მომავლის ტექნოლოგია ღეროვანი უჯრედები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მომავლის ტექნოლოგია ღეროვანი უჯრედები

- ბატონო გოჩა, რას წარმოადგენს ღეროვანი უჯრედი, რა ფუნქცია და დანიშნულება აქვს მას?

- ღეროვანი უჯრედი - ეს არის მოუმწიფებელი ახალგაზრდა უჯრედი, რომელსაც შესწევს თვითგანახლებისა და პარალელურად დიფერენცირების უნარი, ანუ იგი წარმოქმნის ქსოვილებს, უჯრედებსა და ორგანოებს. ყველაზე მძლავრი ღეროვანი უჯრედი - ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი სიცოცხლის დასაბამი, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. მისგან ვითარდება ადამიანის ორასზე მეტი ტიპის უჯრედი, რომელთა საერთო რაოდენობა 100 ტრილიონამდეა. ტერმინი "ღეროვანი უჯრედი" პირველად 1908 წელს გამოიყენეს. ის მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან "შტამცელე" ("შტამ" - ღერო, დასაწყისი, საფუძველი, "ცელე" - უჯრედი). ეს მართლაც არის საფუძველი უჯრედი, დასაბამი უჯრედი. ძალიან კარგად ჟღერს მისი სახელწოდება ესპანურად: "ცელულა მადრე" - დედა უჯრედი. ჩემი აზრით, ეს უფრო მართებული სახელწოდებაა, რადგან დედა ყველაფრის საწყისია. რაც უფრო იმატებს ორგანიზმის ასაკი, მით უფრო მცირდება ღეროვანი უჯრედების პოტენციალი. ეს მეტად მნიშვნელოვანია. სიბერეც, შეიძლება ითქვას, ღეროვანი უჯრედების დეფიციტით არის გამოწვეული, იმიტომ, რომ ღეროვანი უჯრედი არის ორგანიზმში რეგენერაციის, თვითაღდგენის ერთადერთი წყარო. ორგანიზმი მუდმივად ცვდება და ღეროვანი უჯრედები რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, დაბერება და კვდომა გაცილებით ადრე მოხდებოდა.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ ღეროვან უჯრედებს გარედან შევიყვანთ ადამიანის ორგანიზმში ან, პირიქით, გავააქტიურებთ იმ პროცესს, რომ ღეროვანი უჯრედების აქტიურობა სიბერესთან ერთად არ დაქვეითდეს, ეს მარადიული სიცოცხლის წინაპირობა იქნება?

- მსგავსი თეორიები უკვე არსებობს და ზოგიერთი მეცნიერი სიცოცხლის მათუსალას ასაკამდე გაზრდასაც წინასწარმეტყველებს, მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ მოსაზრებათა დონეზეა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სიცოცხლის გახანგრძლივება შესაძლებელია და სწორედ ეს აძლევს აზრს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვას. საქმე ის გახლავთ, რომ პლაცენტაში რჩება 40-დან 200 მილილიტრამდე სისხლი. ეს ის ნაშთია, რომელიც ბავშვს სრულიად არ სჭირდება. სამოციან წლებში ყურადღება მიაქციეს იმას, რომ შესაძლოა ამ სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედები, - ძირითადად ეს სისხლმბადი ღეროვანი უჯრედებია, - მეტად მნიშვნელოვანი იყოს მომავლისთვის. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ამ ღეროვანი უჯრედების პოტენციალი ძვლის ტვინში არსებულისაზე 30-250-ჯერ მეტი გახლავთ. მოზრდილი ადამიანის ღეროვან უჯრედებზე, რომელთა სამარაგო ადგილი ძვლის ტვინი და ცხიმოვანი ქსოვილია, მზის, კოსმოსური და დედამიწაზე არსებული რადიაცია, ქიმიური რეაგენტები, საკვები და ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, სტრესები მოქმედებს, ჭიპლარის სისხლში არსებული ღეროვანი უჯრედები კი ნული დღისაა, სულ ახალი და, ასე ვთქვათ, დაუზიანებელია. ასე რომ, თუ მათ შევაგროვებთ და შევინახავთ, მომავალში მათი გამოყენებით შესაძლოა სასწაულებრივი შედეგები მივიღოთ. ამ უნიკალური უჯრედების შეგროვება ჩვილის დაბადებიდან 15 წუთში უნდა მოხდეს.

- სასწაულებრივი შედეგები ახსენეთ. მაინც რა სასწაულს გულისხმობთ?

- ჭიპლარის სისხლის პირველი ტრანსპლანტაცია 1988 წლის 6 ოქტომბერს, საფრანგეთში მოხდა, ეს ისტორიული თარიღია. პაციენტს, ექვსი წლის ბავშვს, იშვიათი გენეტიკური დაავადება - ფანკონის ანემია ჰქონდა, რომელიც ხშირად ლეტალურად მთავრდება. ასეთი პაციენტები 30 წლამდე ცოცხლობენ. ბავშვს დის ჭიპლარის სისხლიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. ეს პაციენტი დღესაც ცოცხალი და ჯანმრთელია. სადღეისოდ 20 ათასზე მეტი პაციენტი 80-მდე დაავადებისგან, რომელთა შორის უმრავლესობა ლეტალური შედეგით სრულდებოდა, ღეროვანი უჯრედების მეშვეობით განიკურნა. 700 მათგანს თავისივე ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. ალბათ, ის დაავადებებიც დაგაინტერესებთ, რომელთა დროსაც ხდება ღეროვანი უჯრედების გამოყენება. ესენია ლეიკემიები - მისი მწვავე ფორმებიც და ქრონიკულიც, ლიმფომები - მწვავე და ქრონიკული ფორმები, მიელოდისპლაზიური სინდრომი; არაონკოლოგიური დაავადებებიდან - ჰემოგლობინოპათიები - თალასემია და ნამგლისებრი ანემია; იშვიათი გენეტიკური დაავადებები - მუკოპოლისაქარიდოზები, ლიპიდოზები...


- როგორ ხდება ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვა?

- ეს ძალზე დახვეწილი პროცესია. სისხლს სპეციალურ პაკეტებში აგროვებენ ასეპტიკის წესების სრული დაცვით მას შემდეგ, რაც ჭიპლარი გადაიკვანძება, ამიტომ ბავშვს არაფერი აკლდება. მომდევნო 24 საათის მანძილზე, - თუმცა აშშ-ში სტანდარტი 48 საათია, - უნდა დაიწყოს მისი დამუშავება. 24 საათზე ნაკლებ ხანში ჭიპლარის სისხლი ჩვენს ბანკში შემოდის, სადაც მიმდინარეობს სისხლის დამუშავება. სისხლს სცილდება ერითროციტები, რომელიც ბალასტს წარმოადგენს; დარჩენილი მასა, დაახლოებით 20 მილილიტრამდე - უკვე ღეროვანი უჯრედებია. დიდხანს შესანახად ისინი უნდა გაიყინოს ძალიან დაბალ ტემპერატურამდე. გაყინვა ხდება თხევადი აზოტის პროგრამირებულ გამყინავში. იგი უჯრედებს წუთში მინუს ერთი გრადუსით ყინავს. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამ პირობებში უჯრედები სიცოცხლისუნარიანობას მაქსიმალურად შეინარჩუნებს. გაყინული მასა გადააქვთ სპეციალურ საცავში, - აქაც თხევადი აზოტია გამოყენებული, - და მინუს 150-დან მინუს 196 გრადუსამდე ტემპერატურაზე ინახავენ. მათემატიკური გამოთვლების თანახმად, მინუს 130 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე შენახული უჯრედების ერთადერთი დამაზიანებელი ფაქტორია კოსმოსური რადიაცია, გამოსხივება, რომლის მავნე მოქმედებამ თეორიულად შეიძლება 1000-2000 წლის შემდეგ იჩინოს თავი. ღმერთმა ყველა გვაცოცხლოს ამდენ ხანს.

- ჩვენთან თუ ყოფილა ღეროვანი უჯრედების გამოყენების შემთხვევები?

- პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ჩვენს ბანკში 1000-მდე ბავშვის ღეროვანი უჯრედები ინახება. ეს არის ოჯახური დონაცია, ანუ აქ ღეროვანი უჯრედები ინახება ან დედმამიშვილებისთვის, ან საკუთარი მიზნებისთვის. ჯერჯერობით ისინი არ გამოუყენებიათ. სხვათა შორის, მსოფლიოში არსებობს საჯარო ბანკიც, სადაც ღეროვანი უჯრედების ალტრუისტული დონაცია ხდება. ბანკი უჯრედებს ამუშავებს და იმუნოთავსებადობაზე იკვლევს, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად და სწრაფად გამოიყენონ. მსგავსი ბანკის შექმნის საკითხი ჩვენთანაც დგას დღის წესრიგში და ალბათ, განხორციელდება კიდეც. ეს მომავლის ინვესტიციაა.

- აქვე უნდა გკითხოთ ღირებულების შესახებ. რა თანხა დამჭირდება, ჩემი ღეროვანი უჯრედები რომ შევინახო და გამოყენების შემთხვევაში როგორი იქნება მისი ღირებულება?

- მოზრდილთა ღეროვანი უჯრედების შენახვა ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა მომავალში ამის გაკეთებაც არის შესაძლებელი. რაც შეეხება ჭიპლარის სისხლს, მისი დამუშავების,  გამოკვლევისა და შენახვის პირველი წლის ღირებულება 780 ევროს ტოლია. ყოველ მომდევნო წელიწადს ერთჯერადი შენატანია 100 ევრო (ბუნებრივია, იგულისხმება ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ლარში). ღეროვანი უჯრედები მანამდე ინახება, სანამ ამას პაციენტი ისურვებს. მთელი პროცესი მაღალტექნოლოგიურია. სამამულო წარმოებისა აქ არაფერია, ყველაფერი ერთჯერადია. თავად სისხლის დამუშავება და გამოკვლევაც ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული პროცესი გახლავთ. ეს ყველაფერი განაპირობებს მომსახურების მაღალ ფასს.

- როგორ ხდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვა?

- ეს პროცესი ტრანსფუზიით ანუ გადასხმით მიმდინარეობს, ისევე როგორც ძვლის ტვინის გადანერგვა. ცენტრალური ვენური კათეტერით მაღალდოზირებული ქიმიოთერაპიის შემდეგ ორგანიზმში შეგვყავს ღეროვანი უჯრედები. დასასრულ, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ადამიანის ორგანიზმის შესახებ და ალბათ, ბოლომდე ვერც ვერასოდეს შევიცნობთ, რადგან როდესაც ერთ ახალ აღმოჩენას ვაკეთებთ, მის ადგილას ათი ახალი კითხვა ჩნდება, საჭირო ხდება ახალი კვლევების წარმოება... აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ღეროვანი უჯრედები ამოუწურავი თემაა. ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მათ უდიდესი პერსპექტივა აქვთ. ოცდამეერთე საუკუნიდან დაწყებული, ღეროვანი უჯრედები დიდ შანსს იძლევა, შეიქმნას ხელოვნური ორგანოები, ხელოვნური ქსოვილები და ეს არ არის ძალზე შორეული პერსპექტივა. ერთადერთი, რაც საჭიროა - ინტენსიური კვლევებია. სკეპტიკოსები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ რეალისტები და ოპტიმისტები მაინც ყოველთვის ივლიან წინ და მეცნიერებას ახალ-ახალი აღმოჩენებით გაამდიდრებენ.