News
არც ისე დიდი ხნის წინ მან შეფილდის სამეფო საავადმყოფოში ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს მიმართა. მიღებაზე მედდამ სასმენი მილი ვაკუუმასპირატორით გამოურეცხა, რათა მიღებული ნარეცხი მიკროსკოპიული გამოკვლევისთვის ჩაებარებინა. როდესაც გამორეცხვა დასრულდა, ექთანმა ჰერსტს ყურიდან პინცეტით რაღაც საგანი ამოუღო. საგნის დათვალიერების შემდეგ მედდამ ჰკითხა პაციენტს, ხომ არ ამოვარდნია კბილი, რაზეც ჰერსტმა უპასუხა, რომ დიდი ხანია კბილები ამოღებული აქვს. მიუხედავად ამისა, ყურიდან ამოღებული ნივთი სარძევე კბილი აღმოჩნდა. ჰერსტმა ვერაფრით გაიხსენა, როგორ მოხვდა მის ყურში სარძევე კბილი. ექიმების აზრით, ეს შესაძლოა ბავშვობაში მომხდარიყო, ამიტომაც არ დაამახსოვრდა. ხოლო ტკივილმა მაშინ იჩინა თავი, როდესაც უცხო სხეულმა ხელსაყრელი პირობები შექმნა ინფექციის გამრავლებისთვის. კბილის ამოღების შემდეგ მარჯვენა ყურში სმენა ვერ აღდგა, რადგან ხანგრძლივად მიმდინარე ინფექციამ პრაქტიკულად დაარღვია დაფის აპკი, მაგრამ ჰერსტმა განაცხადა, რომ ტკივილისგან გათავისუფლება მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა გადაუხადა საავადმყოფოს მედპერსონალს.
თამბაქოს კვამლი ბავშვებში შუა ყურის ინფექციების რისკს ზრდის
მწეველთა შვილებს ყურის ინფექციები უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე არამწეველებისას. ასეთ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ნოტინჰემის ბრიტანული უნივერსიტეტიდან ლაურა ჯონსის ხელმძღვანელობით. ჯონსის ჯგუფმა გააანალიზა ადრე სხვა სპეციალისტების მიერ ჩატარებული 61 გამოკვლევა. ამ სამუშაოს ავტორები სწავლობდნენ შუა ყურის ინფექციებით ავადობის სტატისტიკას იმ ბავშვებში, რომლებიც რეგულარულად განიცდიდნენ თამბაქოს კვამლის ზემოქმედებას. გამოკვლევის მონაცემებით, დედის მიერ თამბაქოს ხშირი მოხმარება ბავშვში 62%-ით ზრდის შუა ყურის ინფექციების განვითარების ალბათობას. ოჯახებში, სადაც სხვა ნათესავებიც ეწევიან, ასეთი ინფექციების განვითარების ალბათობა 37%-ით არის მომატებული. მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ იმ ბავშვებს შორის, რომელთა ორივე მშობელი თამბაქოს აქტიური მომხმარებელია, თითქმის ორჯერ უფრო ხშირია ქირურგიული ოპერაციები შუა ყურის ანთებების გამო. მკვლევრებს მიზნად არ დაუსახავთ გამოერკვიათ პასიურ მწეველებში შუა ყურის ინფექციის უშუალო მიზეზები, მაგრამ, მათი აზრით, თამბაქოს კვამლის ზემოქმედებით შუა ყურში ანთებითი პროცესი ვითარდება და გროვდება სითხე, რაც ბაქტერიების გამრავლებისთვის შესაბამის გარემოს ქმნის.
სიყრუის მკურნალობის ახალი მეთოდების შესახებ
მას შემდეგ, რაც დადებითი შედეგები მიიღეს, ამერიკელმა მკვლევრებმა გადაწყვიტეს, ბავშვებში ნეიროსენსორული სიყრუის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის შესახებ კლინიკური კვლევები გაეფართოებინათ. ნეიროსენსორული სიყრუე ვითარდება შიგნითა ყურის სტრუქტურების დაზიანებისას, რის გამოც ირღვევა ნერვული იმპულსების გენერაცია ბგერითი ტალღის საპასუხოდ. როგორც წესი, ასეთ დაზიანებებს იწვევს ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი), მშობიარობის პროცესში მიღებული ტრავმა, აგრეთვე ინფექციები, ალერგიული რეაქციები, ზოგიერთი მედიკამენტი და ხმაური. დაავადება ყოველი ათასიდან საშუალოდ ექვს ბავშვში გვხვდება. თაგვებში ღეროვანი უჯრედებით ნეიროსენსორული სიყრუის მკურნალობის დადებითი შედეგების გამო აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სამმართველომ (FDA) მეცნიერებს უფლება მისცა, ბავშვების ერთ ჯგუფში დაეწყოთ კვლევები მკურნალობის უსაფრთხოებისა (I ფაზა) და ეფექტურობის (II ფაზა) დასადასტურებლად. ექსპერიმენტში დაშვებულია მხოლოდ ღეროვანი უჯრედების გამოყენება, რომლებიც გამოყოფილია მონაწილეთა საკუთარი ჭიპლარის სისხლიდან (ასეთი სისხლის მარაგის არსებობა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა). 2009 წლის ნოემბერში ტეხასის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა კვლევის პირველ მონაწილეს - შვიდი კვირის ფინ მაკგრატს ჭიპლარის სისხლის პრეპარატი გადაუსხეს. მშობიარობისას ხანგრძლივი ჰიპოქსიის შედეგად ბავშვს ცერებრული დამბლა, სიყრუე და შინაგანი ორგანოების დაზიანება განუვითარდა. ბავშვის მშობლებმა მისი ჭიპლარის სისხლი შეინახეს კერძო ბანკში Cord Blood Registry, რომელიც აფინანსებს ამ კვლევებს. პირველ გადასხმას მალევე მოჰყვა მეორე და 2010 წლის მაისისთვის მშობლებმა ვაჟიშვილის მდგომარეობის გაუმჯობესება შენიშნეს. ის ხმაურისგან იღვიძებდა, ცნობდა ხმებსა და მელოდიებს, ცდილობდა გამოეცა სხვადასხვა ხმა. 2010 წლის სექტემბერში ბიჭუნას სმენა ოტოაკუსტიკური ემისიის მეთოდით შეუმოწმეს (ეს კვლევა მოიცავს ბგერების საპასუხოდ შიგნითა ყურის ლოკოკინას რხევებისა და სენსორული თმოვანი უჯრედების რეაქციის შემდგომ რეგისტრაციას). კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვს, რომელიც ყრუ იყო, უკვე ნორმალურად ესმის. ტეხასელმა მკვლევრებმა კიდევ 9 მონაწილის აყვანის შესახებ განაცხადეს. კვლევაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ ნეიროსენსორული სიყრუის მქონე 6 კვირიდან 18 თვემდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ჰქონოდათ ჭიპლარის სისხლი ჩორდ Bლოოდ ღეგისტრყ-ში. ანალოგიური კვლევა ჯორჯიის შტატშიც ტარდება. "ჩვენ პროცესის სათავესთან ვიმყოფებით, თუმცა მიღებული შედეგები დიდ იმედებს იძლევა", - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა სემი ფაჰრიმ. მერილენდელი ოტოლარინგოლოგის სტეფან ეპშტეინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბანკი ღეროვანი უჯრედებით კვლევებს აფინანსებს, ინტერესთა კონფლიქტი აქ ნაკლებსავარაუდოა. მუშაობა წარმოებს ორ დამოუკიდებელ დაწესებულებაში FDA-ს მიერ ნებადართული მეთოდებით და თუ შედეგები მსგავსი იქნება, სავსებით შესაძლებელია, მათ დავუჯეროთო, - აღნიშნა სპეციალისტმა.
კამპანია ანტიბიოტიკების წინააღმდეგ
ამერიკელ ბავშვებს იშვიათად მკურნლობენ ანტიბიოტიკებით. ასეთი მონაცემებია მოყვანილი დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ამერიკული ცენტრის (CDC) ანგარიშში 1993-2008 წლებში ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენების შესახებ. 90-იანი წლების შუალედში CDC-მ ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების კამპანია დაიწყო. კამპანიის მიზანი იყო ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის პროფილაქტიკა სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ბაქტერიებში. სპეციალისტები ერთ-ერთ ძირითად პრობლემად მიიჩნევენ ანტიბიოტიკების დანიშვნას ვირუსული რესპირატორული ინფექციების და გრიპის დროს. პედიატრმა კანეტ ბრომბერგმა აღნიშნა, რომ ექიმები ხშირად არ იცავენ CDC-ს რეკომენდაციებს და მშობლების ზეწოლით ბავშვებს ანტიბაქტერიულ საშუალებებს უნიშნავენ. CDC-ს ეპიდემიოლოგმა ლორი ჰიქსმა აღნიშნა, რომ მიღებული მონაცემები ადასტურებს სიტუაციის გაუმჯობესებას ანტიბაქტერიული საშუალებების დანიშვნასთან დაკავშირებით. CDC-ს ინფორმაციით, ამ პერიოდში 15 წლამდე ასაკის ამერიკელი ბავშვებისთვის ანტიბიოტიკებზე გამოწერილი რეცეპტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა. გარდა ამისა, 1/4-ით შემცირდა მწვავე რესპირატორული ინფექციების, ბრონქიტების, შუა ყურისა და ცხვირის სინუსების ანთების დროს ბავშვებისთვის დანიშნული ანტიბიოტიკების რაოდენობა.
ყური - მარგალიტის სათავსი
ამერიკელმა ექიმებმა ყურში მარგალიტი აღმოუჩინეს პაციენტს, რომელმაც ამ ძვირფასი ქვით 41 წელი გაატარა. ჯორჯიის შტატის ქალაქ ატენს-კლარკის მცხოვრები 46 წლის კელვინ რაიტი აღნიშნავს, რომ გარშემო მყოფები ყოველთვის აძლევდნენ შენიშვნას ხმამაღალი ლაპარაკის გამო, თუმცა თავად რაიტი ამას ვერ გრძნობდა. ამ ზამთარს კელვინმა ბრონქიტის ჩივილებით სენტ-მერის საავადმყოფოს მიმართა. პირველადი გასინჯვისას მიმღების ექთანმა ჰკითხა, ხმარობდა თუ არა ბამბის ჩხირებს. მას შემდეგ, რაც დადებითი პასუხი მიიღო, პაციენტს შეატყობინა, რომ ყურში ბამბის ბურთულას ხედავდა. ექთანი შეეცადა ყურიდან უცხო სხეული ამოეღო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ სასმენ ხვრელში იყო არა ბამბის ბურთულა, არამედ უფრო მკვრივი საგანი, პაციენტი ოტოლარინგოლოგთან გაგზავნა, მან კი ამ უკანასკნელს ყურიდან - არც მეტი, არც ნაკლები - მარგალიტი ამოუღო. აღმოჩნდა, რომ ხუთი წლის ასაკში კლარკმა თავის უმცროს დასთან ერთად თამაშის დროს დედის მარგალიტის მძივი გაწყვიტა და იატაკზე მოაბნია. თამაშისას მისმა დაიკომ ორი ცალი მარგალიტის ბურთულა კლარკის ყურში "დამალა". შინ დაბრუნებულმა დედამ თავისი ხუთი წლის "ომგადავლილი" ვაჟი საავადმყოფოში გააქანა, სადაც ექიმებმა ბიჭუნას ყურიდან უცხო სხეული ამოუღეს. მაგრამ, როგორც გამოირკვა, ერთი ცალი მარგალიტი მაინც დარჩენილა ყურში. ამდენი ხნის შემდეგ ყურიდან უცხო სხეულის ამოღების მერე პაციენტს სმენა საგრძნობლად გაუუმჯობესდა.