News
.
გარდა ამისა, კურორტოლოგია რეაბილიტაციის ერთადერთი საშუალებაა, რეაბილიტაცია კი მთელ მსოფლიოში წამყვანი მეთოდია ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის აღსადგენად. ცხადია, ქვეყნის ამ სიმდიდრეს რაციონალური გამოყენება სჭირდება. ქართველი კოლეგებისთვის თავიანთი გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის ბალნეოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. "ოჯახის მკურნალი" მათ თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე შეხვდა და ესაუბრა.
-
ვაცლავ დვორაკი:
- საქართველოში კოლეგასთან, ანდრეი მრაზთან ერთად ჩამოვედი. ჩვენ ჩეხეთის რესპუბლიკის ბალნეოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენლები ვართ. ჩვენი ვიზიტის მიზანია, ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ პროექტზე, რომელიც ხელს შეუწყობს ბალნეოლოგიურ საკითხებში საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის გამოცდილებისა და სიახლეების ურთიერთგაზიარებას. გვსურს, ქართველ კოლეგებს გავაცნოთ მოდელი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვუწევთ ხალხს ბალნეოლოგიურ მომსახურებას. ეს პირველი მომენტია.
მეორე - ჩვენ მათ კონსულტაციას გავუწევთ საქართველოს კურორტების მონაცემთა ბაზის შექმნისას და მესამე - ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განვითარების სააგენტოს დავალებით ვამზადებთ პროექტს, როგორ წარმოვადგინოთ საქართველოში ჩეხური ბალნეოლოგიური ინსტრუმენტები და, ამასთანავე, გავაცნოთ ქართველ კოლეგებს ჩეხური გამოცდილება და ბალნეოლოგიური სიახლეები. ეს ჩვენი ვიზიტის პირველი დღეა და უფრო დაწვრილებით საუბარი გამიჭირდება. ჩვენი კოლეგა, აკადემიკოსი ნიკოლოზ სააკაშვილი, ძალიან გამოცდილი ბალნეოლოგია და დარწმუნებული ვარ, წინ ბევრი და საინტერესო სამუშაო გველის.
-
ანდრეი მრაზი:
- ჩვენი ვიზიტი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. გვინდა, ჩავატაროთ საქართველოს კურორტების პასპორტიზაცია, რომლის მიხედვითაც უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია მათ შესახებ. რა თქმა უნდა, ეს იქნება კურორტების გამოყენების ქართული ვარიანტის მოდელი. ეს პირველი სამუშაო ვიზიტია, პირველი ნაბიჯები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება სამომავლო ურთიერთობისთვის კონცეპტ-დრაფტი და ამავე პროგრამის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრები.
-
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სააკაშვილი:
- ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩეხეთის ბალნეოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენელთა ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას. უკვე დაისახა მიზნად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა - ეს ნიშნავს ურთიერთდახმარებას, გამოცდილების გაზიარებას, ტრენინგებს, სამედიცინო აპარატურის მოზიდვას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას და თანამშრომელთა გაცვლას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ისედაც კარგად განვითარებული კურორტოლოგიისა და სამედიცინო ტურიზმის შემდგომ წინსვლას.