News
გამოუძინებელმა ქალებმა აღიარეს, რომ უძილობის მეორე დღეს გრძნობენ დეპრესიის შემოტევას, იოლად ღიზიანდებიან და ბრაზს ქმრებზე ანთხევენ. საოცარია, მაგრამ მამაკაცების უძილობა მათ ოჯახურ ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ოჯახურ ურთიერთობაზე ძილის დარღვევის გავლენის შესასწავლად პიტსბურგის უნივერსიტეტში გამოკვლევა ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს 32 წლამდე ასაკის წყვილებმა, რომლებიც ფსიქოლოგიური ან სომატური დარღვევების გამო უძილობას უჩიოდნენ.
მეცნიერები მათ ათი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ისინი აღნუსხავდნენ, რამდენი ხანი სჭირდებოდათ ცდისპირებს ჩასაძინებლად და რამდენ ხანს ეძინათ. იკვლევდნენ იმასაც, რა გავლენას ახდენდა ძილის ხარისხზე დადებითი ემოციები და უშლიდა თუ არა ხელს გამოძინებას წინა დღეს მეუღლესთან ჩხუბი. აღმოჩნდა, რომ სათანადო დასვენება, სულიერი და ფიზიკური განტვირთვა ისევე რგებდა ოჯახურ ურთიერთობას, როგორც დღის განმავლობაში მიღებული სტრესი ვნებდა ძილს.
გამოკვლევამ ისიც აჩვენა, რომ ქალს ქმართან ერთად უფრო კარგად სძინავს, ვიდრე მის გარეშე. გარდა ამისა, ბედნიერ ქორწინებაში მყოფი ქალები უძილობას გაცილებით იშვიათად უჩივიან.
საინტერესოა, რომ ქალს, რომლის ქმარიც ხვრინავს, მასთან 50- წლიანი თანაცხოვრების მანძილზე 4 წლის ძილი აკლდება. თუ სტატისტიკას ვენდობით, ძილის დროს 980 მილიონი მამაკაცი ხვრინავს. ქმრის ხვრინვა მხოლოდ ცოლს კი არ უფრთხობს ძილს, არამედ თავად მამაკაცის ჯანმრთელობასაც ვნებს. გამოუძინებელ ქალებს ღალატობთ მეხსიერება, ხშირად არიან უგუნებოდ, აფორიაქებულნი.
ზეითუნის ზეთი - ინსულტის პროფილაქტიკის იაფი საშუალება აღმოჩნდა, რომ ზეითუნის ზეთით მდიდარი დიეტა ხანში შესულებს ინსულტისგან იცავს.
ბორდოს უნივერსიტეტში ახლახან ჩატარებული გამოკვლევის შედეგები მოწმობს, რომ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებიც კერძის მოსამზადებლად ზეითუნის ზეთს იყენებენ, 41%-ით დაბალი აქვთ ინსულტის განვითარების რისკი. მეცნიერთა ჯგუფი ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებოდა 65 წელს გადაცილებული 7235 ადამიანის კვების რეჟიმს. მკვლევრებმა მოხალისეები სამ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი საერთოდ არ მოიხმარდა ზეითუნის ზეთს, მეორე ზომიერად მიირთმევდა, ხოლო მესამე - ინტენსიურად. კვლევის პროცესში აღინუსხა ინსულტის 148 შემთხვევა. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ ცდისპირებს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარდნენ ზეითუნის ზეთს, ინსულტის განვითარების რისკი პირველი ჯგუფის წევრებზე თითქმის ორჯერ დაბალი ჰქონდათ.
ამრიგად, გამოკვლევა საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ ზეითუნის ზეთი შეიძლება ინსულტის პროფილაქტიკის იაფი და მარტივი საშუალება გახდეს. გარდა ამისა, ეს პროდუქტი უხდება ისეთ პათოლოგიებს, როგორებიც არის დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე და სიმსუქნე.
რა მოსდევს ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას
აიოვის უნივერსიტეტში ჩატარდა გამოკვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა, დაედგინა კავშირი სქესობრივი ცხოვრების ნაადრევ დაწყებასა და მომავალში გაყრის ალბათობას შორის. მკვლევრებმა ასეთი დასკვნა გამოიტანეს: ქალებს, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას მოზარდ ასაკში იწყებენ, სამომავლოდ ოჯახის დანგრევის დიდი ალბათობა აქვთ.
გამოკვლევის ავტორმა 3793 ქალის გამოკითხვის შედეგად ასეთი მონაცემები მიიღო: იმ ქალების 31%-ს, რომელთაც პირველი სქესობრივი კავშირი სრულწლოვანებამდე ჰქონდათ, ოჯახი ქორწინებიდან 5 წლის განმავლობაში ენგრეოდა, ხოლო 47%-ს - 10 წლის განმავლობაში. გვიან დაწყებული სქესობრივი ცხოვრების შემთხვევაში ეს მონაცემები გაცილებით დაბალი იყო: 5 წლის განმავლობაში ქალების 15% ეყრებოდა მეუღლეს, 10 წლის განმავლობაში კი 27%. ამ კანონზომიერებას მეცნიერები სხვადასხვაგვარად ხსნიან. ისინი ვარაუდობენ, რომ ქალები, რომლებიც მოზარდ ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას, განწყობილნი არიან გაყრისადმი, ანუ პატრნიორობისადმი ის დამოკიდებულება, რამაც მათ ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყება გადააწყვეტინა, გავლენას ახდენს ქორწინების შედეგზეც.
გამორიცხული არ არის, ნაადრევი სქესობრივი გამოცდილება თავისთავად იწვევდეს ქცევის იმგვარი მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც გაყრის საწინდარი ხდება.
ოპტიმიზმი იმუნიტეტს ასტიმულირებს
ოპტიმიზმი არა მარტო ფსიქოლოგიურ, არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობასაც რგებს. კენტუკისა და ლუისვილის (აშშ) უნივერსიტეტის კლინიცისტებმა შეამჩნიეს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანები მართლაც უკეთ გრძნობენ თავს, - მაგალითად, ის პაციენტები, რომელთაც გულის ტრანსპლანტაციის შემდეგ სწრაფი გამოჯანმრთელებისა სჯერათ, სხვებთან შედარებით მართლაც მალე გამოკეთდებიან ხოლმე, - თუმცა ოპტიმიზმის ასეთი ზემოქმედების მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია.
მეცნიერებმა 124 სტუდენტს რამდენიმე კითხვა დაუსვეს და პასუხების საფუძველზე ისინი ოპტიმისტებად და პესიმისტებად დაყვეს, მერე კი ყველას გაუკეთეს ინექცია, რომელსაც იმუნური პასუხი უნდა გამოეწვია. ორი დღის შემდეგ მედიკოსებმა ისევ გამოიკვლიეს სტუდენტები ორგანიზმის რეაქციაზე. აღმოჩნდა, რომ ოპტიმისტურად განწყობილ სტუდენტებს ინექციაზე იმუნური პასუხი ძლიერი ჰქონდათ, პესიმისტებს კი სუსტი. ამის კვალობაზე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ოპტიმიზმს შესწევს უნარი, ზოგიერთი ინფექციის წინააღმდეგ ორგანიზმის მედეგობა აამაღლოს.
ვარჯიში ხელს უშლის ნაღვლის კენჭების გაჩენას
დღეს ნაღვლის კენჭები ბევრს აქვს, მაგრამ დაავადება ასიდან დაახლოებით 30 შემთხვევაში ვლინდება. აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა 25 000 ქალი და მამაკაცი გამოიკვლია და დაადგინა, რომ ფიზიკურად აქტიურ ადამიანებს ჩივილები 70%-ით ნაკლები ჰქონდათ. მკვლევრებს ამის ერთ-ერთ მიზეზად ნაღველში ქოლესტერინის დაბალი შემცველობა მიაჩნიათ.
ცნობილია, რომ ფიზიკური ვარჯიშის შედეგად ორგანიზმში კარგი ქოლესტერინის შემცველობა იმატებს და მწყობრში დგება ნაღვლის დენა, რაც მეტად მნიშვნელოვანია. დადგენილია ისიც, რომ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოშობის ალბათობას დაახლოებით მესამედით ამცირებს. ნაღვლის ბუშტში კენჭები ნაღვლისა და გამაგრებული ქოლესტერინისგან ყალიბდება. ითვლება, რომ ისინი ადრე თუ გვიან უჩნდება ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეექვსე მამაკაცს. დაავადების გამომწვევი სხვა ფაქტორებიდან აღსანიშნავია ორსულობა, სიმსუქნე, წონის მკვეთრი კლება და ზოგიერთი მედიკამენტი. ზოგს წარმოდგენაც არ აქვს ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობაზე, ზოგს კი აუტანელი ტკივილი აწუხებს. მარტო დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 50 000 ადამიანს უხდება ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა კენჭების გამო.
გასტროენტეროლოგებს არ მოეპოვებათ კონკრეტული მონაცემები იმის თაობაზე, სახელდობრ რამდენად ამცირებს ვარჯიში ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენის ალბათობას, ან დღეში რამდენი საათი უნდა ვივარჯიშოთ შესამჩნევი შედეგისათვის, მაგრამ აქტიური ცხოვრების წესისკენ მაინც მოგვიწოდებენ, რადგან ეს უამრავი დაავადების პროფილაქტიკის არაჩვეულებრივი გზაა.
სტაფილო ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას
თურმე სტაფილო ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს და, ამასთანავე, ორგანიზმს კიბოსაგან იცავს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეფექტი განპირობებულია კაროტინების - განსაზღვრული ჯგუფის ანტიოქსიდანტების - შემცველობით, რომლებსაც, სხვათა შორის, გოგრა და ტკბილი კარტოფილიც შეიცავს. ანტიოქსიდანტებით მდიდარია მუქი მწვანე ბოსტნეული - ბროკოლი, ბარდა. ეს ნივთიერებები ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო თვისებებს ამჟღავნებს.
ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ერთი მხრივ - სისხლში ანტიოქსიდანტების მაღალ შემცველობას, მეორე მხრივ კი გულის დაავადებებითა და კიბოთი სიკვდილიანობის ალბათობის შემცირებას შორის უდავო კავშირია. ისეთ ქრონიკულ დაავადებებს, როგორებიც არის გულის დაავადებები და კიბო, დნმ-ს, ცილისა და ცხიმების ჟანგბადოვანი დაზიანება აპროვოცირებს. კაროტინოიდები, მათ შორის - ბეტა-კაროტინი, ალფა-კაროტინი და ლიკოპინი, სწორედ ამ დაზიანებას უშლის ხელს.
B ვიტამინი ტვინის ატროფიას ანელებს
გამოითქვა ვარაუდი, რომ B ვიტამინის დიდ დოზებს შეუძლია შეანელოს ტვინის ატროფიის პროცესი ადამიანებში, რომელთაც ალცჰაიმერის დაავადების პირველი სიმპტომები აღენიშნებათ (ტვინის მასის შემცირება ზომიერი კოგნიტური დარღვევის ანუ შემეცნებითი ფუნქციის შესუსტების ერთ-ერთი პირველი ნიშანია). ეს მოსაზრება სერიოზულ კვლევას მოითხოვს, მაგრამ თუ დადასტურდა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი ალცჰაიმერის დაავადების შეჩერებისკენ მიმავალ გზაზე.
გამოკვლევა ოქსფორდელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. მასში მონაწილეობა მიიღო 168 ხანდაზმულმა, რომლებსაც ზომიერი კოგნიტური დარღვევები აღენიშნებოდათ. მოხალისეთა ნახევარი ყოველდღე იღებდა B (B6 და B12) ვიტამინს რეკომენდებულზე 300-ჯერ მეტი დოზით, ნახევარს კი პლაცებო ეძლეოდა. ორი წლის შემდეგ მეცნიერებმა გამოკვლევის მონაწილეთა ტვინის მასის შემცირების სისწრაფე განსაზღვრეს. ცნობისათვის: 60 წელს გადაცილებულებში ტვინის მასის შემცირების სიჩქარე წელიწადში საშუალოდ 0,5%-ს უდრის. ზომიერი კოგნიტური დარღვევების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2-ჯერ უფრო მაღალია, ხოლო ალცჰაიმერით დაავადებულებისთვის წელიწადში 2,5%-ს შეადგენს.
ოქსფორდელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მას, ვინც ვიტამინს იღებდა, ტვინის მასის შემცირების სიჩქარე საშუალოდ 30%-ით დაუქვეითდა, ზოგიერთს კი გაუნახევრდა კიდეც. B ჯგუფის ვიტამინები (ფოლიუმის მჟავა, B6 და B12) ჰომოცისტეინების დონეს აკონტროლებს. სისხლში ამ ნივთიერებების უხვი შემცველობა ტვინის ატროფიის პროცესს აჩქარებს და ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.
გამოკვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ექსპერიმენტის დროს ტვინის ატროფიის შენელება სწორედ ჰომოცისტეინის დონეზე B ვიტამინის ზემოქმედებამ განაპირობა.
ერთ-ერთი მკვლევარი, პროფესორი სმიტი, აცხადებს, რომ მათი მუშაობის შედეგი უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ საჭიროა კვლევის გაგრძელება, რათა გაირკვეს, მართლა შეუძლია თუ არა B ვიტამინის დიდ დოზებს ალცჰაიმერის დაავადების შეჩერება ადამიანებში, რომელთაც ზომიერი კოგნიტური დარღვევები აქვთ.
ბუნებაში B ვიტამინი მრავალ პროდუქტში გვხვდება, მათ შორის - ხორცში, თევზში, კვერცხსა და მწვანე ბოსტნეულში. სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მიუხედავად ოქსფორდელ მეცნიერთა დასკვნისა, B ვიტამინის დიდი დოზებით მიღებას ვერიდოთ. ბრიტანეთის სამედიცინო კვლევათა საბჭოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სიფრთხილეა საჭირო ისეთი დანამატების რეკომენდების დროს, როგორიც არის B ვიტამინი, რადგან მისი სიჭარბისას შესაძლოა საფრთხე შეექმნას ჯანმრთელობას. ვიდრე სპეციალისტები ნეიროდეგენერაციული დაავადებების (ალცჰაიმერის დაავადება) პროფილაქტიკისთვის ამ ტიპის ბიოდანამატებს გაუწევენ რეკომენდაციას, კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.
ვაშლი კიბოს წინააღმდეგ
პოლონეთში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ვაშლის რეგულარული ჭამა ამცირებს კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს. ამ საკითხის შესასწავლად მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს კოლორექტალური კიბოთი დაავადებული 592 ადამიანისა და იმავე საავადმყოფოში მწოლი, მაგრამ არა ონკოლოგიური პროფილის 765 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაირკვა, რომ კიბოთი დაავადებული პაციენტები კვირაში 9,5 ულუფა ვაშლს ჭამდნენ, კიბოს არმქონენი კი 11-ს. კიბოს განვითარების ნაკლები ალბათობა იმ პაციენტებშიც კი შეინიშნებოდა, რომლებიც დღეში მხოლოდ ერთ ვაშლს მიირთმევდნენ, - ამ შემთხვევაში დაავადების მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებდა, - ხოლო მას, ვინც დღეში ერთზე მეტ ვაშლს ჭამდა, დაავადების განვითარების რისკი უნახევრდებოდა. კვების რაციონში სხვა ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა ამგვარ ეფექტს არ იძლეოდა.
მეცნიერთა აზრით, ვაშლის ამგვარ მოქმედებას განაპირობებს მასში შემავალი ფლავონოიდები, რომლებიც ანტიოქსიდანტების ფუნქციას ასრულებს. ამ ნივთიერებებს ყველაზე ჭარბად ვაშლის კანი შეიცავს, ამიტომ მკვლევრები ვაშლის გაუთლელად ჭამას გვირჩევენ.
ფლავონოიდები თავისუფალ რადიკალებს ქსოვილთა დაზიანების საშუალებას არ აძლევენ, რაც ხელს უშლის კიბოს განვითარებას და უჯრედების პროლიფერაციას.