ანალიზების ჩაბარებისას დაშვებული 10 შეცდომა, რომლებმაც შესაძლოა დიაგნოზზეც იმოქმედოს - რას გვირჩევს ექიმი ლაბორანტი
შეიძლება თუ არა კვებამ, სტრესმა ან მედიკამენტებმა ანალიზის შედეგები შეცვალოს? ექიმი ლაბორანტი განმარტება
ლაბორატორიული კვლევები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტია. ხშირად სწორედ სისხლის, შარდისა თუ სხვა ბიოლოგიური მასალის გამოკვლევის შედეგებზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით გაგრძელდება პაციენტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ანალიზის სიზუსტე მხოლოდ თანამედროვე აპარატურასა და ლაბორატორიის პროფესიონალიზმზე არ არის დამოკიდებული - არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად მოემზადა პაციენტი კვლევისთვის.
მაგალითად, ანალიზის წინა საღამოს მიღებულმა ალკოჰოლმა, უძილო ღამემ, ფიზიკურმა დატვირთვამ ან არასწორ დროს მიღებულმა მედიკამენტმა შესაძლოა ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებელი შეცვალოს. შედეგად, ექიმმა შესაძლოა მიიღოს ისეთი მონაცემები, რომლებიც პაციენტის რეალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას სრულად არ ასახავს.
რა უნდა გავითვალისწინოთ სისხლისა და შარდის ანალიზების ჩაბარებამდე? რომელი კვლევებისთვის არის აუცილებელი უზმოზე ყოფნა, შეიძლება თუ არა დილით წყლის დალევა და რატომ არ უნდა გავაკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები ერთი გადახრილი მაჩვენებლის საფუძველზე?
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „მკურნალის“ კითხვებს ექიმი ლაბორანტი თეონა კოპალიანი პასუხობს
- ქალბატონო თეონა, რატომ არის მნიშვნელოვანი ანალიზების ჩაბარებამდე სწორი მომზადება?
- ლაბორატორიული კვლევების ზუსტი შედეგების მისაღებად ანალიზების ჩატარებამდე სწორი მომზადება უმნიშვნელოვანესია. არასწორმა მომზადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ლაბორატორიული პასუხების ცვლილება, რაც, თავის მხრივ, იწვევს მცდარ ინტერპრეტაციას და დიაგნოზის არასწორად დასმას.
ანალიზის შედეგებზე გავლენის მოხდენა რამდენიმე ფაქტორს შეუძლია:
- კვება – გავლენას ახდენს სისხლში გლუკოზის, ინსულინისა და სხვა მაჩვენებლების დონეზე.
- ალკოჰოლი – მოქმედებს ღვიძლის ფუნქციურ მაჩვენებლებსა და სხვა მეტაბოლურ პარამეტრებზე.
- სტრესი და უძილობა – შესაძლოა შეცვალოს ჰორმონული მაჩვენებლები, მათ შორის კორტიზოლის დონე სისხლში.
- მედიკამენტები და ვიტამინები – გარკვეულმა პრეპარატებმა და დანამატებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კვლევის შედეგებზე. ამიტომ ანალიზის ჩაბარებამდე აუცილებელია, ექიმს აცნობოთ, რა მედიკამენტებს იღებთ.
- რომელი ანალიზების ჩაბარებაა აუცილებელი უზმოზე?
- უზმოზე ყოფნა აუცილებელია ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევისთვის, რადგან საკვების მიღებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს კონკრეტული მაჩვენებლები.
ასეთ კვლევებს მიეკუთვნება:
- გლუკოზა;
- ინსულინი;
- ლიპიდური სპექტრი – კონკრეტული კვლევის მოთხოვნის შესაბამისად;
- რკინა;
- ზოგიერთი ჰორმონული კვლევა და სხვა მაჩვენებლები, რომელთა ჩაბარებაც ექიმის მითითებით უზმოზე უნდა მოხდეს.
როგორც წესი, უზმოდ ყოფნის პერიოდი 8-12 საათია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ყველა ანალიზს ერთნაირი მოთხოვნა არ აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, წინასწარ გადაამოწმოთ კონკრეტული კვლევის მომზადების წესები ექიმთან ან ლაბორატორიაში.

- შეიძლება თუ არა უზმოზე ანალიზის ჩაბარებამდე წყლის დალევა, ყავის ან ჩაის მიღება?
- უზმოზე ყოფნა წყლის სრულად აკრძალვას არ ნიშნავს. ჩვეულებრივი, უგაზო წყლის დალევა, როგორც წესი, დასაშვებია და ხშირად რეკომენდებულიც, რადგან ორგანიზმის გაუწყლოებამ შესაძლოა სისხლის ზოგიერთი მაჩვენებლის ინტერპრეტაცია გაართულოს.
რაც შეეხება ყავასა და ჩაის, ანალიზის წინ მათი მიღებისგან თავის შეკავება უმჯობესია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასმელში არ დაამატოთ შაქარი, რძე ან სხვა დანამატები.
კბილის გახეხვა, ჩვეულებრივ, სისხლის ანალიზის შედეგებზე გავლენას არ ახდენს, თუმცა სასურველია, თავი შეიკავოთ ისეთი საშუალებების გამოყენებისგან, რომელთა გადაყლაპვაც შეიძლება.
- რამდენი ხნით ადრე უნდა შევიკავოთ თავი ალკოჰოლისგან, ცხიმიანი საკვებისა და ფიზიკური დატვირთვისგან?
- ანალიზების ჩაბარებამდე 24-48 საათით ადრე მიღებულმა ალკოჰოლმა, ცხიმიანმა საკვებმა და ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს სისხლის ბიოქიმიური და ზოგიერთი ჰორმონული მაჩვენებელი.
განსაკუთრებით საყურადღებოა ეს ფაქტორები ლიპიდური სპექტრისა და ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების გამოკვლევისას.
ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კუნთებთან დაკავშირებულ ფერმენტებზე, ლაქტატსა და სხვა ბიოქიმიურ პარამეტრებზე.
ამიტომ რეკომენდებულია, ანალიზების ჩაბარებამდე რამდენიმე დღით ადრე მოერიდოთ უჩვეულოდ ინტენსიურ ვარჯიშს, ხოლო წინა დღეს დაიცვათ ჩვეულებრივი კვების რეჟიმი და თავი შეიკავოთ ალკოჰოლისგან.
- უნდა შევწყვიტოთ თუ არა მედიკამენტების მიღება ანალიზების ჩაბარებამდე?
გარკვეულმა მედიკამენტებმა და ვიტამინებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე. ამიტომ ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რა პრეპარატებს იღებს პაციენტი.
მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კვლევისას მნიშვნელოვანია, ექიმს ეცნობოს ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო პრეპარატების მიღების შესახებ. მათი მიღების დრო და სისხლის აღების თანმიმდევრობა ექიმის მითითებით უნდა განისაზღვროს.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყვიტოთ დანიშნული მედიკამენტის მიღება თვითნებურად მხოლოდ იმიტომ, რომ ანალიზის ჩაბარებას აპირებთ.
მნიშვნელოვანია, ლაბორატორიულ პერსონალსა და მკურნალ ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მედიკამენტისა თუ საკვები დანამატის შესახებ, რომელსაც იღებთ, რათა მიღებული შედეგების სწორი ინტერპრეტაცია მოხდეს.

- რა უნდა ვიცოდეთ ჰორმონული ანალიზების ჩაბარებამდე?
ჰორმონული კვლევები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან მათ შედეგებზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, არამედ დღის მონაკვეთი, მენსტრუალური ციკლის ფაზა, ძილის რეჟიმი და სტრესიც.
ჰორმონების ჩაბარებამდე მნიშვნელოვანია რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:
- ანალიზების ნაწილი უნდა ჩაბარდეს დილის საათებში, სასურველია 9:00-11:00 საათამდე. კონკრეტული დრო დამოკიდებულია გამოსაკვლევ ჰორმონზე.
- ზოგიერთი ჰორმონის გამოკვლევისას აუცილებელია უზმოდ ყოფნა.
- მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი და ემოციური სიმშვიდე.
- ანალიზის წინა დღეს სასურველია ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება.
- ქალებში ზოგიერთი ჰორმონის მაჩვენებელი მენსტრუალური ციკლის კონკრეტულ დღეებში უნდა შემოწმდეს.
- თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს ან ჰორმონულ პრეპარატს, ამის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმსა და ლაბორატორიას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ჰორმონული კვლევა ერთნაირ მომზადებას არ საჭიროებს. მაგალითად, პროლაქტინის განსაზღვრისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დილის საათები, გამოღვიძებიდან გარკვეული დროის გასვლა და ფიზიკური თუ ემოციური დატვირთვის თავიდან აცილება.
- რომელი ანალიზების ჩაბარებაა შესაძლებელი უზმოდ ყოფნის გარეშე?
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პაციენტი ყველა ანალიზის წინ საკვებზე უარს ამბობს, სინამდვილეში არსებობს კვლევები, რომელთა ჩაბარებაც უზმოდ ყოფნას არ საჭიროებს.
ასეთია, მაგალითად:
- გლიკოზირებული ჰემოგლობინი;
- სისხლის საერთო ანალიზი;
- ინფექციებზე კვლევების დიდი ნაწილი;
- ანტისხეულების განსაზღვრა;
- სისხლის ჯგუფისა და რეზუსფაქტორის განსაზღვრა.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ ამ კვლევებთან ერთად სხვა, უზმოზე ჩასაბარებელი ანალიზებიც გაქვთ დანიშნული, შესაძლოა საერთო მომზადების წესები შეიცვალოს. ამიტომ წინასწარ უნდა დააზუსტოთ ეს საკითხი.
- როგორ უნდა შევაგროვოთ შარდის ნიმუში სწორად და რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად?
- შარდის საერთო ანალიზის ჩაბარებისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ნიმუშის არასწორად შეგროვებაა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს მასალის დაბინძურება და საბოლოოდ კვლევის შედეგების დამახინჯება.
შარდის სწორად შესაგროვებლად აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:
- ნიმუშის შეგროვებამდე დაიბანეთ გარეთა სასქესო ორგანოები.
- გამოიყენეთ სპეციალური, სტერილური კონტეინერი.
- შარდის პირველი ნაკადი გაუშვით უნიტაზში, შემდეგ შეაგროვეთ შუა ულუფა კონტეინერში.
- მოერიდეთ კონტეინერის შიდა ზედაპირთან შეხებას.
- შეგროვებული ნიმუში ლაბორატორიაში, სასურველია, ორი საათის განმავლობაში მიიტანოთ.
უფრო ხანგრძლივი დაყოვნებისას, განსაკუთრებით ოთახის ტემპერატურაზე, შარდში ბაქტერიები შეიძლება გამრავლდეს და ზოგიერთი მაჩვენებელი შეიცვალოს, რაც არასწორი ინტერპრეტაციის მიზეზი გახდება.
ასევე, მენსტრუაციის დროს შარდის საერთო ანალიზის ჩაბარება სასურველი არ არის, რადგან ნიმუში შესაძლოა მენსტრუალური სისხლით დაბინძურდეს. თუ კვლევის ჩატარება აუცილებელია, ამის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოთ ექიმს და ლაბორატორიას.
- რატომ შეიძლება ერთი და იმავე ანალიზის პასუხი სხვადასხვა ლაბორატორიაში განსხვავდებოდეს?
ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ბიოლოგიური ვარიაცია – ერთი და იმავე ადამიანის ორგანიზმში ზოგიერთი მაჩვენებელი დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეიძლება განსხვავდებოდეს. ასევე გავლენას ახდენს კვება, ფიზიკური დატვირთვა, სტრესი და სხვა ფიზიოლოგიური ფაქტორები.
გასათვალისწინებელია პრეანალიტიკური შეცდომებიც, რომლებიც უშუალოდ ნიმუშის აღებასა და დამუშავებას უკავშირდება. ასეთია ნიმუშის არასწორად აღება, ჰემოლიზი, ნიმუშის არასაკმარისი შერევა და შენახვის არასწორი პირობები.
სხვადასხვა ლაბორატორიაში მიღებული განსხვავებული პასუხები ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი დარღვევით მუშაობს.
ყველა ლაბორატორია არ იყენებს ერთსა და იმავე ანალიზატორს. ერთი და იმავე კვლევის შესასრულებლად სხვადასხვა მწარმოებელმა შესაძლოა განსხვავებული შემადგენლობის რეაგენტები და ანტისხეულები გამოიყენოს. შესაბამისად, შედეგებზე გავლენას ახდენს გამოყენებული მეთოდოლოგიაც.
ამიტომ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ლაბორატორიის მიერ მითითებული რეფერენსული დიაპაზონი, არამედ პაციენტის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ნიმუშის აღების პირობები და ბიოლოგიური ვარიაცია.

თუ კვლევის შედეგების დინამიკაზე დაკვირვებაა საჭირო, სასურველია, განმეორებითი ანალიზი იმავე ლაბორატორიაში და შეძლებისდაგვარად იმავე მეთოდით ჩატარდეს.
- ნიშნავს თუ არა ნორმიდან გადახრილი მაჩვენებელი აუცილებლად დაავადებას და როდის არის საჭირო ანალიზის გადამოწმება?
- ლაბორატორიული მაჩვენებლის ნორმიდან გადახრა ყოველთვის არ ნიშნავს პათოლოგიას. შედეგების შეფასებისას აუცილებელია პაციენტის ასაკის, სქესის, ორსულობის, მენსტრუალური ციკლის, მიღებული მედიკამენტებისა და სხვა ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინება.
მაგალითად, ორსულობის დროს ზოგიერთი მაჩვენებელი ფიზიოლოგიურად იცვლება. შესაძლოა მოიმატოს ლეიკოციტების რაოდენობამ და ერითროციტების დალექვის სიჩქარემ (ედს), რაც ყოველთვის ანთებით პროცესზე არ მიუთითებს.
ასევე, ერთი გადახრილი მაჩვენებელი ცალკე აღებული დიაგნოზის დასმის საფუძველი არ არის. ექიმმა უნდა შეაფასოს კვლევის სრული სურათი, პაციენტის ჩივილები, კლინიკური მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გამოკვლევები დანიშნოს.
ანალიზის გადამოწმება შესაძლოა საჭირო გახდეს მაშინ, როდესაც მაჩვენებელი მნიშვნელოვნად სცდება რეფერენსულ დიაპაზონს, მაგრამ პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას არ შეესაბამება. მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი მომზადება, ნიმუშის აღების ან შენახვის დროს დაშვებული შეცდომა, ლაბორატორიული ხარვეზი ან მედიკამენტის გავლენა.
ასეთ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა კვლევის განმეორება.
- რა უნდა გავითვალისწინოთ ლაბორატორიაში მისვლამდე?
ანალიზების ზუსტი შედეგების მისაღებად მნიშვნელოვანია რამდენიმე მარტივი, მაგრამ აუცილებელი რეკომენდაციის დაცვა.
ლაბორატორიაში მისვლამდე:
- წინასწარ გაარკვიეთ, კონკრეტული კვლევა უზმოზე ჩაბარებას საჭიროებს თუ არა.
- თუ საჭიროა უზმოდ ყოფნა, დაიცავით რეკომენდებული 8-12-საათიანი ინტერვალი.
- ჰორმონული კვლევების შემთხვევაში გაითვალისწინეთ მენსტრუალური ციკლის დღე და ანალიზის ჩაბარების დრო.
- თუ ექიმისგან განსხვავებული მითითება არ გაქვთ, სასურველია, კვლევების ნაწილი დილის საათებში, 9:00-11:00 საათამდე ჩააბაროთ.
- მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას.
- ანალიზების ჩაბარებამდე 24-48 საათით ადრე არ მიიღოთ ალკოჰოლი და მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
- თუ კვლევა უზმოზე უნდა ჩააბაროთ, არ მიიღოთ ყავა, ჩაი და არ დაღეჭოთ საღეჭი რეზინი.
- ლაბორატორიაში მისვლამდე ეცადეთ, იყოთ მშვიდ მდგომარეობაში და რამდენიმე წუთი დაისვენოთ.
- აუცილებლად აცნობეთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტისა და დანამატის შესახებ, რომელსაც იღებთ.
ყველა ამ წესის დაცვა მნიშვნელოვნად ზრდის ლაბორატორიული კვლევების სიზუსტეს და ექიმს ეხმარება პაციენტის მდგომარეობის სწორად შეფასებასა და დიაგნოზის დასმაში.