News
ამერიკის შეერთებული შტატების მედიკამენტებისა და სურსათის სამმართველომ (FDA) დადებითად შეაფასა გულის სარქვლის ახალი პროთეზი, რომლის გამოცვლაც შესაძლებელია არა ღია გულზე, არამედ კათეტერის დახმარებით. მსგავსი პროთეზების გამოყენება უკვე იყო ნებადართული, მაგრამ ისინი გამიზნული გახლდათ უფრო ადვილად ხელმისაწვდომი სარქვლებისთვის - ისეთებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ფილტვის არტერიის სარქველი.
პროთეზი შაპიენ კომპანია Edwards Lifesciences-მა შეიმუშავა. ეს პირველი პროთეზია, რომელიც აორტის სარქვლის შემცვლელად მოიაზრება. დღეს აორტის სარქვლის პროთეზირება მოითხოვს რთულ ოპერაციას ღია გულზე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 50 აორტის სარქვლის პროთეზირება ათასამდე ასეთი ოპერაცია კეთდება. მაგრამ ათეულათასობით პაციენტისთვის ასეთი ჩარევა უკუნაჩვენებია ასაკის ან მდგომარეობის სიმძიმის გამო. ახალი პროთეზი კი აორტაში ბარძაყის არტერიიდან შეჰყავთ, რაც გაცილებით ადვილი ასატანია.
FDA-მ დადებითი შეფასება გასცა კლინიკური კვლევის საფუძველზე, რომელშიც 365 არაოპერაბელური ავადმყოფი მონაწილეობდა. ასეთი მეთოდით ჩატარებული ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ მათი 70% იყო ცოცხალი, ხოლო საკონტროლო ჯგუფში, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობას იტარებდა - 50%. მონაწილეებზე დაკვირვება დღემდე გრძელდება. დღევანდელი შეფასებით, ახალი სარქვლის მიღება ყოველწლიურად 20 ათასამდე ამერიკელს შეეძლება. კლინიკური გამოცდილების დაგროვებასთან ერთად პროტეზმა შესაძლოა ნაწილობრივ შეავიწროოს ოპერაციები ღია გულზე. არსებობს ალბათობა, რომ მისი ჩანერგვა წელიწადში 50-დან 80 ათასამდე მიაღწევს.
ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის პრეზიდენტმა, მეიოს კლინიკის კარდიოლოგმა, დევიდ ჰოლმსმა განაცხადა, რომ ავადმყოფებს, რომლებიც აქამდე არაოპერაბელურად მიიჩნეოდნენ, შაპიენ-ი გამოჯანმრთელების შანსს აძლევს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ერთი ასეთი სარქველი 30 ათას დოლარი ღირს, რაც მკურნალობის საერთო ღირებულებას 70 ათას დოლარამდე ზრდის, ეს კი ჩვეულებრივი ოპერაციის ღირებულებას 20 ათასით აღემატება.
მუცლის ღრუში მფეთქავი გული
ნოვოროსიისკის საავადმყოფოში გულის იშვიათი მანკით დაავადებული წლინახევრის გოგონა დააწვინეს. მისი გული არა გულმკერდის ყაფაზში, არამედ მუცლის ღრუში ფეთქავს. ნოვოროსიისკის ბავშვთა საავადმყოფოს სარეანიმაციო განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ასეთი რამ მან ბოლოს 15 წლის წინ ნახა.
გოგონას გული მხოლოდ მდებარეობით კი არ იპყრობს ყურადღებას, არამედ იმითაც, რომ ხუთ მეზობელ ორგანოსთან არის შეხორცებული. გოგონას დახმარება მოსკოვის ბაკულევის სახელობის კარდიოლოგიური ცენტრის ექიმებმა იკისრეს. ბავშვს დაენიშნა ოპერაციების მთელი წყება. ერთი უკვე გაკეთდა. მომდევნო დაგეგმილია მას შემდეგ, რაც პატარა პაციენტს ორი წელი შეუსრულდება. ამჟამად გოგონას მედიკამენტურ მკურნალობას უტარებენ.
გულის ექტოპია (არასწორი მდებარეობა) უკიდურესად იშვიათია - მილიონ ახალშობილზე 7-8 შემთხვევა. ასეთი მანკის მქონე ბავშვების უმეტესობა მკვდარი იბადება ან დაბადებისთანავე კვდება. ექტოპიის განვითარების მიზეზი უცნობია. 2004 წელს დიდ ბრიტანეთში ანალოგიური მანკის მქონე გოგონა დაიბადა, მაგრამ მას გული მუცლის ღრუში კი არა, გულმკერდის ყაფაზის გარეთ ჰქონდა. გოგონას რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა.