რას მოიცავს ონკოლოგიური მკურნალობა საქართველოში?
თითოეული ონკოლოგიური პაციენტის შემთხვევა ინდივიდუალურია. შესაბამისად, როგორ წარიმართება ონკოლოგიური მკურნალობა, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. სიმსივნის დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ექიმები დაავადების სტადიას ადგენენ და პაციენტის მდგომარეობას აფასებენ. მულტიდისციპლინური კონსილიუმი მკურნალობის შესაძლო მეთოდებს სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე განიხილავს და შესაბამის გეგმას განსაზღვრავს.
ონკოლოგიური მკურნალობა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად იგეგმება. ის შეიძლება მოიცავდეს ქირურგიულ ჩარევას, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას ან რამდენიმე მეთოდის კომბინაციას. მკურნალობის კურსის განსაზღვრამდე მნიშვნელოვანია დიაგნოზის დაზუსტება და დაავადების გავრცელების არეალის შეფასება.
იმისთვის, რომ ონკოლოგი თბილისში ან ზოგადად, ონკოლოგიური კლინიკა შეარჩიოთ, საჭიროა, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. ესენია: რა კვლევების ჩატარებაა კლინიკაში შესაძლებელი, როგორი აპარატურა აქვთ და მკურნალობის გეგმის შედგენაში სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები მონაწილეობენ თუ არა.
ონკოლოგიური მკურნალობა - დიაგნოზის დადასტურება
თავდაპირველად, ექიმი სხვადასხვა კვლევას ნიშნავს, რათა წარმონაქმნის მდებარეობა, ზომა და შესაძლო გავრცელების არეალი დაადგინოს. თუმცა ამ კვლევების შედეგები დიაგნოზის დასადასტურებლად ყოველთვის საკმარისი არ არის. ამიტომაც ხშირად საჭიროა ბიოფსიის ჩატარება - ქსოვილის ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა.
ბიოფსიის დროს ექიმი საეჭვო უბნიდან ქსოვილის ნიმუშს იღებს. მეთოდი შეირჩევა წარმონაქმნის მდებარეობისა და სხვა კლინიკური მონაცემების მიხედვით. ბიოფსია შეიძლება ჩატარდეს ნემსით, ენდოსკოპიური ან ქირურგიული გზით.
ნიმუშს პათომორფოლოგიური კვლევა უტარდება. მისი საშუალებით დგინდება სიმსივნის ტიპი და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება იმუნოჰისტოქიმიური კვლევაც. მისი მიზანი სიმსივნური უჯრედების დამატებითი მარკერების განსაზღვრაა. ეს ექიმს მკურნალობის მეთოდის შერჩევაში ეხმარება.
სტადირება - რა კვლევები განსაზღვრავს მკურნალობის გეგმას?
დიაგნოზის დადასტურების შემდეგ დგინდება დაავადების სტადია. მკურნალობის გეგმის შესადგენად ექიმი აფასებს სიმსივნის ზომას, მდებარეობასა და გავრცელების შესაძლო არეალს. ამისთვის შეიძლება დაინიშნოს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ან, საჭიროების შემთხვევაში, PET/CT (პეტ/კტ). კვლევის მეთოდს ექიმი საეჭვო უბნისა და კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით არჩევს.
კტ ანატომიურ გამოსახულებას იძლევა. მრტ-ის საშუალებით გარკვეული რბილი ქსოვილებისა და ორგანოების მდგომარეობის შეფასებაა შესაძლებელი. PET/CT (პეტ/კტ) ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების მეთოდია. მისი მეშვეობით შესაძლებელია ისეთი ცვლილებების გამოვლენა, რომელიც სხვა რადიოლოგიური კვლევების დროს ვერ ფიქსირდება.
კონკრეტული სტადია აღწერს, რამდენად დიდია სიმსივნე და გავრცელებულია თუ არა ის ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში ან სხეულის სხვა ნაწილებში. TNM სიმსივნის გავრცელების შესაფასებელი სისტემაა. ის აფასებს სიმსივნის ზომასა და ახლომდებარე ქსოვილებში გავრცელებას (T), ლიმფური კვანძების ჩართულობას (N) და გავრცელებულია თუ არა სიმსივნე სხეულის სხვა ნაწილებში (M).
კონსილიუმი - ვინ იღებს გადაწყვეტილებას ონკოლოგიური მკურნალობის შესახებ?
მკურნალობის გეგმას ხშირად რამდენიმე პროფილის სპეციალისტი ადგენს. მულტიდისციპლინურ კონსილიუმში შეიძლება მონაწილეობდნენ კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, ონკოქირურგი, პათომორფოლოგი და რადიოლოგი. თითოეული მათგანი შემთხვევას თავისი მიმართულებით აფასებს.
კონსილიუმის ჩატარება მნიშვნელოვანია. ვინაიდან, მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია არა მხოლოდ სიმსივნის ტიპსა და სტადიაზე, არამედ პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და უკვე ჩატარებულ მკურნალობაზეც. გადაწყვეტილების მიღებისას პაციენტის სურვილები და მისთვის მისაღები ვარიანტებიც უნდა განიხილებოდეს.
თოდუას კლინიკაში ონკოლოგიური მიმართულებები მოიცავს კლინიკურ ონკოლოგიას, რადიაციულ ონკოლოგიას, ონკოგენეტიკასა და პათომორფოლოგიას. კლინიკური ონკოლოგები თამარ ესაკია და ელენე მარიამიძე პაციენტებს ონკოლოგიურ მომსახურებას უწევენ, ხოლო რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტს ნატალია ჯანყარაშვილი ხელმძღვანელობს.
მკურნალობის მეთოდები - ქირურგია, სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია
ონკოლოგიური ქირურგია შეიძლება სიმსივნის მკურნალობის ნაწილი იყოს. ოპერაციის ტიპსა და მოცულობას ექიმი სიმსივნის მდებარეობის, გავრცელებისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით არჩევს. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია მცირე ინვაზიური მეთოდის გამოყენებაც.
სხივური თერაპია სიმსივნის სამკურნალოდ მაიონიზებელი გამოსხივების გამოყენებას გულისხმობს. მკურნალობის მიზანი სიმსივნურ უჯრედებზე ზემოქმედება და ახლომდებარე ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალური დაცვაა. სეანსების რაოდენობა და მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება.
თოდუას კლინიკის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია VARIAN-ის ორი ხაზოვანი ამაჩქარებლით - TRUEBEAM-ით და რადიოქირურგიული სისტემით EDGE. აპარატებში ინტეგრირებული კომპიუტერული ტომოგრაფია სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღებისა და მკურნალობის სინქრონიზაციის საშუალებას იძლევა. ეს ტექნოლოგიები ექიმებს სამიზნე უბნის ზუსტად დასხივებაში ეხმარება.
აპარატებით შესაძლებელია საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობის რადიოთერაპიული მკურნალობა წარიმართოს. მათ შორის:
- 3DCRT - სამგანზომილებიანი კონფორმული სხივური თერაპია;
- IMRT - ინტენსივობა-მოდულირებული რადიაციული თერაპია;
- RAPIDARC - მოცულობით მოდულირებული რკალური თერაპია;
- SRS/SBRT - სტერეოტაქსიური რადიოქირურგია/სხეულის სტერეოტაქსიური რადიოთერაპია;
- RPM Gating - სუნთქვა-სინქრონიზებული რადიოთერაპია.
გარდა ამისა, თოდუას კლინიკაში გამოიყენება GammaMedplus iX ბრაქითერაპიის აპარატი. ბრაქითერაპიის დროს რადიოაქტიური წყარო სიმსივნესთან ახლოს თავსდება.
სხივური თერაპიის მეთოდს რადიაციული ონკოლოგი შესაბამისი კვლევების საფუძველზე განსაზღვრავს.
ქიმიოთერაპია მედიკამენტებით მკურნალობის მეთოდია. ის შეიძლება დაინიშნოს ოპერაციამდე ან მის შემდეგ. ზოგ შემთხვევაში ონკოლოგიური მკურნალობა სტაციონარში ტარდება, სადაც პაციენტი სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თოდუას კლინიკის სტაციონარული ონკოლოგიის დეპარტამენტში შესაძლებელია ქიმიოთერაპიის, იმუნოთერაპიისა და ჰორმონოთერაპიის ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში - სხივურ თერაპიასთან კომბინაციაშიც.
ონკოგენეტიკა და მიზნობრივი მკურნალობა
ზოგიერთი სიმსივნის შემთხვევაში მკურნალობის შესარჩევად საჭიროა მისი მოლეკულური მახასიათებლების გამოკვლევა. შედეგები ექიმს ეხმარება განსაზღვროს, შეიძლება თუ არა მიზნობრივი თერაპიის გამოყენება. ასეთი კვლევა ყველა პაციენტს არ სჭირდება. მის საჭიროებას ექიმი დიაგნოზისა და სხვა კლინიკური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს.
გენეტიკური კვლევა მემკვიდრეობითი რისკის შესაფასებლადაც გამოიყენება. თუ პაციენტის ოჯახურ ისტორიაში სიმსივნის შემთხვევები მემკვიდრეობით წინასწარგანწყობაზე მიუთითებს, ექიმმა შეიძლება ოჯახის წევრებს შესაბამისი კვლევის ჩატარება ურჩიოს.
მეთვალყურეობა მკურნალობის შემდეგ
ონკოლოგიური მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. შემდგომი ვიზიტებისა და კვლევების სიხშირეს ექიმი სიმსივნის ტიპის, ჩატარებული მკურნალობისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრავს. თუ გეგმურ ვიზიტამდე ახალი სიმპტომი გამოვლინდა ან არსებული ჩივილი გაძლიერდა, პაციენტმა ექიმს დროულად უნდა მიმართოს. მეთვალყურეობა ასევე მოიცავს მკურნალობის გვერდითი ეფექტების მართვასა და რეაბილიტაციას.
მკურნალობის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მომსახურების დაფინანსების პირობების ცოდნაც. თოდუას კლინიკაში ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისი. კონკრეტული მომსახურების დაფარვისა და შესაძლო თანაგადახდის პირობები პაციენტმა წინასწარ უნდა დააზუსტოს. მომსახურების ზუსტი ფასის გასაგებად კი შეუძლია Todua AI გამოიყენოს.
R