დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ექიმები სპეციალური მედლებით დაჯილდოვდნენ
— სწორედ იმავე შენობაში, სადაც 25 წლის წინ ორგანიზაციის პირველი კონგრესი ჩატარდა.
წლევანდელი ღონისძიება ორ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა: საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების დაარსებიდან 35 წლისა და 1946 წელს მიხეილ წინამძღვრიშვილის ინიციატივით კარდიოლოგიის ინსტიტუტის შექმნიდან — ანუ დარგის ინსტიტუციური ჩამოყალიბებიდან — 80 წლისთავს.
ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტმა, დასავლურ ინსტიტუტებში ქართველი ექიმების პრაქტიკის გაღრმავებამ და 80-90-იან წლებში დარგის განვითარებაში შეტანილმა წვლილმა ქართულ კარდიოლოგიაში მნიშვნელოვანი პროგრესი განაპირობა: შეიქმნა სპეციალიზებული ცენტრები, დაინერგა კათეტერიზაციის პროგრამა, საფუძველი ჩაეყარა არითმოლოგიას, ამოქმედდა კარდიული რეაბილიტაციისა და მეორადი პრევენციის სახელმწიფო პროგრამები, ჩატარდა მულტიცენტრული კვლევები, ხოლო ინფარქტით გამოწვეული ჰოსპიტალური სიკვდილიანობა 25%-დან 7-10%-მდე შემცირდა.
კონგრესზე დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ექიმები სპეციალური მედლებით დაჯილდოვდნენ. აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის მედალი ნომინაციაში „დამსახურებული კარდიოლოგი“ გადაეცათ: ვახტანგ ჭუმბურიძეს, პავლე მაჭავარიანს, მერაბ მამაცაშვილს, ზურაბ ფაღავას, ბეჟან წინამძღვრიშვილს, სერგო ორჯონიკიძესა და ნოდარ ემხვარს. გულნარა ჩაფიძის სახელობის მედალი — „ინოვაციისთვის კარდიოლოგიაში“ — გადაეცათ ზვიად ბახუტაშვილსა და ისმეთ დინდარს.
ღონისძიებაზე ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა კლინიკური გამოცდილება და თანამედროვე სიახლეები გააზიარეს. მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: პრევენცია და კარდიორეაბილიტაცია, კარდიოგენული შოკი, ქრონიკული კორონარული სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია, ამილოიდოზი, მწვავე იშემიური დაავადება და მწვავე პათოლოგიების მართვა, არითმოლოგია, კომორბიდული დაავადებები და გამოსახულებითი კვლევები.
"მკურნალი" ულოცავს დაჯილდოებულ ექიმებს დამსახურებულ აღიარებას. განსაკუთრებულად ვულოცავთ ჩვენი საიტის კონსულტანტს, მერაბ მამაცაშვილს და ვუსურვებთ, კვლავაც აქტიურად ეღვაწოს დარგის განვითარებისათვის.