News
მეცნიერებმა გამოავლინეს განსხვავება სხვადასხვა კლიმატურ ზონაში ენერგეტიკული ცვლის მარეგულირებელ გენებს შორის. მათ შეაფასეს გენის 82 ვარიანტის გავრცელება 54 ეთნიკურ ჯგუფში. გაირკვა, რომ ზოგიერთი ეს გენი უპირატესად ცივ კლიმატურ ქვეყნებში გვხვდება, ხოლო ტროპიკული და სუბტროპიკული ქვეყნების მცხოვრებლებს იგი პრაქტიკულად არ გააჩნიათ. ამასთან, ჩრდილოეთის ქვეყნების მცხოვრებლები გაცილებით ხშირად არიან განწყობილნი სისხლში შაქრის დონის მატებისადმი. გარდა ამისა, მათ ორგანიზმში ხშირად გვხვდება გენი FABP2, რომელიც ცხიმოვანი ფენის ფორმირებაზე აგებს პასუხს. ეს თავისებურებები ორგანიზმს დამატებითი ენერგიის წყაროთი უზრუნველყოფს და სიცივისადმი ამტანს ხდის, მაგრამ, იმავდროულად, მაღლა სწევს შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზისა და სიმსუქნის განვითარების მაღალ რისკს. გამოკვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა ანა დი რიენზომ, აღმოჩენის არსი ამგვარად განმარტა: ,,ჩვენი შორეული წინაპრები ცხოვრობდნენ თბილ და ნოტიო კლიმატურ პირობებში, სადაც მთავარი ამოცანა ორგანიზმიდან ჭარბი სითბოს გამოყოფა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების ნაწილი აფრიკიდან უფრო ცივ ზონებში გადასახლდა, გაჩნდა ენერგიის მომატების და ამ მომატებული ენერგიის რაც შეიძლება მეტხანს შენარჩუნების აუცილებლობა". მეცნიერი აცხადებს, რომ სადღეისოდ ამ გენების მნიშვნელობა შეიცვალა: ცენტრალური გათბობისა და ჭარბი კვების პირობებში მათი დამცველობითი ფუნქცია ნულამდე დავიდა და ისინი, პირიქით, ქრონიკულ დაავადებათა მთელი წყების მიზეზად იქცნენ. სხვათა შორის, ყინვაგამძლეობის ყველა გენი არ მოქმედებს ჯანმრთელობაზე უარყოფითად. მაგალითად, რეცეპტორ ლეპტინის გენის ვარიანტიც ცივი ქვეყნების მცხოვრებლებისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ის ზრდის ცხიმის დაშლის და ენერგიის გამოყოფის სიჩქარეს. ასეთი გენეტიკური ვარიაციების არსებობა სტატისტიკურად სხეულის მასის დაბალ ინდექსს, ვისცერული ცხიმის ნაკლებ მოცულობასა და გენეტიკური დაავადების რისკის დაქვეითებას უკავშირდება.
ნატურალური წვენი სიმსუქნის მტერია
ექიმები და მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თუ ადამიანი ყოველდღე დალევს ერთ ჭიქა ასი პროცენტით ნატურალურ წვენს, ქრონიკული დაავადებებისგან ფაქტობრივად დაზღვეული იქნება. მინესოტის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა ხუთწლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე სვამენ ხილის ნატურალურ წვენს, აქვთ ინსულინისადმი უფრო მაღალი მგრძნობელობა და დაბალი ალბათობა გასუქებისა და მეტაბოლური დარღვევების აღმოცენებისა, რომლებსაც, თავის მხრივ, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტისკენ მივყავართ. გამოკვლევაში 14 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წვენის მოყვარულებს სხვებთან შედარებით ნაკლები ჰქონდათ წელის გარშემოწერილობა, 22%-ით დაბალი - სხეულის მასის ინდექსის მომატების რისკი და 15%-ით ნაკლები - მეტაბოლური დარღვევების განვითარების ალბათობა (შეგახსენებთ: მეტაბოლურ სინდრომს სისხლში ტრიგლიცერიდების მატება, გლუკოზის მაღალი დონე და მაღალი წნევა ახასიათებს). კარგა ხანია ცნობილია, რომ ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი ბალანსირებული რაციონი ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა. გამოკვლევამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მეცნიერებმა ისიც შეამჩნიეს, რომ წვენების რეგულარული სმა ხელს უწყობს ფიზიკურ გააქტიურებას და ამცირებს რაციონში ცხიმიანი და ჭარბი შაქრის შემცველი პროდუქტების წილს, მაგრამ ამ ცვლილებათა გარეშეც კი უკუკავშირი ხილის წვენსა და მეტაბოლური სინდრომის განვითარებას შორის შესამჩნევი აღმოჩნდა.
ციტრუსების საიდუმლო
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ციტრუსებში შემავალი ფლავონოიდი ხელს უშლის წონის მომატებას და მეტაბოლურ სინდრომთან დაკავშირებულ სხვა სიმპტომების გამოვლენასაც აიშვიათებს. მეტაბოლურ სინდრომს კი ხშირად მოსდევს დიაბეტისა და გულის დაავადებების განვითარება. დასავლეთ ონტარიოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი მიურეი ხაფი ხელმძღვანელობდა, ფლავონოიდ ნარინგენინის თვისებები შეისწავლა. ლაბორატორიული თაგვების ერთ ჯგუფს ცხიმით მდიდარი დიეტა დაუნიშნეს და ამ გზით მოახდინეს მეტაბოლური სინდრომის სიმპტომების პროვოცირება. მეორე ჯგუფი იმავე დიეტაზე იმყოფებოდა, ოღონდ დამატებით იღებდა ზემოხსენებულ ფლავონოიდს. ნარინგენინის დამატებამ შეამცირა ტრიგლიცერიდებისა და მავნე ქოლესტერინის დონე, აღკვეთა ინსულინისადმი დაბალი მგრძნობელობის განვითარება და სავსებით მოაწესრიგა გლუკოზის მეტაბოლიზმი. ღვიძლი ჭარბ ცხიმებს დაგროვების ნაცვლად წვავდა. პროფესორი ხაფი აცხადებს, რომ ნარინგენმა თაგვებში სრულად გაანეიტრალა სიმსუქნის განვითარების პროცესი. მისი აზრით, გამოკვლევა იმით არის უნიკალური, რომ თაგვების ორივე ჯგუფი იღებდა ერთნაირი რაოდენობის ცხიმს და არც ერთი მათგანი არ უჩიოდა უმადობას. უნდა ითქვას, რომ ადრინდელ გამოკვლევათა შედეგების თანახმად, მაგალითად, გრეიპფრუტიც კარგ დიეტურ საშუალებად მიიჩნეოდა. ამჟამად მეცნიერები ოპტიმალური დოზის დასადგენად ფლავონოიდების კონცენტრაციის მნიშვნელობას შეისწავლიან. იმავდროულად მიმდინარეობს ნარინგენინის ფარმაკოლოგიური თვისებების შესწავლა და გამოკვლევა გულის დაავადებების განვითარებასთან მისი კავშირის დასადგენად. მეცნიერებმა ნარინგენინის ჯერ მხოლოდ პროფილაქტიკური თვისებები შეისწავლეს, მაგრამ უახლოეს მომავალში ნათელი გახდება, რეალურია თუ არა ამ ნივთიერების გამოყენება სიმსუქნისა და მეტაბოლური პრობლემების სამკურნალოდ.
სელენი მამაკაცს დიაბეტისგან იცავს
საკამათო საკითხად რჩება სელენის როლი დიაბეტის განვითარებაში: რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ ეს ნივთიერება დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი საპირისპირო აზრისაა - ამტკიცებს, რომ სელენს უნარი შესწევს, ადამიანი ამ დაავადებისგან დაიცვას. უკანასკნელი გამოკვლევის მიხედვით, რომელიც მონპელიეს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს, გაირკვა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც სისხლის პლაზმაში სელენის მაღალი კონცენტრაცია აღენიშნებათ, დისგლიკემიისადმი (სისხლში შაქრის შემცველობის პათოლოგიური ცვლა) მიდრეკილება სხვებთან შედარებით ნაკლებად აქვთ გამოხატული. ფრანგი მეცნიერები ცხრა წლის განმავლობაში იკვლევდნენ 1 163 ჯანმრთელ მამაკაცსა და ქალს (ერთმანეთს ადარებდნენ ორგანიზმში სელენისა და შაქრის შემცველობას). შუახნის და ხანდაზმულ მამაკაცებს, რომელთაც სისხლში სელენის კონცენტრაცია მაღალი ჰქონდათ (1,19-1,97 მკმოლ/ლ), გამოკვლევის განმავლობაში დიაბეტისადმი მიდრეკილებაც კი არ გამოუვლენიათ. ცხრაწლიანი კვლევის პერიოდში აღირიცხა დისგლიკემიის 127 ახალი შემთხვევა (70 მამაკაცი და 57 ქალი). სელენის დამცველობითი ფუნქცია მხოლოდ მამაკაცებში იქნა შემჩნეული. ექიმებისთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოქმედებს სელენი ქალის ორგანიზმზე.