News
,
-
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება პროსტატის კიბოს იწვევს
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ზრდის წინამდებარე ჯირკვლის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების რისკს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ფრედ ჰატჩინსონის სახელობის ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევითი ცენტრის (აშშ) თანამშრომლები მას შემდეგ, რაც დაადგინეს, რომ ალკოჰოლი ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების ხელშემშლელი პრეპარატის - ფინასტერიდის ეფექტურობას. კვლევაში 10 000 მამაკაცი მონაწილეობდა.
გაირკვა, რომ მას, ვინც კვირაში ხუთი დღე მაინც იღებდა 50 გრამ სპირტს (ან სხვა სასმლის ეკვივალენტურ ულუფას), ორჯერ მეტი ჰქონდა პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების ალბათობა, არამსმელებსა და ზომიერად მსმელებში კი დაავადება ერთნაირი სიხშირით გამოვლინდა. მეცნიერთა თქმით, სპირტიანი სასმლის სახეობას მნიშვნელობა არ აქვს - საბედისწერო როლი შეიძლება შეასრულოს როგორც ლიქიორმა, ისე ღვინომ.
საინტერესოა, რომ პროსტატის კიბოს შემთხვევათა უმრავლესობა არ არის აგრესიული - ნელა ვითარდება და ამ დიაგნოზის დროს გადარჩენის საშუალო პერიოდი 10 წელია და ასეა პრაქტიკულად ყოველი პაციენტისთვის. მეტიც - ასეთი ავადმყოფები ხშირად იღუპებიან სხვა მიზეზით, რომელსაც სიმსივნესთან კავშირი არ აქვს. პროსტატის აგრესიული კიბო კი ძალზე სახიფათოა: დიაგნოზის დასმიდან ათი წლის შემდეგ ცოცხალი რჩება ასიდან მხოლოდ 60-70 პაციენტი.
-
"სასწაულებრივი სათვალე" რევოლუცია დიეტოლოგიაში
იაპონელ მეცნიერთა გამოგონებამ შესაძლოა დიეტოლოგიაში გადატრიალება მოახდინოს. სწავლულებმა შექმნეს სათვალე, რომლის წყალობითაც ადამიანი ნაკლებ საჭმელს სჯერდება. მაგალითად, სათვალის ერთ-ერთი ნაირსახეობა ულუფას 50%-ით "ადიდებს", თანაც ისე, რომ ხელებისა და თეფშის ზომა არ იცვლება.
ამგვარად, ადამიანს ეჩვენება, რომ ჩვეულებრივზე მეტი მიირთვა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ასეთი სათვალეების წყალობით ადამიანს თითქმის ათი პროცენტით ნაკლები ულუფა ჰყოფნის. სათვალის მეორე სახესხვაობაა მოწყობილობა, რომელიც მარტო მხედველობას კი არა, ყნოსვასაც ატყუებს. როგორც კი სათვალეში ჩამონტაჟებულ ეკრანზე კერძი გამოჩნდება, სათვალე გამოსცემს სხვადასხვა პროდუქტის სუნს. ამრიგად, ადამიანმა შესაძლოა დიეტური პროდუქტი მიირთვას, მაგრამ სათვალის მიერ შექმნილი ილუზიის წყალობით უდიდესი სიამოვნება განიცადოს.
კიდევ ერთი ხრიკია ლურჯი ლინზები, რომლებიც საკვებს ლუჯ ფერს სძენს. ეს ფერი შემთხვევით არ აურჩევიათ - მიიჩნევა, რომ ლურჯი კერძს მიმზიდველობას უკარგავს და მადას აქვეითებს.