News
.
-
წონის სწრაფი კლება ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენას იწვევს
უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად ადამიანმა ჭარბი წონა ნელ-ნელა უნდა დაიკლოს - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წონის მეტისმეტად სწრაფმა კლებამ შესაძლოა ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას შეუწყოს ხელი. როგორც ექიმები ამბობენ, დიეტის დროს ირღვევა ნაღვლის მჟავებისა და ქოლესტერინის ბალანსი, ნაღველში ქოლესტერინის სიჭარბისას კი წარმოიქმნება კრისტალები, რომლებისგანაც შემდეგ კენჭები ყალიბდება.
ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობის შესამცირებლად უნდა გავითვალისწინოთ ორიოდე რეკომენდაცია: კვირაში 1,5 კილოგრამზე მეტის დაკლება არ არის რეკომენდებული; გასახდომად საკმარისია დღეში ჩვეულზე მხოლოდ 500 კალორიით ნაკლები საკვები მივიღოთ და ასეთი დიეტის რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშთან შერწყმა.
-
რძის ცხიმი ინსულტის რისკფაქტორია
შვედი სპეციალისტები აცხადებენ, რომ დაბალი ცხიმიანობის მქონე იოგურტი და რძე აქვეითებს ინსულტის რისკს. მეცნიერებმა სხვადასხვა ცხიმიანობის რძის პროდუქტების ეფექტიანობა 45-დან 83 წლამდე ასაკის 75 000 ადამიანზე გამოიკვლიეს. ექსპერიმენტის დასაწყისში ცდისპირებს გულის დაავადებები არ ჰქონიათ. გამოკვლევის ყველა მონაწილემ უპასუხა კითხვებს თავისი ყოველდღიური რაციონის შესახებ. განსაზღვრული პროდუქტების მოხმარების სიხშირის მიხედვით - დაწყებული პასუხიდან "საერთოდ არ ვჭამ", დამთავრებული პასუხით "დღეში 4 ულუფას გეახლებით" - მოხალისეები რამდენიმე ჯგუფად დაყვეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას მეცნიერები 10 წელი აკვირდებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში აღირიცხა 4089 ინსულტი (1680 ქალი და 2409 მამაკაცი; 3159 იშემიური, 589 ჰემორაგიული და 347 გაურკვეველი ხასიათისა). დადგინდა, რომ მათ, ვინც დაბალი ცხიამიანობის რძის ნაწარმს მოიხმარდა, იშემიური ინსულტის განვითარების ალბათობა 12-13%-ით ნაკლები ჰქონდათ. ამ პროდუქტების დადებით ეფექტს მეცნიერები მათ შემადგენლობაში შემავალ ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს - კალციუმს, მაგნიუმს, დ ვიტამინსა და კალიუმს უკავშირებენ.
-
ბრიტანელი პლასტიკური ქირურგები დიდი მკერდის თაყვანისმცემელთა წინააღმდეგ
BBC-ს ცნობით, ბრიტანელმა მედიკოსებმა მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც მკერდის გასადიდებლად ზოგიერთი მეთოდის გამოყენებას კრძალავს. კერძოდ, აკრძალვა ეხება საინექციო ფილერ Macrolane-ს, რომელიც მკერდის რამდენიმე წუთში გადიდების საშუალებას იძლევა.
ბრიტანეთის პლასტიკურ ქირურგთა ასოციაციის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ პაციენტთა 25%-ს ფილერის შეყვანის შემდეგ გართულება განუვითარდა. ამასთან ერთად, ფილერი ხელს უშლის უტყუარი მონაცემების მიღებას კიბოს სკრინინგის დროს. ფილერის მწარმოებელი კომპანია Q-Med-ი აცხადებს, რომ მამოგრაფიის მონაცემებზე სარძევე ჯირკვლების გასადიდებელი ყოველგვარი პროცედურა ახდენს გავლენას, თუმცა წამლებისა და სამედიცინო ნაწარმის მარეგულირებელ სააგენტოს მკვეთრად განსაზღვრული პოზიცია აქვს: Macrolane-ი ხელს უშლის მამოგრამის გაშიფვრას, რაც დიაგნოსტირებას აძნელებს. თავად ფილერი კი სრულიად უსაფრთხოა.
უნდა ითქვას, რომ ბოლო ხანს Macrolane-ი უფრო და უფრო პოლულარული ხდება როგორც გარეგნობის გაუმჯობესების მინიმალურად ინვაზიური მეთოდი. საერთო ჯამში კი, PIP მკერდის იმპლანტებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ პლასტიკური ოპერაციების მიმართ მიდგომა უფრო მკაცრი გახდა.