ანაფილაქსია - მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანაფილაქსია - მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა

- ტერმინი "ანაფილაქსია" ფრანგმა ფიზიოლოგმა შარლემ რიშემ შემოიღო, რომელმაც 1913 წელს ანაფილაქსიის გამოკვლევისთვის ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მიიღო. ანაფილაქსიური შოკი ანუ ანაფილაქსია ელვისებური ალერგიული რეაქციაა, რომელიც ვითარდება ორგანიზმის მგრძნობელობის მკვეთრი მომატების ფონზე ალერგენის (ცილის, შრატის, მედიკამენტის, მწერის შხამის და სხვა) განმეორებითი შეჭრის დროს. ანაფილაქსიური რეაქცია წამლისმიერი ალერგიის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა, რომელიც ათიდან 1-2 შემთხვევაში სიკვდილით მთავრდება.  სიკვდილის უშუალო მიზეზებია:

  • სასუნთქი გზების გამავლობის დარღვევა (ყველაზე ხშირად);
  • არტერიული წნევის მყარი დაქვეითება;
  • თავის ტვინის შეშუპება.

ანაფილაქსია მაშინ ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს განსაკუთრებულ ანტისხეულებს, რომლებიც საჭიროა იმ დაავადებების (იმ რეაქციების) წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომლებსაც იწვევს ორგანიზმში სრულიად უვნებელი ნივთიერებების მოხვედრა, მაგალითად, კვების გზით. საინტერესოა, რომ ამ ნივთიერებებთან პირველი კონტაქტის დროს ალერგიული რეაქცია შეიძლება არ აღიძრას, მაგრამ ორგანიზმი მაინც გამოიმუშავებს ანტისხეულებს, ამავე ნივთიერებასთან მეორე კონტაქტის დროს კი ანტისხეულები მოქმედებას იწყებენ და დიდი რაოდენობის ჰისტამინს წარმოქმნიან. სწორედ ჰისტამინი მიიჩნევა ანაფილაქსიის მიზეზად. ანაფილაქსიური შოკი ძალიან სწრაფად ვითარდება, როგორც წესი, ალერგენთან კონტაქტის შემდეგ რამდენიმე წამში ან წუთში (მაქსიმუმ 2 საათში). საინტერესო ის გახლავთ, რომ არც ალერგენის დოზას და არც ორგანიზმში მისი შეჭრის გზას (ჩასუნთქვით, კანზე თუ კანქვეშ მოხვედრით) ანაფილაქსიური შოკის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ანაფილაქსია შეიძლება ალერგენის უმნიშვნელო დოზამაც გამოიწვიოს. თუმცა აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ რომელიმე პრეპარატის დიდი დოზა შოკის სიმძიმესა და მიმდინარეობის ხანგრძლივობას საკმაოდ ზრდის.

ანაფილაქსიური შოკის მიზეზები

ანაფილაქსიური შოკი შეიძლება მოჰყვეს თერაპიულ და დიაგნოსტიკურ ჩარევებს, სადაც წამლების (პენიცილინი და მისი ანალოგები, სტრეპტომიცინი, ვიტამინი ბ1, ამიდოპირინი, ანალგინი, ნოვოკაინი და სხვა), იმუნური შრატების, იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების გამოყენებაა საჭირო, ასევე - ალერგენების საშუალებით ჰიპომასენსიბილიზებელ თერაპიასა და კანის სინჯებს, სისხლისა და ეგრეთ წოდებული სისხლის შემცვლელების გადასხმის დროს დაშვებულ შეცდომებს და სხვა. ანაფილაქსიის მიზეზად შეიძლება იქცეს საკვებიც: კაკალი, მოლუსკები (ლობსტერები, კრევეტები), რძის პროდუქტები, კვერცხის ცილა, ქუნჯუთი. ანაფილაქსიას ხშირად იწვევს კრაზანისა და ფუტკრის ნაკბენი. ანაფილაქსიური შოკი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა დატვირთვამ, სპორტულმა ვარჯიშმა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვარჯიშის ან დატვირთვის წინ ადამიანს ალერგიის გამომწვევი პროდუქტი აქვს მიღებული. მტვერმა და სხვა ალერგენებმა, რომლებიც ჰაერით გადაიტანება, იშვიათად შეიძლება ანაფილაქსიური რეაქცია გამოიწვიოს. არსებობს ნივთიერებები, რომლებიც ანაფილაქტოიდურ რეაქციას იწვევს. ამ ტიპის რეაქცია ძალიან ჰგავს ანაფილაქსიას და ისეთივე სერიოზული გართულებები მოჰყვება, როგორიც ამ უკანასკნელს. ანაფილაქტოიდური რეაქციის მიზეზი ყველაზე ხშირად არის თევზი, ლატექსი, ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატი, მაგალითად, პენიცილინი და სხვა.


პათოგენეზი

პათოგენეზის საფუძველია, თუ შეიძლება ასე ითქვას,  ელვისებური ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია. შოკის საერთო და განსაკუთრებით გამორჩეული ნიშანი - ეს უჯრედების მიერ ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამოტყორცნილი ჰისტამინისა და სხვა მედიატორების გავლენით ჯერ პერიფერიული, ხოლო შემდეგ ცენტრალური სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა. ამ დროს კანის საფარველი ცივია, სველი და მოლურჯო. თავის ტვინსა და სხვა ორგანოებში სისხლის ნაკადის შემცირების გამო ვითარდება მოუსვენრობა, ქოშინი, ცნობიერების არევა, ირღვევა შარდის გამოყოფის პროცესი.

ანაფილაქსიური შოკის სიმპტომები

პირველი სიმპტომი და, შეიძლება ითქვას, ანაფილაქსიური შოკის განვითარების წინმსწრები (მაუწყებელი) ნიშანი - ეს გახლავთ ორგანიზმის მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია იქ, სადაც ალერგენი მოხვდა (მაგალითად, მწერის ნაკბენის ან ინექციის ადგილას): უჩვეულო მკვეთრი ტკივილი, ძლიერი შეშუპება, შესივება და სიწითლე, კანის ძლიერი ქავილი, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელ კანზე (გენერალიზებული ქავილი). თუ ალერგენი ორგანიზმში საკვებთან ერთად მოხვდა, პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს მუცლის მკვეთრი, მჭრელი ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება, პირის ღრუსა და ხორხის შეშუპება. ზემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს სწრაფად ერთვის ხორხის შეშუპება, ბრონქოსპაზმი და ლარინგოსპაზმი (ხორხის ლორწოვანი გარსის სპაზმი), რომელსაც სუნთქვის მკვეთრი გაძნელება მოჰყვება. სუნთქვის გაძნელებას გახშირებული, ხმაურიანი, ხრინწიანი ("ასთმური") სუნთქვა მოსდევს. ვითარდება ჰიპოქსია (მდგომარეობა, როცა ორგანიზმი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის). ავადმყოფი ფერს კარგავს, ტუჩები, ხილული ლორწოვანი გარსები და კიდურების დისტალური ბოლოები (თითები) შეიძლება ციანოზური (მოლურჯო ფერის) გახდეს. ანაფილაქსიური შოკის დროს არტერიული წნევა მკვეთრად ეცემა და ვითარდება კოლაფსი (გულის მუშაობის დროებითი, უეცარი სისუსტე და სისხლძარღვთა ტონუსის დაცემა, რასაც თან ახლავს არტერიული წნევისა და ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება). პაციენტმა შეიძლება გონა დაკარგოს ან გული წაუვიდეს.

როგორ დიაგნოსტირდება ანაფილაქსია

ანაფილაქსიის დიზგნოზს სიმპტომებზე დაყრდნობით სვამენ. მწვავე, მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა იმ ადამიანებს უფრო დიდი აქვთ, რომლებიც ალერგიით იტანჯებიან. კანის სინჯი იმის დადგენაში გვეხმარება, რომელმა ალერგენმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ალერგიული რეაქცია, თუმცა ამ ტესტის ჩატარება არ ღირს, თუ არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ალერგენმა შეიძლება ანაფილაქსია გამოიწვიოს.

მკურნალობა

სპეციფიკურ მკურნალობაში მთავარ როლს ასრულებს გულდასმით შედგენილი ანამნეზი სპეციფიკური ანტიგენის გამოვლენის მიზნით. შეიძლება მოვისმინოთ ჩივილები, რომ ადამიანს რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა გამონაყარი, ხველა, ცემინება, უჭირდა სუნთქვა, გრძნობდა სიკვდილის შიშს. დათვალიერებისას შეიძლება აღმოვაჩინოთ ლოკალური ან დიფუზური გამონაყარი. ანაფილაქსიური შოკის ტიპური ნიშანია შეშუპება, რომელზეც ხელის დაჭერის შემდეგ თითის კვალი არ რჩება. იშვიათად ვითარდება ანგიოედემა (ანგიონევროლოგიური შეშუპება, შეშუპება, რომელიც ჭინჭრის ციების დროს განვითარებულ შეშუპებას ჰგავს, მაგრამ კანქვეშ წარმოიშობა და არა კანის ზედაპირზე), დიფუზური ბრონქოსპაზმი. გამოხატული ანაფილაქსიური რეაქცია ღრმა ჰიპოტენზიით (დაბალი არტერიული წნევა) და სისხლძარღვოვანი კოლაფსით მიმდინარეობს. მკურნალობა იწყება შემანარჩუნებელი თერაპიით. საჭიროა ანტიჰისტამინური პრეპარატის, მაგალითად, დიმედროლის კუნთში ან ვენაში შეყვანა. შესაძლებლობის ფარგლებში შეიძლება ლახტის დადება მწერის ნაკბენის პროქსიმულად (ზემოთ) - ამან შესაძლოა შეამციროს სისხლის ნაკადში ანტიგენის მოხვედრა. ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ობსტრუქციისას (სპაზმი ან შეშუპება) საჭიროა ორგანიზმის ჟანგბადით უზრუნველყოფა და ადრენალინის შეყვანა კანქვეშ. ნაჩვენებია კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათ არ ახასიათებთ სწრაფი ეფექტი. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების უეფექტობის შემთხვევაში აუცილებელია ინტუბაცია ან ტრაქეოსტომის დადება და მისი მართვა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პირობებში. დაბალი არტერიული წნევის საკორექციოდ ვენაში შეჰყავთ სპეციალური სითხეები. ავადმყოფის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანის შემდგომ აუცილებელია დადგინდეს მაპროვოცირებელი ფაქტორი, რათა მასთან განმეორებითი კონტაქტი გამოირიცხოს.

ანაფილაქსიური შოკის პროფილაქტიკა

ანაფილაქსიური რეაქციის პრევენცია გაცილებით მარტივია, ვიდრე მკურნალობა. იმისთვის, რომ ანაფილაქსიური შოკის განვითარება თავიდან ავიცილოთ, პირველ რიგში, აუცილებელია, თავი ვარიდოთ პოტენციურ ალერგენებთან კონტაქტს. იმ პაციენტებმა, რომლებმაც იციან, რომ რაიმეზე (წამლებზე, საკვებზე, მწერების ნაკბენზე და სხვა) ალერგიულები არიან ან მაღალი ალერგიული პოტენციალი აქვთ, ჯობს ან მთლიანად აიკრძალონ მსგავს ალერგენებთან კონტაქტი, ან საჭიროების შემთხვევაში მათ დიდი სიფრთხილით, მხოლოდ კანზე ჩატარებული ტესტების შედეგების გათვალისწინებით დაენიშნოთ ესა თუ ის პრეპარატი. გარდა ამისა, თუ გაქვთ ალერგია კრაზანების, ფუტკრებისა და სხვა მწერების ნაკბენზე ან რომელიმე სხვა ალერგენზე, რომელსაც ანაფილაქსიური შოკის გამოწვევა შეუძლია, ჯობს ყოველთვის მზად იყოთ საშიში მდგომარეობისთვის: სთხოვეთ თქვენს მკურნალ ექიმს ეპინეფრინის (ადრენალინის) გამოწერა, მუდამ თან იქონიეთ ამ პრეპარატის ინექციისთვის განკუთვნილი ნაკრები; თუ აღმოჩნდით იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ანაფილაქსიურ შოკშია, დაუყოვნოებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება - დაზარალებულს შეიძლება დასჭირდეს გულ-ფილტვის რეანიმაცია და სხვა გადაუდებელი დახმარება, რომელიც ორგანიზმის ცხოველმოქმედების აღდგენისკენ არის მიმართული. აუცილებელია, ყველა ექიმს, რომელთანაც კი მოგიხდებათ ურთიერთობა, აუწყოთ ამა თუ იმ მედიკამენტზე თქვენი ალერგიის შესახებ. სამედიცინო სამაჯურებისა და კულონების ტარებაც კარგი იდეაა - მათ თქვენი გადარჩენა ძალუძთ: შეტევის შემთხვევაში ისინი გარშემო მყოფებს აუწყებენ, რომ თქვენ ალერგია გაქვთ.