რატომ მოიცვა მსოფლიო მამაკაცთა მარტოობის ეპიდემიამ?
-
რით განსხვავდება მამაკაცთა მარტოობა ქალების მარტოობისგან?
მამაკაცთა მარტოობა არის ღრმა ემოციური იზოლაციის მდგომარეობა. გარშემომყოფთა არსებობის მიუხედავად, კაცი თავს მაინც მარტოსულად გრძნობს. ქალის მარტოობისგან მისი მდგომარეობა იმით განსხვავდება, რომ ის ხშირად უკავშირდება სოციალურ ნორმებს: ტრადიციულად მამაკაცებს ზრდიან დამოუკიდებელ და ემოციურად თავშეკავებულებად, რაც ართულებს მჭიდრო კავშირების დამყარებას.
-
რატომ არიან მამაკაცები მარტოსულები?
მამრობითი სქესის სოციალიზაცია დიდ წვლილს შეიტანს მამაკაცთა მარტოობის პრობლემაში. ბიჭებს, მოგვიანებით კი – მამაკაცებს, ასწავლიან, რომ ძლიერები იყვნენ, უგულებელყონ ემოციური გამოცდილება, ტკივილი და დამოუკიდებლად, დახმარების ძიების გარეშე გადაჭრან ცხოვრებისეული პრობლემები.
საზოგადოება და საყვარელი ადამიანები ხშირად აქეზებენ მამაკაცთა ძლიერ და უემოციო ქცევას; დაუცველობის გამოხატვა, საუკეთესო შემთხვევაში, იგნორირებულია, უარეს შემთხვევაში კი – დაგმობილი და გაკიცხული. ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ კაცების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ივითარებს თავიანთი ემოციების წვდომისა და გადმოცემის უნარებს. შეიძლება, „სისუსტის გამოხატვის“ გამო, მათ შერცხვეთ. ორივე შემთხვევაში, ეს იწვევს შინაგან გამოცდილებაზე საუბრის, დახმარებისა და მხარდაჭერის ძიებისთვის თავის არიდებას.
როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი მარტოობას? ფაქტია, რომ ახლო ურთიერთობები აგებულია იმაზე, რომ ადამიანები ერთმანეთს უმხელენ თავიანთ სისუსტეებს. თუმცა, კაცების კომუნიკაცია ხშირად ზედაპირული რჩება, რაც ხელს უშლის ღრმა და ინტიმური კავშირების ჩამოყალიბებას. ამის გამო მამაკაცებმა, შესაძლოა, მეგობრებთან და რომანტიკულ პარტნიორებთანაც კი, თავი მარტოსულად იგრძნონ.
-
მამაკაცური მარტოობის ეპიდემია
მამაკაცებს არ ჰყავთ მეგობრები ან საყვარელი ადამიანები, რომლებთანაც შეუძლიათ საუბარი, ნდობისა და მყარი კავშირების დამყარება, სოციალურ- თუ მასმედიაში ამ მოვლენას „მამაკაცის მარტოობის ეპიდემიაც“ (მალე ლონელინესს ეპიდემიც) კი ეწოდება, რაც პრობლემის მასშტაბებსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას ადასტურებს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მამაკაცთა მარტოობის პრობლემა მართლაც ფართოდაა გავრცელებული და ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ „ეპიდემიად“.
მაგალითად, 2021 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თანამედროვე მამაკაცების 15%-ს არ ჰყავს ახლო მეგობრები. შედარებისთვის – 1990-იანი წლების დასაწყისში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3% იყო.
-
მამაკაცთა მარტოობის საფრთხეები
მონაცემთა უმრავლესობა ადამიანის ცხოვრებაზე მარტოობის უარყოფით გავლენაზე მიუთითებს. ამერიკელმა მკვლევარებმა ცალსახად განაცხადეს, რომ მარტოობა ნაადრევი სიკვდილის რისკს 26%-ით ზრდის. მნიშვნელოვანი სოციალური კავშირების არარსებობა ისეთივე მავნეა, როგორც დღეში 15 სიგარეტის მოწევა.
გარდა ამისა, ხანგრძლივი მარტოობა იწვევს სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის სუბიექტური დონის მატებას და, რაც ყველაზე საშინელია, მამაკაცთა თვითმკვლელობის მაჩვენებლის ზრდას. Harvard Gazette-ის სტატიაში მოხმობილია სხვა მონაცემები: მარტოობის მაღალი დონე ასოცირდება ბედნიერების, მომავლის ოპტიმისტური ხედვის შემცირებასთან, ცხოვრების აზრისა და უკეთესი მომავლის იმედის უქონლობასთან.
-
როგორ უნდა დაიძლიოს მამაკაცთა მარტოობა
მამაკაცის მარტოობის პრობლემის გადასაწყვეტად უნდა გადაიხედოს მამაკაცების ამჟამინდელი გენდერული სოციალიზაცია. ინდივიდუალურ დონეზე ასეთი ხელახალი შეფასება შეიძლება მოიცავდეს ყველა წარმოშობილი ემოციის აღიარებასა და ნორმალიზებას, ასევე ისეთ იდეებში დაეჭვებას, როგორიცაა – „დახმარების თხოვნა სისუსტეა“ და „ნამდვილ მამაკაცს ყველაფრის დამოუკიდებლად მოგვარება უნდა შეეძლოს“. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ შესაძლოა ამ იდეათა ვერბალიზება არც კი მოხდეს, თუმცა დანაშაულის გრძნობას მაინც იწვევდეს და ადამიანის ცხოვრებაზე ზემოქმედებდეს. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი უფრო მეტად იფიქრებს: „არ უნდა დავტვირთო სხვები ჩემი პრობლემებით; მათ საკმარისი საზრუნავი აქვთ“.
სოციალიზაციისა და ახალი კავშირების ძიების სურვილის ნაკლებობა შეიძლება მარტოობის ინერციის ნაწილი იყოს და მისი დაძლევა შეგნებულ ძალისხმევას მოითხოვს. კარგი საწყისი შეიძლება იყოს საერთო ინტერესების მქონე საზოგადოებები და პირისპირ შეხვედრები. სოციალური პერსპექტივიდან, მამაკაცის გენდერული სოციალიზაცია შეიძლება მოიცავდეს მამაკაცის დაუცველობის ნორმალიზებას და საზოგადოებრივ დონეზე ადამიანებთან მჭიდრო კავშირის სურვილს.