განვითარებას, თუმცა კვლევები ჯერ მხოლოდ ცხოველებზე ჩატარდა.
-
სპერმატოზოიდებს სანავიგაციო სისტემა სჭირდებათ
ბრიტანელ მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც ბირმინჰემისა და უორვიკის უნივერსიტეტების მეცნიერი თანამშრომლებისგან შედგება, სცადა გაერკვია, რატომ არის, რომ ეაკულაციის დროს ქალის სასქესო გზებში მოხვედრილი მილიონობით სპერმატოზოიდიდან კვერცხუჯრედამდე სულ რამდენიმე ათეული აღწევს.
ექსპერიმენტების შედეგად გაირკვა, რომ ყველაფერი "ნავიგაციის" მეთოდზე ყოფილა დამოკიდებული. კვერცხუჯრედამდე მისაღწევად სპერმატოზოიდებმა ვიწრო, ხვეულ და ბლანტი სეკრეტით სავსე არხებში უნდა გაიარონ. ექსპერიმენტის დროს მკვლევრები საგანგებოდ შექმნილ მიკროარხების ლაბირინთში შპრიცით უშვებდნენ მამაკაცის სასქესო უჯრედებს და მათ ქცევას აკვირდებოდნენ.
აღმოჩნდა, რომ სპერმატოზოიდები არხის ცენტრალური კვეთის გასწვრივ კი არა, არამედ "კედლიდან კედლამდე" გადაადგილდებოდნენ. უფრო სწორად, ისინი ჯგუფებად მოძრაობდნენ კედლის გასწვრივ, მოსახვევებში კი კატასტროფას განიცდიდნენ - სხვადასხვა კუთხით ეჯახებოდნენ საპირისპირო კედელს და ერთმანეთს, რაც ხშირად მათ უკუმიმართულებით გადასროლას იწვევდა.
გადაადგილების ასეთი ქაოსური წესის გამო სპერმატოზოიდების უმრავლესობა მწყობრიდან გამოდის; დანიშნულების ადგილს აღწევენ მხოლოდ ისინი, რომლებმაც დაუზიანებლად გადალახეს ლაბირინთი, მოძრაობდნენ არხის შუაგულში ან მკვეთრ მოსახვევებში სწრაფად იცვლიდნენ მიმართულებას.
ამავე ჯგუფის ადრინდელი გამოკვლევები მოწმობს, რომ სპერმატოზოიდის გადაადგილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თავის ფორმა. ამ ინფორმაციისა და ახალი კვლევის შედეგების გათვალისწინებით, შესაძლოა შეიცვალოს მიდგომა ხელოვნური განაყოფიერების დროს მამაკაცის სასქესო უჯრედების შერჩევის მეთოდების მიმართ.
რამდენიმე ხნის წინ მეცნიერებმა კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს - თურმე მამაკაცის სათესლეებისკენ მიმართულ ულტრაბგერით ტალღას შეუძლია, სპერმატოზოიდების გამომუშავება შეაჩეროს. ეს სიახლე საფუძვლად დაედო კონტრაცეფციის ახალი მეთოდების შემუშავებას.