სახისა და კისრის კისტები
გვერდითი კისტები
გვერდითი კისტები უმთავრესად სისხლძარღვოვან-ნერვული კონების ქვეშ მდებარეობს, ამიტომ მსუქან ადამიანებში, თუ მათი ზომა არც ისე დიდია, შესაძლოა დიდხანს, წლების მანძილზე შეუმჩნეველი დარჩეს. ისინი მოძრავი, სხვადასხვა ზომის, 10 სმ-მდე დიამეტრის წარმონაქმნებია. ხელით ისინჯება კისტის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც კუნთის ზევითაა, მისი დიდი ნაწილი კი კუნთშია, სიღრმეშია და არ ისინჯება. ზოგჯერ, ღრმა მდებარეობისას, კისტის სრული, ჭეშმარიტი ზომის კლინიკურად დადგენა ძნელია. ასეთ დროს სპეციალისტებს დახმარებას უწევს კისრის რენტგენოგრაფია, რომელიც კისტის სრული ფორმისა და ზომის დადგენის საშუალებას იძლევა. გვერდითი კისტა ყველაზე ხშირად ხელით მკერდ-ლავიწ-დვრილისებური კუნთის კიდეში ისინჯება, შედარებით იშვიათად კი მის უკან. ზოგჯერ ასეთი კისტები კისრის გვერდით კუნთებზეც ფორმირდება. დიდი ზომის წარმონაქმნები კუნთების ნაწილობრივ განლევა-ატროფიას იწვევს. გვერდით კისტებს ბავშვის დაბადებისთანავე აღმოაჩენენ. მოგვიანებით ისინი საკმაოდ იოლი სადიაგნოზოა, შეუიარაღებელი თვალითაც მშვენივრად ჩანს კისერზე სიმსივნური შემკვრივებების სახით, შესაძლოა რბილი კონსისტენციისაც იყოს. კისტების შიგთავსი, ჩვეულებრივ, გაუმჭვირვალეა და დიდი რაოდენობით შეიცავს ქოლესტერინის კრისტალებს, რაც საკმაოდ ადვილი დასადგენია შიგთავსის მიკროსკოპით დათვალიერებისას, მცირე გადიდების პირობებშიც კი. როცა კისტის კედელი ცილინდრული ეპითელიუმით არის ამოფენილი, შიგთავსი გამჭვირვალეა და ლორწოვან სითხეს წარმოადგენს. შედარებით სქელი ქსოვილოვანი, მრავალფენიანი კედლის არსებობისას შიგთავსი სეროზულ ჯირკვლებსა და კუნთოვანი ბოჭკოების კონებს შეიცავს. შესაძლოა მასში საოფლე, ცხიმის ჯირკვლები და თმის ბოლქვებიც კი იყოს.
გვერდითი კისტების ფორმები
მდებარეობის მიხედვით კისრის გვერდითი კისტების 4 ჯგუფი განირჩევა:
1. კისტები, რომლებიც არ არის შეზრდილი კანთან, კარგად ისინჯება კანქვეშ ხელით კისრის გვერდით კუნთებზე და მოძრაობს ნებისმიერი მიმართულებით;
2. კისრის სიღრმეში, დიდ სისხლძარღვებსა და იშვიათად ვენაზე შეზრდილი კისტები;
3. გარეთა და შიგნითა საძილე არტერიებს შორის მდებარე კისტები, რომლებიც ხორხის გვერდით კედელზეც გადადის, ზოგჯერ ქალას ფუძემდე იზრდება;
4. კისტები, რომელთა კედლებიც დაფარულია ცილინდრული ეპითელიუმით და მდებარეობს საძილე არტერიის გვერდით - ხორხის კედლის მეზობლად.
დამახასიათებელი ნიშნები
დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ კისრის ყველა კისტა თანდაყოლილია. მათ ადრეულ ასაკშივე აღმოაჩენენ, უფრო ხშირად - ბავშვობასა და მოზარდ ასაკში. პაციენტები მიმართავენ სპეციალისტს კისრის არეში გაჩენილი სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნის გამო, რომელსაც ზოგჯერ შემთხვევით აღმოაჩენენ კისრის ულტრაბგერითი გამოკვლევისას. კისტისთვის დამახასიათებელი ძირითადი სიმპტომები თანდათანობით ვითარდება უმტკივნეულო სიმსივნის სახით ქვედა ყბის კუთხესთან და მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის წინა კიდესთან. გვერდითი კისტების ძირითადი ნიშანია შემოსაზღვრული შესივება კისრის ზედა მესამედში - ქვედა ყბის კუთხესთან, უპირატესად ცალ მხარეს. ისინი, ჩვეულებრივ, ნელ-ნელა იზრდებიან, თუმცა მათ სწრაფ ზრდას დიდად უწყობს ხელს ტრავმები. როდესაც კისტა საყლაპავში იზრდება, შესაძლოა დროებით `გაქრეს~ კიდეც. დიდი ზომის კისტები არღვევენ ყლაპვის აქტს, ზღუდავენ ხორხის მოძრაობას და იწვევენ ხვრინვას. თუ კისტაში ანთებითი პროცესი განვითარდა, მისი ლოკალიზაციის ადგილას კანი წითლდება და ხელის დადებისას მტკივნეული ხდება.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია კისრის გვერდითი კისტების განსხვავება ისეთი წარმონაქმნებისგან, როგორიცაა დერმოიდული კისტა, ჰემანგიომა ან ლიმფანგიომა, პირველადი ლიმფომა, ლიპომა, ნეიროფიბრომა, ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, საძილე არტერიის ანევრიზმა და სხვა. საბოლოოდ დიაგნოზი ზუსტდება წარმონაქმნის პუნქციის შემდგომ, ხდება კისტის შიგთავსის ამოღება და მისი ლაბორატორიული გამოკვლევა. კონტრასტული რენტგენოგრაფიით კი მის ზომებსა და ზუსტ ადგილმდებარეობას ადგენენ. გვერდითი კისტების აღმოჩენას ხშირად წინ უსწრებს ინფექციური პათოლოგიები: ანგინა, გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადებები.
კისრის შუა კისტები და ფისტულები
კისრის შუა კისტები კისრის შუახაზის სიგრძეზე მდებარეობს და რბილი, ელასტიკური კონსისტენცია აქვს. ხელით შეხებისას უტკივნეულოა. ამ სახის კისტები პრაქტიკულად ყოველთვის ნიკაპქვეშ წარმოიქმნება და მათი განვითარების წყაროა ენისქვეშა ძვალი, ამიტომ ყლაპვისას ადვილი შესამჩნევია ენისქვეშა ძვლის ზევით არსებული სიმსივნური წარმონაქმნი. დათვალიერებისას კარგად ჩანს, როგორ მოძრაობს იგი ყლაპვისას ენისქვეშა ძვალთან ერთად. კისრის შუა კისტების დიამეტრი არ აღემატება 2-3 სმ-ს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად შიგთავსის რაოდენობა იმატებს და კისტაც იზრდება.
დამახასიათებელი ნიშნები
შუა კისტების ინფიცირების შემთხვევაში თავს იჩენს ადგილობრივი სიმპტომები - კანის შეწითლება, შესივება, სხეულის ტემპერატურის მატება და ტკივილი ყლაპვისას. დაჩირქების მიზეზი კისტაში სისხლის ნაკადთან ერთად ბაქტერიების მოხვედრაა. ინფიცირება შესაძლოა მოხდეს იმ პატარა ხვრელმილებით, რომლითაც კისტა პირის ღრუში აღწევს.
შუა კისტის ფისტულები
შუა კისტის ფისტულები ინფიცირებული კისტის თვითნებური გახსნის შედეგად ყალიბდება. ზოგჯერ ამის მიზეზი კისრის არეში ჩატარებული ქირურგიული ოპერაციაა. ფისტულები ზოგჯერ პატარა და წვრილია, ზოგჯერ კი საკმაოდ დიდი ზომისა და, ჩვეულებრივ, ენისქვეშა ძვლისკენ მიემართება. აღსანიშნავია, რომ ფისტულა გაცილებით იოლად ამოსაცნობია, ვიდრე თავად კისრის შუა კისტა. ფისტულიდან მუდმივად გამოედინება სეკრეტი, რის გამოც მის ირგვლივ კანი შეწითლებულია და იწვევს ანთებით პროცესს, მოგვიანებით კი შესაძლოა მწვავე ანთებაც განვითარდეს. ფისტულის სიგრძეს ადგენენ რენტგენოკონტრასტული ფოსტულოგრაფიით ან ფისტულაში გემოვნებითი ნივთიერების შეყვანით. თუ ამ შემთხვევაში პაციენტმა რაიმე გემო შეიგრძნო, ეს სრული ფისტულის არსებობას ადასტურებს. სრული ფისტულის დანახვა შესაძლებელია პირის ღრუში ენაზე შპადელის დაჭერით. მისი არხის სიგრძე 8 მმ-დან 2 სმ-მდე მერყეობს. მისი აღმოჩენისას აუცილებელია კისრის ულტრაბგერითი გამოკვლევა და კისრის განყოფილების კომპიუტერული ტომოგრაფია.
როგორ მკურნალობენ კისრის კისტებს?
როგორც გვერდითი, ისე კისრის შუა კისტების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი. ამასთან, აუცილებელია დროულად მოიკვეთოს, რათა ავთვისებიან წარმონაქმნებად არ გადაგვარდეს. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია ის კისტები, რომელთა შიგთავსიც უხვად შეიცავს ქოლესტერინის კრისტალებს. ის პაციენტები, რომელთაც ამგვარი კისტა აქვთ, ოპერაციამდე აუცილებლად უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. სასკოლო ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების მკურნალობა მაშინვე შეიძლება, როგორც კი კისტას აღმოაჩენენ, გაცილებით პატარების ოპერირება კი შესაძლებელია მხოლოდ სამი წლის შემდგომ. გაუტკივარება ზოგადი ანესთეზიით ხდება, თუმცა ზოგიერთ მოზრდილ პაციენტს ოპერაცია შეიძლება ადგილობრივი გაუტკივარებითაც ჩაუტარდეს. ოპერაციული მკურნალობის მიზანია, კისტა ფაქიზად, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების, სისხლძარღვებისა და ნერვების დაუზიანებლად მოიკვეთოს. სწორედ ფაქიზად მოკვეთას ართულებს მწვავე ანთებითი პროცესი, რადგან ირგვლივ მდებარე ქსოვილები შეშუპებულია და გამქრალია საზღვრები სხვადასხვა ანატომიურ წარმონაქმნს შორის. კარგად შესრულებული ოპერაციის შემთხვევაში კისტა სცილდება სხეულს კედლის მთლიანობის დაურღვევლად, რაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან თუ ოპერაციის მსვლელობისას კისტის კედელი დაზიანდა, მისი შიგთავსი ჩაიღვრება საოპერაციო არეში და გაჩნდება ინფიცირების რისკი. შუა კისტების ამოკვეთისას აუცილებელია ენისქვეშა ძვლის იმ ნაწილის მოცილება, საიდანაც კისტა აღმოცენდა. უამისოდ მოსალოდნელია კისტის რეციდივი - ხელახალი განვითარება. კისტის ქირურგიული მოცილების შემდეგ ტარდება ანთების, დაჩირქებული არის ლიკვიდაცია და სანაცია. ოპერაციის შემდეგ პაციენტი საკმაოდ მოკლე ხანში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.
შეიძლება თუ არა ამოკვეთის გარეშე კისტების მკურნალობა?
არის შემთხვევები, როდესაც კისტას უბრალოდ ხსნიან და მის შიგთავსს იღებენ. ეს პროცედურა მაშინ ტარდება, როდესაც კისტის ირგვლივ მწვავე ანთებითი პროცესია და მისი ამოკვეთა არ შეიძლება. მაგრამ შიგთავსის პუნქციურად ამოღება არ არის მკურნალობა, რადგან რჩება კისტის კედელი, რომელიც გარკვეული ხნის შემდეგ კვლავ შიგთავსით ივსება. რამდენადაც კისტა ყოველთვის ტოვებს ანთების განვითარების საფუძველს, ნებისმიერ შემთხვევაში მათი ამოკვეთა ჯობს.