ტკბილი გამოწვევა – შაქრიანი დიაბეტის მართვის ინოვაციური მიდგომები
უმალვე გონებაში ამოტივტივდება ფრთიანი ფრაზა – „დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების წესია“. ამ სიტყვებით ენდოკრინოლოგები კვების, ფიზიკური აქტივობისა და პაციენტის მიერ გლუკოზის დონის კონტროლის მნიშვნელობას აღნიშნავენ შაქრიანი დიაბეტის მართვაში. ეს ღონისძიებები საშუალებას იძლევიან დაავადება იქცეს მართვად მდგომარეობად და აღარ აღიქმებოდეს საშინელ განაჩენად.
ჩვენი მკითხველებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ არსებობს დიაბეტის სხვადასხვა სახე, რომელთა შორისაც უხშირესია დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2.
ტიპი 1 დიაბეტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა უცნობი მიზეზით ანადგურებს პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს. დიაბეტით დაავადებულთა 10%-ს დაავადების სწორედ ეს ფორმა აქვს.
ჩვეულებრივ, ტიპი 1 დიაბეტი დგინდება ბავშვობისა და ახალგაზრდობის ასაკში, თუმცა, გამოვლინება ნებისმიერ დროს შესაძლებელია. დაავადების მართვისათვის აუცილებელია ინსულინის ინიექციები.
ტიპი 2 დიაბეტის დროს ორგანიზმი ვეღარ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობით ინსულინს ან/და სხეულის უჯრედები ნორმალურად ვეღარ რეაგირებენ არსებულ ინსულინზე (ინსულინრეზისტენტობა). ეს არის დიაბეტის უხშირესი ტიპი, უფრო მეტად გვხვდება მოზრდილებში, თუმცა არ არის გამორიცხული ბავშვთა ასაკშიც.
დაავადების კონტროლი შესაძლებელია დიეტით, ფიზიკური აქტივობით და ტაბლეტირებული პრეპარატებით, თუმცა გარკვეულ ეტაპზე შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ინიექციები.
ტიპი 2 დიაბეტის წინა სტადიაა პრედიაბეტი – მდგომარეობა, როცა სისხლში გლუკოზის შემცველობა ნორმასთან შედარებით მომატებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ დიაბეტის დიაგნოზი დაისვას.
მართალია, ცხოვრების წესი და დაავადების თვითკონტროლი დაავადების ორივე ფორმისას მნიშვნელოვანია, მაგრამ სწორი კვება, სათანადო ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებულ როლს იძენს ტიპი 2 დიაბეტისას, ხოლო გლუკოზის მუდმივი თვითკონტროლი გაცილებით მნიშვნელოვანია ტიპი 1 დიაბეტის დროს.
დღეს შევეცდებით მოკლედ მიმოვიხილოთ დიაბეტის მართვის თვალსაზრისით უკანასკნელი ათწლეულების სიახლეები.
-
გლუკოზის მუდმივი კონტროლი
სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია დიაბეტის ორივე ტიპის დროს, თუმცა, ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში, როცა ინსულინის დოზის შერჩევაა საჭირო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ტრადიციულად გულკოზის კონტროლი ხდება გლუკომეტრის გამოყენებით – სპეციალურ ტესტ-ჩხირზე დაიტანება თითის ჩხვლეტისას გამოყოფილი სისხლი და ტესტ-ჩხირი თავსდება სპეციალურ აპარატში – გლუკომეტრში. რამდენიმე წამში გლუკომეტრზე აღინიშნება გლუკოზის მაჩვენებელი. იდეალურ შემთხვევაში, ასეთი კონტროლი უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, დღე-ღამეში ოთხჯერ – ძირითადი კვებისა და ძილის წინ. დამატებითი კონტროლი შესაძლოა საჭირო გახდეს ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ და ღამის 3 საათისათვის (მეტი უსაფრთხობისათვის), ვარჯიშამდე და მის შემდეგ, საჭესთან დაჯდომამდე და გლუკოზის დონის დაქვეითებაზე – ჰიპოგლიკემიაზე ეჭვისას.
რასაკვირველია, ამ ოდენობის ჩხვლეტა თითში დიაბეტიან პაციენტს დისკომფორტს უქმნის. ამ უხერხულობამ და გლუკოზის ხშირი კონტროლის აუცილებლობამ, გლუკოზის მონიტორინგის კომფორტული საშუალებების ძიება განაპირობა. დღეს შექმნილია გლუკოზის მუდმივი მონიტორინგის სისტემები.
გლუკოზის მუდმივი მონიტორინგის სისტემა საშუალებას იძლევა სპეციალური მოწყობილობის – პატარა ზომის სენსორით, მუდმივად ( „24/7 რეჟიმით“) ყოველი 5 წუთის ინტერვალით განისაზღვროს გლუკოზის შემცველობა ინტერსტიციულ (უჯრედშორის) სითხეში. სენსორი დამაგრებულია პაციენტის სხეულზე და კანქვეშ არსებულ უჯრედშორის სითხეს უკავშირდება. სენსორს უერთდება ტრანსმიტერი, რომელიც აღიქვამს სენსორის ინფორმაციას და უსადენო კავშირით უგზავნის სათანადო მოწყობილობას.
ითვლება, რომ ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა უნდა შესთავაზონ ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ ყველა მოზრდილს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისათვის, რომელთაც აქვთ ხშირი და მძიმე ჰიპოგლიკემიის (გლუკოზის დონის დაქვეითება) ეპიზოდები, დარღვეული აქვთ ჰიპოგლიკემიის სიმპტომების აღქმა.
სადღეისოდ შემუშავებულია სხვადასხვა თაობის მოწყობილობა გლუკოზის მუდმივი მონიტორინგისათვის (გმმ), რომელთა სრულყოფაც გრძელდება. გმმ-ის დახმარებით შესაძლებელია ჰიპერ- ან ჰიპოგლიკემიის შესახებ გაფრთხილება. მრავალი სისტემის მეშვეობით გლუკოზის მაჩვენებელი შეიძლება გადაეცეს მობილურ ტელეფონს, გაუზიარდეს პაციენტის ოჯახის წევრს, სამედიცინო პერსონალს. გმმ-ს მრავალი მოწყობილობა უკავშირდება ინსულინის ტუმბოს, რის შედეგაც ავტომატურად იცვლება ინსულინის ინფუზია.
გლუკოზის მუდმივი მონიტორინგის სისტემის გამოყენებისას პერიოდულად აუცილებელია გლუკოზის კონტროლი გლუკომეტრის გამოყენებით და/ან ლაბორატორიული კონტროლი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსულინის დოზის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ჰიპოგლიკემიის მკურნალობის დროს.
რადგანაც გლუკომეტრით ისაზღვრება გლუკოზის შემცველობა სისხლში, მუდმივი მონიტორინგის მოწყობილობით კი – უჯრედშორის სითხეში, მაჩვენებლები განსხვავებულია, რაც სავსებით ბუნებრივია.
-
ინსულინის ტუმბო
ინსულინის ტუმბო არის მცირე ზომის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც ჯანმრთელი პანკრეასის ანუ კუჭუკანა ჯირკვლის მუშაობის იმიტირების საშუალებას გვაძლევს. ტუმბოს გამოყენებისას, ინსულინი, სპეციალური საინფუზიო კანულის მეშვეობით, შეაღწევს კანქვეშ. ტუმბოში გამოიყენება ხანმოკლე ან ძალიან ხანმოკლე მოქმედების ინსულინები, რომლებიც ინდივიდუალური სქემით უწყვეტი რეჟიმით მიეწოდება ორგანიზმს.
ტუმბოს საშუალებით ინსულინოთერაპიის ჩვენებას განსაზღვრავს ენდოკრინოლოგი. უმთავრესად ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, როცა პაციენტს აქვს დიაბეტი ტიპი 1; დღე-ღამის განმავლობაში საჭიროა ინსულინის 3 და მეტი ინიექცია; პაციენტს შეუძლია იანგარიშოს მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა; საჭიროა დიაბეტის კონტროლის გაუმჯობესება.
დღეს მედიცინის განკარგულებაშია სხვადასხვა ტიპის ინსულინის ტუმბო. ზოგიერთი უკავშირდება ინსულინის უწყვეტი მონიტორინგის სისტემას. არჩევანს ამ მრავალფეროვნების პირობებში განსაზღვრავს პაციენტის ინდივიდუალური სურვილი, ფასი, ცხოვრების სტილი.
ინსულინის ტუმბოს გამოყენება შესაძლებელია ცალკეც და ინსულინის უწყვეტი მონიტორინგის სისტემასთან ერთადაც.
-
ხელოვნური პანკრეასი
ინსულინის ინფუზიის კონტროლისათვის შესაძლებელია, ტუმბო იყენებდეს სპეციალურ ალგორითმს (რაც ემყარება გლუკოზის სამიზნე ციფრებსა და უწყვეტად მიღებულ მონაცემებს). ასეთ სისტემას უწოდებენ ნაწილობრივ ავტომატიზებულ (ჰიბრიდულ) სისტემას ჩაკეტილი კონტურით. სწორედ ეს არის ინსულინის ავტომატური მიწოდება, ანუ ხელოვნული კუჭქვეშა ჯირკვალი – პანკრეასი. თანამედროვე ჩაკეტილი სისტემები ჰიპოგლიკემიისას ავტომატურად ცვლიან ინსულინის დოზას.
-
ინსულინის ინტელექტუალური კალამი
ინტელექტუალური ანუ ინსულინის ჭკვიანი კალამი ცხოვრებას უადვილებს დიაბეტიან პაციენტს, რომელსაც ინსულინის ინიექციები სჭირდება.
ჭკვიანი კალამი არის მრავალჯერადი მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად იწერს და აღნიშნავს, როდის, რა დოზით ჩატარდა ინსულინის ინიექცია, რამდენი დროა გასული ბოლო ინიექციიდან, რომელი ინიექციაა გამოტოვებული. კალამი უსადენოდ (ბლუთუზით) უკავშირდება მობილურის სპეციალურ აპლიკაციას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება აღნიშნული ინფორმაციის აღქმა და ინსულინის დოზის კორექცია.
-
ახალი მედიკამენტები
შაქრიანი დიაბეტის გავრცელების მაჩვენებელი, დაავადების ქრონიკული ხასიათი და სათანადო მართვის არარსებობისას პროგრესირება მრავალი ორგანოს დაზიანებით, განაპირობებს ექიმებისა და მეცნიერების მუდმივ სწრაფვას, ახალი მედიკამენტების მეშვეობით გააუმჯობესონ პაციენტთა მდგომარეობა, გაახანგრძლივონ მათი სიცოცხლე. სწორედ აღნიშნული შრომის შედეგია ბოლო პერიოდში დიაბეტის სამკურნალო ახალი პრეპარატების შემუშავება და უკვე კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვა. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ განვიხილოთ ეს საშუალებები:
GLP-1 (გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი) 1) რეცეპტორის აგონისტები – ეს პრეპარატები გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1-ის მოქმედების იმიტაციას ახდენენ. გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1 კი არის ინსულინის სეკრეციის სტიმულატორი, თრგუნავს გლუკაგონის (ინსულინის ანტაგონისტი) სეკრეციას, აფერხებს კუჭის დაცლას, გულისა და თირკმლის დაცვას. ასეთი მოქმედებით პრეპარატი აუმჯობესებს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს, ხელს უწყობს წონის დაქვეითებას.
SGLთ-2 (ნატრიუმ-გლუკოზისკოტრანსპორტერ 2) ინჰიბიტორები – ამ ჯგუფის პრეპარატები ბლოკავენ სატრანსპორტო სისტემას, რომელიც თირკმლის მილაკებში გლუკოზის რეაბსორბციას (უკუშეწოვას) ახდენს. ამის შედეგად იმატებს შარდით გლუკოზის გამოყოფა და სისხლში მისი შემცველობა ქვეითდება. ჭარბი სითხის გამოყოფა აუმჯობესებს გულისა და თირკმლის მდგომარეობას.
GIP/GLP-1 (გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი/(გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1) ორმაგი აგონისტები – დიაბეტის სამკურნალო უახლესი მედიკამენტების ჯგუფი, რომლებიც მოქმედებენ ორ ჰორმონზე, აძლიერებენ მათ მოქმედებას გლუკოზის კონტროლის, მადის დაქვეითების, წონის კლების თვალსაზრისით, დიაბეტი ტიპი 2-ისა და სიმსუქნისას.
ამ მედიკამეტების მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ მათი ეფექტი სცდება უბრალოდ გლუკოზის მაჩვენებლის დაქვეითების ჩარჩოებს, ამასთან, განაპირობებენ თირკმლისა და გულის დაცვას, წონის კლებას, მეტაბოლური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, თავიდან გვაცილებენ დიაბეტის გართულებებს.
-
ჭკვიანი ინსულინები
ჭკვიანი ანუ გლუკოზისადმი მგრძნობიარე ინსულინები შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მოწინავე მიმართულებაა. მისი მიზანია ისეთი ინსულინის შექმნა, რომელიც ავტომატურად (თავისთავად) გააქტიურდება სისხლში გლუკოზის შემცველობის მატების საპასუხოდ. მსგავსი პრეპარატის გამოყენება გაცილებით გააადვილებს დიაბეტის მართვას, მას უფრო ზუსტ და ნაკლებად შემაწუხებელ პროცესად აქცევს. ამის მიღწევა კი შესაძლებელია იმ მოლეკულური მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც რეაგირებენ გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილებაზე.
სადღეისოდ, ჭკვიანი ინსულინები შემუშავებისა და კლინიკური გამოცდის სტადიაზეა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეცნიერები მუშაობენ მისი ეფექტური და უსაფრთხო ფორმულების შემუშავებაზე. ძირითადი პრობლემებია ინსულინის ზუსტი რეაგირება გლუკოზის შემცველობაზე, მისი სტაბილურობა და უსაფრთხობა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურ პრაქტიკაში ფართოდ დანერგვა ჯერ ადრეა, ასეთი ინსულინი რადიკალურად შეცვლის დაავადებულთა ცხოვრებას.
-
შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის პერსპექტიული მიმართულებები
მეორე ტიპის დიაბეტისა და წონის კონტროლის თვალსაზრისით ეფექტურია ბარიატრიული ქირურგია (კუჭის შუნტირება).
მეცნიერები მუშაობენ პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელი დაზიანებული უჯრედების აღდგენის ან შეცვლის მეთოდებზე. მათ შორის განიხილავენ ღეროვანი უჯრედების გამოყენებისა და ბეტა უჯრედების ტრანსპლანტაციის შესაძლებლობასაც.
იკვლევენ იმუნოთერაპიის (რიტუქსიმაბი) ეფექტურობას აუტოიმუნური შეტევისას პანკრეასის ბეტა უჯრედების დაცვის თვალსაზრისით, ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტისას.
-
მნიშვნელოვანი სიახლეები თანამედროვე სახელმძღვანელო მითითებების მიხედვით
ყოველწლიურად დიაბეტის შემსწავლელი ავტორიტეტული ორგანიზაციები – ამერიკის დიაბეტის ასოციაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჯანდაცვის და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ნაციონალური ინსტიტუტი (გაერთიანებული სამეფო) და სხვა პროფესიული გაერთიანებები, არსებული სარწმუნო მონაცემების გადახედვის საფუძველზე, აახლებენ დიაბეტის მართვის სამუშაო რეკომენდაციებს – გაიდლაინებს.
2024-2026 წლების გაიდლაინების მიხედვით ხაზგასმულია გლუკოზის უწყვეტი კონტროლის, მისი ფართოდ დანერგვის მნიშვნელობა დიაბეტის მართვის თვალსაზრისით მაშინაც კი, როცა პაციენტს არ უტარდება მკურნალობა ინსულინით; სულ უფრო მეტად ფართოვდება GLP-1 აგონისტების და შGLთ2 ინჰიბიტორების როლი გულისა და თირკმლის დაცვის თვალსაზრისით; ახლებურად მიმართეს მზერა წონაზე მოქმედი მედიკამენტებისადმი, თუმცა არა წონის, არამედ დიაბეტის მართვის თვალსაზრისით; ინდივიდუალური მოვლა სჭირდებათ დიაბეტით დაავადებულ მოწყვლად ჯგუფებს – ორსულებს, დასუსტებულ პაციენტებს, სოციალური მდგომარეობისა და ტექნოლოგიების წვდომის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიცავს ტიპი 1 დიაბეტის დროს სათანადო ჩვენებისას არა-ინსულინური მედიკამენტების ადრეულ გამოყენებას და პრედიაბეტის პრევენციას (პროფილაქტიკას) დიეტისა და წონის კლების მეშვეობით.
-
დიეტა და ფიზიკური აქტიურობა
დიაბეტის მონიტორინგისა და მკურნალობის სულ უფრო დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური მეთოდების შემუშავების მიუხედავად, დიაბეტის ორივე ტიპის შემთხვევაში უცვლელი რჩება ისეთი არამედიკამენტური მეთოდების მნიშვნელობა, როგორებიცაა დიეტა და ფიზიკური აქტიურობა.
დიეტურ კვებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ტიპი 2 დიაბეტის მართვის დროს. აღიარებულია, რომ დიაბეტის სათანადო მართვისათვის მნიშვნელოვანია ნორმის ფარგლებში იყოს გლიკირებული ჰემოგლობინი (მაჩვენებელი, რომელიც ასახავს გლუკოზის შემცველობას ბოლო 3 თვის განმავლობაში), სისხლის არტერიული წნევა და ქოლესტეროლი. გლუკოზის დონის სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნება გვეხმარება თვალის, თირკმლის, ნერვების დაზიანების არიდებაში. არტერიული წნევისა და ქოლესტეროლის ნორმალური მაჩვენებელი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების რისკს, რაც საკმაოდ ხშირი გართულებაა ტიპი 2 დიაბეტისას. დიეტის მიზანია გლუკოზის, ქოლესტეროლისა და სხეულის წონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნება.
დიეტა მნიშვნელოვანია ტიპი 1 დიაბეტის დროსაც. ამ შემთხვევაში გლუკოზის დონეზე მრავალი ფაქტორი ზემოქმედებს – მიღებული საკვების რაოდენობა, გლუკოზის კონტროლის სიხშირე, გლუკოზის უწყვეტი კონტროლი, პაციენტის ფიზიკური აქტიურობა, ინსულინის ზუსტი დოზირება. ყოველდღიურად საკვების სტაბილური რაოდენობის მიღება, ინსულინის ზუსტი დოზირება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სისხლში გლუკოზის შემცველობას. შორეულ პერსპექტივაში ეს ამცირებს დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების რისკს, აუმჯობესებს წონას.
ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში, ორივე ტიპის დიაბეტის მართვის მნიშვნელოვანი მომენტია. ვარჯიში ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებას. ის აქვეითებს სისხლის არტერიულ წნევასა და ქოლესტეროლსაც, ეხმარება სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნებას, ასევე მეხსიერებას, ძილს, გუნებ-განწყობას.
ცალსახად ნათელია, რომ მჯდომარე ცხოვრების წესს ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობა ჯობს, თუმცა მისი სარგებლის ოპტიმიზაციისათვის რეკომენდებულია საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტიურობა კვირაში 150 წუთის განმავლობაში (მაგალითად, 30 წუთი 5 დღის განმავლობაში) ან ენერგიული აქტიურობა 75 წთ-ის განმავლობაში. თუ შესაძლებელია, სასურველია დატვირთვა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.
თუ პაციენტი მკურნალობს ინსულინით, სასურველია გლუკოზის კონტროლი დატვირთვის წინ და მის შემდეგ. უფრო დეტალური ინფორმაცია ფიზიკური აქტიურობის, გლუკოზის კონტროლისა და მისი დონის კორექციის შესახებ ინსულინით მკურნალობისას, პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმისაგან.
დიაბეტის მართვის თანამედროვე და პერსპექტიული მეთოდების მიზანია პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, გართულებათა რისკის შემცირება და გაცილებით თავისუფალი დამოკიდებულება დიეტისა და ფიზიკური აქტიურობის მიმართ.