70 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 20 ლარზე მეტით უნდა გაიზარდოს
კომიტეტმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვას მხოლოდ იმ დათქმით დაუჭირა მხარი, თუკი მათი გადაწყვეტილება, შენიშვნის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება. ამ გადაწყვეტილებას, დიდი ლბათობით ფინანსთა სამინისტროც გაიზიარებს.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივების ასახვას ითხოვს. მოთხოვნებს შორისაა დეკრეტული შვებულების ერთჯერადი დახმარების 3 000 ლარამდე გაზრდა და 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის მატება. კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის თქმით, დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი სწორედ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების პირობით დაუჭირეს. არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპისა და გლობალური ინფლაციური პროცესების ფონზე, სახელმწიფოს აქვს რესურსი, სოციალური პაკეტები კიდევ უფრო გააუმჯობესოს.
ჯანდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებას, 70 წლამდე ასაკის პენსია უფრო მეტად გაიზარდოს, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროც მხარს დაუჭერს და შენიშვნას სახელმწიფო ბიუჯეტში ასახავს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა კიდეც, რომ პენსიის 20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც უნდა იყოს, თუმცა იგი არსებული კანონმდებლობის მიხედვით არის დათვლილი:
„სამართლიანობის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ 20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა, რომ იყოს, თუმცა პირველადი ბიუჯეტი მომზადებულია იმ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, რომელიც ქვეყანაში არსებობს - ეს მოიცავს, როგორც პენსიების, ისე ხელფასების ინდექსაციის ნაწილს. ორივე ეს მიმართულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
შესაბამისად, როგორც პენსია, ისე ხელფასი ამ კანონმდებლობის მიხედვით არის დათვლილი. ახლა კი სწორედ ამიტომ ტარდება საპარლამენტო განხილვები და სწორედ ამიტომ არსებობს ბიუჯეტის ფორმირების ორთვიანი პერიოდი, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის იმ მაჩვენებლებს, რაც თითოეული მიმართულებით უნდა იყოს“, - განაცხადა კაკაურიძემ.