თამბაქო და მშობლის მაგალითი
გისაუბრიათ ამაზე შვილებთან? შეგიფასებიათ საკუთარი თავი როგორც ავტორიტეტი ან მაგალითი? არსებობს სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგები, რომლებიც მშობლებს დაეხმარება, უკეთ გააცნობიერონ და შეაფასონ ბავშვებზე თავიანთი გავლენა და სათანადო დასკვნები გამოიტანონ. სოციოლოგიურ გამოკვლევაში 12-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები და მათი მშობლები მონაწილეობდნენ. გასაუბრების პარალელურად მოზარდებს სთხოვეს, შეევსოთ კითხვარები, რომლებიც შეიცავდა რამდენიმე კითხვას თამბაქოსადმი მათი დამოკიდებულებისა და მოწევის მიზეზების შესახებ. დასკვნები ასეთი აღმოჩნდა:
- მშობელთა უმრავლესობას ესმის, რა მნიშვნელობა აქვს მოზარდთა შორის თამბაქოს წევის პროფილაქტიკას, თუმცა ამას ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევენ. პირველი ადგილი, მათი აზრით, სოციალურ პრობლემებს უნდა მივაკუთვნოთ.
- თამბაქოს წევისაკენ მოზარდთა სწრაფვა განსაკუთრებით დედებს აშფოთებთ, უფრო - მათ, ვინც არ ეწევა. მწეველი დედები და მამები ამ პრობლემას ისე მწვავედ არ განიცდიან.
- საერთო ჯამში, მოზარდებსაც და მათ მშობლებსაც თამბაქოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ - მოწევას მიიჩნევენ უსარგებლო და მავნე ჩვევად, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
- საფრთხე, რასაც ორგანიზმს თამბაქოს მოწევა უქადის, მშობლებისთვისაც და მოზარდებისთვისაც კარგად არის ცნობილი, თუმცა არამწეველის დადებითი ხატი მათ წარმოდგენაში ჩამოყალიბებული არ არის, ან ნაკლებად გავრცელებულია.
- მშობლებიცა და მოზარდებიც კარგად აცნობიერებენ, რა ზიანს აყენებს თამბაქო ჯანმრთელობას. ქალებისა და გოგონების შეფასება უფრო მწვავეა, ისევე როგორც არამწეველი უფროსებისა და არამწეველთა ოჯახებში აღზრდილი ბავშვებისა.
- მშობლების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ ნაკლებმოსალოდნელია, დედ-მამის მაგალითმა მოზარდს მოწევის მოთხოვნილება გაუღვივოს ან თამბაქოზე უარი ათქმევინოს. მათი აზრით, ტელე- და კინოპროგრამების მაგალითი უფრო ძლიერ გავლენას ახდენს.
- სინამდვილეში მწეველთა შვილები უფრო ხშირად იწყებენ თამბაქოს მოწევას. ასეთი ბავშვების ორი მესამედი მოზარდ ასაკში სიგარეტს ერთხელ მაინც უსინჯავს გემოს. არამწეველთა ოჯახებში აღზრდილთა შორის ასეთი ბავშვი გაცილებით ნაკლებია - 41%. ამასთანავე, მწეველთა შვილები მოწევას საშუალოდ ერთი წლით ადრე იწყებენ, ვიდრე არამწეველებისა.
- დამტკიცებულია, რომ მწეველი მშობლების მაგალითი მოზარდებს მოწევის ჩვევას განუმტკიცებს.
- ბიჭები გოგონებზე ხშირად და, ამასთანავე, უფრო თამამად ეჩვევიან მოწევას. საზოგადოებრივი აზრიც, როგორც წესი, ვაჟებს უფრო შემწყნარებლურად ექცევა, ვიდრე გოგონებს.
- გოგონები ჯერჯერობით უფრო ნაკლებად ეტანებიან სიგარეტს, მოწევასთან დაკავშირებული ტაბუ მათზე უფრო მეტად მოქმედებს, მაგრამ თუ თამბაქოს მოწევა დაიწყეს, უფრო ხშირად ყალიბდებიან მწეველებად.
- ბოლო ხანს მოზარდ გოგონებს შორის თამბაქოთი გატაცების ტენდენციამ შესამჩნევად იმატა.
- მოზარდთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ მშობლებმა იციან თამბაქოთი მათი გატაცების შესახებ, ამასთანავე, ვაჟები უფრო ნაკლებად მალავენ ამ ჩვევას, ვიდრე გოგონები.
- მწეველთა შვილების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მოწევის მავნებლობაზე მშობლებთან ერთხელ მაინც უსაუბრიათ და ამის წყალობით უკეთ იციან, რა ზიანს აყენებს თამბაქო ჯანმრთელობას, ვიდრე არამწეველთა შვილებმა.
დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სიგარეტის მოწევა მრავალ მძიმე დაავადებას უდებს სათავეს. დედამიწის მილიონობით მკვიდრი ჩაისუნთქავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებსაც თამბაქოს კვამლი შეიცავს. თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებები მსოფლიოში ყოველწლიურად ოთხ მილიონ კაცს ემართება.
მოწევა და დეპრესია
მწეველ მოზარდებს დეპრესია უფრო მეტად ემუქრებათ. გარდა ამისა, თამბაქო კიბოს განვითარებას უწყობს ხელს და მკვეთრად აქვეითებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. მაშასადამე, მწეველი მოზარდის ორგანიზმი და ფსიქიკა მკვეთრად უარყოფით ცვლილებებს განიცდის. მოზარდის თამბაქოთი გატაცებას პროვოცირებას უმეტესად მშობლების ან უფროსი და-ძმის მავნე მაგალითი უწევს. ზოგიერთი მოზარდი სიგარეტის მეშვეობით ცდილობს კომპლექსებისგან გათავისუფლდეს და უფრო დიდი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია, ზოგიერთი კი მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო ხდება მწეველი, საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს ატარებს, ხოლო შედეგზე ფიქრით, ბუნებრივია, თავს არ იწუხებს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თინეიჯერები მოწევას იწყებენ, ფსიქოემოციური პრობლემებია (მათ შორის - შინაგანი დაძაბულობა), თუმცა ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ამა თუ იმ მოვლენაზე მათი რეაქციაც სხვადასხვაგვარია. პირველმა გამოკვლევებმა, რომლებიც ემოციებსა და თამბაქოს მოხმარებას უკავშირდებოდა, აჩვენა, რომ ადრეულ ასაკში მოწევას უმთავრესად ექსტრავერტები იწყებენ - ემოციურად ღია, ენერგიული ადამიანები, რომლებსაც აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია უკავიათ, ხოლო XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ემოციურად და სოციალურად დათრგუნული ახალგაზრდები მოწევისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი. ამჟამად ახალგაზრდა მწეველის ფსიქოლოგიური ტიპი ისეთი აღარ არის, როგორიც წინათ, თამბაქოს კვამლი არათუ ვერ აქრობს უსიამოვნო განწყობას, შფოთვას, დაძაბულობას, არამედ აღრმავებს კიდეც. ასე რომ, უფროსებსაც უნდა გვესმოდეს და მოზარდებსაც უნდა ავუხსნათ ურთიერთკავშირის მარტივი ჯაჭვი: სტრესი - მოწევა - კიდევ უფრო ძლიერი სტრესი.