რა არის პროლაქტინი და რა იწვევს მის მატებას
პროლაქტინი ორსულებში
ორსულობისას სისხლში პროლაქტინის დონე იმატებს, რაც ქალის ორგანიზმში რძის გამომუშავებას იწვევს. დადგენილია, რომ ორსულობისას პროლაქტინის დონე 10-20-ჯერ აღემატება ორსულობამდელს. მშობიარობის შემდეგ, თუ ქალი ძუძუს აწოვებს ჩვილს, ჰორმონის დონე მომატებული რჩება, თუ არა – მალევე უბრუნდება საწყის მაჩვენებელს, თუმცა, მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ, პროლაქტინის მაჩვენებელი, შესაძლოა, ძუძუთი კვების შემთხვევაშიც დაუბრუნდეს ნორმას.
პროლაქტინი გამომუშავდება არაორსული ქალისა და მამაკაცის ორგანიზმშიც, თუმცა ბოლომდე დღესაც არ იციან, რა როლი აკისრია ამ ჰორმონს მათ ორგანიზმში.
როდის იმატებს პროლაქტინი
სისხლში პროლაქტინის შემცველობა დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვაგვარია. ყველაზე მაღალია ძილის დროს და გამოღვიძებიდან მოკლე ხნის განმავლობაში.
პროლაქტინის შემცველობა მნიშვნელოვნად იმატებს ფიზიკური თუ ემოციური სტრესის დროს.
მისი მომატების მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი მედიკამენტიც.
პროლაქტინომა
ჰიპოფიზის სიმსივნის დროს სისხლში პროლაქტინის შემცველობა საგრძნობლად იმატებს, ხოლო ამ ჯირკვლის სერიოზული დაზიანებისას იკლებს. ჰიპოფიზის სიმსივნეს, რომელიც პროლაქტინის პროდუქციას ახდენს, პროლაქტინომას უწოდებენ. პროლაქტინომა ჰიპოფიზის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმსივნეა, ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანი ბუნებისა. ქალებს შორის უფრო ხშირია, თუმცა გვხვდება მამაკაცებთანაც. პროლაქტინომა ადამიანის ორგანიზმს ორი მიზეზით უქმნის პრობლემებს.
- ერთია – ჰორმონ პროლაქტინის ჭარბი პროდუქცია, რაც არაორსულ ქალებსა და მამაკაცებშიც კი იწვევს რძის გამოყოფას;
- მეორე – სიმსივნის ზრდა და მისი ზეწოლა ირგვლივ მდებარე სტრუქტურებზე.
როდესაც სიმსივნე საგრძნობლად იზრდება, მხედველობის ნერვზე მისი ზეწოლის გამო ვითარდება თავის ტკივილი, ირღვევა მხედველობა. გარდა ამისა, იმატებს ჰიპოფიზის მიერ პროდუცირებული სხვა ჰორმონების დონეც და ორგანიზმზე მათი ზემოქმედების შედეგიც იჩენს თავს.
პროლაქტინომა, ჩვეულებრივ, მცირე ზომისაა. როდესაც ჩნდება ეჭვი ამ სიმსივნეზე, ექიმი, წარმონაქმნის ზომისა და მდებარეობის ზუსტად დასადგენად, სისხლში პროლაქტინის განსაზღვრის გარდა, ნიშნავს თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას. პროლაქტინის სიჭარბე იწვევს ქალების უნაყოფობას, არარეგულარულ მენსტრუაციას, მამაკაცებს კი თანდათან უქვეითდებათ სქესობრივი ფუნქცია და ლტოლვა.
როდის ტარდება პროლაქტინის გამოკვლევა
სისხლში პროლაქტინის შემცველობის განსაზღვრის მიზანია:
- გალაქტორეის ანუ რძის გამოყოფის მიზეზის დადგენა;
- თავის ტკივილისა და მასთან ერთად მხედველობის მოშლის მიზეზის დადგენა;
- მამაკაცების უნაყოფობისა და ერექციული დისფუნქციის მიზეზის დადგენა;
- ქალების უნაყოფობის მიზეზის დადგენა;
- პროლაქტინომის დიაგნოსტიკა;
- ჰიპოფიზის ფუნქციის დადგენა;
- მეთვალყურეობა პროლაქტინომის მკურნალობისას.
ამის კვალობაზე, სისხლში პროლაქტინის გამოკვლევა მაშინ ინიშნება, როდესაც პაციენტს აქვს პროლაქტინომის სიმპტომები – აუხსნელი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა და/ან რძის გამოყოფა, რაც არ უკავშირდება ორსულობას ან ძუძუთი კვებას. მხოლოდ თავის ტკივილი არ არის საკმაო საფუძველი საიმისოდ, რომ პროლაქტინის დონის მატება ვივარაუდოთ და გამოკვლევა ჩავატაროთ.
პროლაქტინის დონის განსაზღვრა რეკომენდებულია მაშინაც, როცა ქალს აქვს არარეგულარული მენსტრუაცია ან ვერ ორსულდება; მამაკაცს აღენიშნება დაქვეითებული სქესობრივი ლტოლვა, რძის გამოყოფა ან არ შესწევს ბავშვის ჩასახვის უნარი.
წესისამებრ, ჩამოთვლილ შემთხვევებში პროლაქტინის გამოკვლევა ტარდება არა იზოლირებულად, არამედ სხვა ჰორმონულ ანალიზებთან ერთად.
რაზე მეტყველებს კვლევის შედეგები
ქალს, რომელიც არც ორსულადაა და არც ძუძუს აწოვებს, სისხლში პროლაქტინის შემცველობა მცირე აქვს. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, მაჩვენებელი დღე-ღამის განმავლობაში იცვლება. პიკს ის დილისათვის აღწევს. ამაზეა დამოკიდებული სისხლის აღების დრო.
იდეალურ შემთხვევაში გამოკვლევა უნდა ჩატარდეს გაღვიძებიდან მცირე ხნის შემდეგ; სისხლის აღებას წინ უნდა უძღოდეს 30-წუთიანი მოსვენების პერიოდი. თუმცა, შესაძლებელია, ექიმმა, გარკვეული მოსაზრებებით, გამოკვლევა სხვა დროისთვისაც დანიშნოს. პროლაქტინის მაღალი მაჩვენებელი ნორმაა ორსულისა და ახალნამშობიარები მეძუძური დედისთვის.
გარდა ამისა, სისხლში მისი დიდი შემცველობის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ანორექსია;
- ზოგიერთი მედიკამენტით – ესტროგენებით, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, ოპიატებით, ამფეტამინით, რეზერპინით, ვერაპამილით, მეთილდოფათი, ციმეტიდინით – მკურნალობა;
- ჰიპოთალამუსის დაავადება;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
- თირკმლის დაავადება;
- ძუძუსთავების სტიმულაცია;
- ჰიპოფიზის სიმსივნე და სხვა დაავადებები;
- პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი;
- პროლაქტინომა.
პროლაქტინის ზომიერი მატება შესაძლოა განპირობებული იყოს სტრესით, ტრავმით, ავადმყოფობით და სისხლის აღების წინ შიშითაც კი. პროლაქტინის დონის დაქვეითებას, ჩვეულებრივ, არ მკურნალობენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ის ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითების ნიშანი იყოს. გარდა ამისა, პროლაქტინის დონის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი მედიკამენტით – დოფამინით, ლევოდოფათი, ერგოტამინის პრეპარატებით – მკურნალობამ.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის
უმჯობესია, გამოკვლევა ჩატარდეს უზმოზე, გაღვიძებიდან არა უმეტეს 3-4 საათის შემდეგ, სისხლის აღების წინ სასურველია 30-წუთიანი მოსვენება. ვინაიდან ძუძუსთავების სტიმულაცია პროლაქტინის მატების ერთ-ერთი მიზეზია, გამოკვლევამდე 24 საათის განმავლობაში ქალმა არ უნდა აწოვოს ძუძუ. ამ პერიოდში არც სარძევე ჯირკვლიდან გამონადენის არსებობის შემოწმებაა რეკომენდებული.
პროლაქტინის ნორმალური მაჩვენებლები
სხვადასხვა მეთოდით კვლევის შემთხვევაში პროლაქტინის ნორმა სხვადასხვაგვარია, რის გამოც, კვლევის შედეგებთან ერთად, ლაბორატორიამ უნდა მიუთითოს ნორმის საზღვრებიც.
- არაორსული ქალებისთვის პროლაქტინის ნორმაა 4-23 ნანოგრამი მილილიტრში (ნგ/მლ) ან 4-23 მიკროგრამი ლიტრში (მკგ/ლ);
- მამაკაცებისთვის – 3-15 ნგ/მლ ან 3-15 მკგ/ლ;
- ორსულებისთვის – 34-386 ნგ/მლ ან 34-386 მკგ/ლ.
რაზე მეტყველებს მაღალი მაჩვენებლები
თუ მაჩვენებელი ნორმას აჭარბებს, ნუ დაასკვნით, რომ პროლაქტინომა გაქვთ და უმალვე მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას ნუ მიმართავთ. თავდაპირველად ამ შედეგებით მიმართეთ ექიმს, რომელმაც გამოკვლევა დანიშნა. ექიმი განმეორებით შეაფასებს, მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ხომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ზოგიერთი ფაქტორი. გარდა ამისა, ექიმი მიღებულ შედეგებს აუცილებლად შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.
პროლაქტინის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც აღემატება 200 ნგ/მლ-ს, შესაძლოა განვიხილოთ პროლაქტინომის სიმპტომად. ამ შედეგის მიღებისას ინიშნება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. პროლაქტინის ნორმალური ან დაბალი მაჩვენებელი ყოველთვის არ გამორიცხავს პროლაქტინომის არსებობას, ამიტომ სხვა სიმპტომების არსებობისას, შეიძლება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა მაინც დაინიშნოს. მიუხედავად თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებისა, არის შემთხვევები, როცა პროლაქტინის მატების მიზეზი უცნობი რჩება. ამ შემთხვევაში საუბრობენ იდიოპათიური ჰიპერპროლაქტინემიის შესახებ. ანალოგიურ სიტუაციაში ხშირად პროლაქტინის მაჩვენებელი ყოველგვარი მკურნალობის გარეშე უბრუნდება ნორმას.
სტატისტიკის თანახმად
ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, ჰიპერპროლაქტინემია მოსახლეობის 1%-ს აღენიშნება და პაციენტთა 10-40%-ს უვლინდება მენსტრუაციის უქონლობით – ამენორეით (იგულისხმება მენსტრუაციის უქონლობა 3 თვის განმავლობაში, ანდა წელიწადში 9-ზე ნაკლები მენსტრუაცია). იმ პაციენტთა 75%-ს, რომლებიც გალაქტორეისა და ამენორეის გამო მიმართავენ ექიმს, ჰიპერპროლაქტინემია აქვს. ამ პაციენტთა 30%-ს პროლაქტინის წარმომქმნელი სიმსივნე აღმოაჩნდება.
მკურნალობა
ჰიპერპროლაქტინემიის სამკურნალო ორი ყველაზე ხშირად გამოყენებული მედიკამენტია ბრომოკრიპტინი და დოსტინექსი. ჩვეულებრივ, პირველი არჩევანი ბრომოკრიპტინია. თუ პაციენტი მას ვერ იტანს ან ექიმი პრეპარატს შეუფერებლად მიიჩნევს, ინიშნება დოსტინექსი. ორივე მათგანი ხელს უწყობს დოფამინის წარმოქმნას, დოფამინი კი პროლაქტინის სეკრეციას აფერხებს.
ექიმი პერიოდულად ლაბორატორიული კვლევით ამოწმებს პროლაქტინის შემცველობას სისხლში, რათა მკურნალობის ეფექტიანობა განსაზღვროს. ჰიპოფიზის დიდი ზომის მზარდი ადენომის შემთხვევაში, შესაძლოა, საჭიროდ ჩაითვალოს ქირურგიული მკურნალობა.