ალტე უნივერსიტეტი და თსსუ გამართავენ ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“
2026 წლის 29-30 ოქტომბერს ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორობით გაიმართება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - AIMCare 2026.
ორდღიანი ღონისძიება თბილისში, Hilton Garden Inn-ში ჩატარდება და გააერთიანებს მედიცინის, ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს, მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და ინოვატორებს.
მასშტაბურ კონფერენციას დაესწრებიან წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები, კლინიცისტები, ინჟინრები და ჯანდაცვის სექტორის ექსპერტები 10 ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, პოლონეთი, ჩეხეთი და იორდანია.
ღონისძიების ორივე დღის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანი, რაც ქართულენოვან მონაწილეებს საშუალებას მისცემს, სრულფასოვნად გაეცნონ საერთაშორისო მომხსენებლების პრეზენტაციებს და ჩაერთონ კონფერენციის პროგრამაში.
მედიცინის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთო პლატფორმა
ხელოვნური ინტელექტი უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამედიცინო კვლევის, განათლების, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ჯანდაცვის პროცესების მართვაზე. ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივი განხილვა.
AIMCare 2026 სწორედ ამ მიზანს ემსახურება. კონფერენცია შექმნის ინტერდისციპლინურ სივრცეს, სადაც მედიცინის, აკადემიური და ტექნოლოგიური სფეროების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ კვლევის შედეგებს, პროფესიულ გამოცდილებასა და ინოვაციურ ხედვებს.
ალტე უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ცოდნისა და რესურსების გაერთიანებისა და ახალი პიროვნული კავშირების ჩამოყალიბებისთვის:
„ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში დღეს უკვე ცვლის კვლევის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და სამედიცინო განათლების პროცესებს. უნივერსიტეტების პასუხისმგებლობაა, მომავალ პროფესიონალებს მისცენ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნა, არამედ მათი კრიტიკულად, ეთიკურად და პაციენტის ინტერესების დაცვით შეფასების უნარიც. AIMCare 2026 სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ის აერთიანებს მედიცინის, ტექნოლოგიებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ახალგაზრდა მკვლევრებს საკუთარი იდეებისა და ნაშრომების წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. თსსუ-სთან თანამშრომლობით გვინდა, შევქმნათ პლატფორმა, რომელიც რეალურ გავლენას მოახდენს საქართველოში სამედიცინო განათლების, კვლევისა და ჯანდაცვის განვითარებაზე.“ - ირმა გრძელიძე, ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ საქმეთა და კვლევის მიმართულებით, დოქტორი.
AIMCare 2026-ის პროგრამა ხელოვნური ინტელექტის მედიცინასა და ჯანდაცვაში გამოყენების სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში;
- ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში;
- ხელოვნური ინტელექტი კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირებასა და მართვაში.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი დაავადებების გამოვლენის, კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების, პროფესიული სწავლებისა და ჯანდაცვის პროცესების მართვის შესაძლებლობებს. ყურადღება დაეთმობა როგორც ტექნოლოგიურ პროგრესს, ისე მის გამოყენებასთან დაკავშირებულ ეთიკურ გამოწვევებს, მონაცემთა უსაფრთხოებასა და სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას ადამიანის მიერ პროცესების კონტროლის აუცილებლობას.
მნიშვნელოვანია, რომ გააერთიანებს სხვადასხვა პროფესიულ გამოცდილებას და მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის სამედიცინო სფეროში გამოყენებას სამეცნიერო, კლინიკური, ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო პერსპექტივებიდან შეხედონ.
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს როგორც სამედიცინო განათლებაში, ისე კვლევასა და კლინიკურ პრაქტიკაში. ხელოვნური ინტელექტი ქმნის დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებს, თუმცა მისი ინტეგრაცია პასუხისმგებლიან მიდგომას, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვას, ეთიკური საკითხების გააზრებასა და ადამიანის მიერ პროცესების კონტროლის შენარჩუნებას მოითხოვს. AIMCare 2026 ამ საკითხების ინტერდისციპლინური განხილვის, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ამ მიმართულებით ალტე უნივერსიტეტთან თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს, გავაერთიანოთ ცოდნა და გამოცდილება და ხელი შევუწყოთ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და ეფექტიან დანერგვას საქართველოს სამედიცინო და საგანმანათლებლო სივრცეში.“ - რიმა ბერიაშვილი, თსსუ-ის აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი.
AIMCare 2026-ში მონაწილეობა შეუძლია აკადემიურ პერსონალს, სამედიცინო სფეროს პროფესიონალებს, მკვლევრებს, პედაგოგებსა და ინოვატორებს, როგორც მომხსენებლის, ისე მსმენელის სტატუსით.
კონფერენცია მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, წარმოადგინონ თემატიკასთან დაკავშირებული სამეცნიერო ნაშრომები, კვლევები და ინოვაციური პროექტები. მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ პანელურ დისკუსიებში და ჩაატარონ პრაქტიკული ვორქშოპები, რისთვისაც წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო.
ნაშრომის კრებულში გამოქვეყნების წესები:
გამოქვეყნებისთვის ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 9 ნოემბერი. აბსტრაქტების კრებულსა და კონფერენციის საბოლოო მასალებს მიენიჭება ISSN და DOI, რაც მათ სამეცნიერო სივრცეში იდენტიფიცირებასა და ციტირებას შეუწყობს ხელს.
კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
AIMCare 2026 გაიმართება 29-30 ოქტომბერს, Hilton Garden Inn-ში, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №64ა.
კონფერენციისა და აბსტრაქტების წარდგენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://ic.alte.edu.ge/call-for-abstracts/
R