რა ზრდის და რა ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს - მეცნიერთა უახლესი აღმოჩენები
ბოლოდროინდელმა კვლევებმა ორი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოავლინა: ერთის მხრივ, მეცნიერები დაავადების განვითარებაში პაპილომავირუსის პოტენციურ კვალს ხედავენ, მეორეს მხრივ კი - ყოველდღიურ, საყვარელ სასმელში კიბოს პრევენციის შესაძლებლობას.
ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), როგორც ძუძუს კიბოს შესაძლო გამომწვევი
ჟურნალ Frontiers in Oncology-ში გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, მაღალი ონკოლოგიური რისკის მქონე ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), შესაძლოა, ძუძუს კიბოს ზოგიერთი შემთხვევის განვითარებაში მონაწილეობდეს.
მკვლევარებმა 23 ქვეყანაში ჩატარებული კვლევების შედეგები გააანალიზეს. გაერთიანებული მონაცემების მიხედვით, ადამიანის პაპილომავირუსი ძუძუს კიბოს ნიმუშების, დაახლოებით, 32.7%-ში აღმოჩნდა, მაშინ როცა ნორმალური ან კეთილთვისებიანი ქსოვილის ნიმუშებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7.6%-ს შეადგენდა. ამასთან, ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევა ადასტურებს, რომ HPV ინფექციის მქონე ქალებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი, დაახლოებით, 1.4-ჯერ მეტი აქვთ.
ამ კავშირის დასადასტურებლად მკვლევარებმა ბიოლოგიური მტკიცებულებებიც წარმოადგინეს. სიმსივნეებში აღმოჩნდა ვირუსის გენეტიკური მასალა და მისი ონკოგენური ცილები. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა კი აჩვენა, რომ მაღალი რისკის მქონე HPV ტიპებს სარძევე ჯირკვლის ნორმალური ეპითელური უჯრედების მუტაცია შეუძლიათ. ავტორები ვარაუდობენ, რომ ვირუსი სიმსივნის გენეზისის ადრეულ ეტაპებს იწვევს, რის შემდეგაც უჯრედებიდან ე.წ. „შეაღწიე და გაქრის“ (hit and run) მექანიზმით უჩინარდება. მეცნიერთა დასკვნით, არსებული მონაცემები სარძევე ჯირკვლის ზოგიერთი სიმსივნის განვითარებაში HPV-ის შესაძლო გამომწვევ როლზე მიუთითებს.
ყავა - სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკის შემცირების საშუალება
მიუხედავად ვირუსული საფრთხეებისა, მეცნიერებს პოზიტიური სიახლეებიც აქვთ. ჟურნალ Health Science Reports (HSR)-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ყავის რეგულარული მოხმარება სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული.
მკვლევარებმა 31 მასშტაბური კოჰორტული კვლევის შედეგები გააანალიზეს, რათა შეესწავლათ ჩვეულებრივი და უკოფეინო ყავის გავლენა დაავადების განვითარებაზე. ანალიზმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევდნენ ყავას, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების უფრო დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ამ სასმელს იშვიათად ან საერთოდ არ სვამდა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე თვალსაჩინო დადებითი ეფექტი პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში დაფიქსირდა.
საინტერესოა, რომ მეცნიერებმა მსგავსი ეფექტი უშუალოდ კოფეინთან მიმართებაში ვერ აღმოაჩინეს. იზოლირებულად კოფეინის (ისევე როგორც მხოლოდ უკოფეინო ყავის) მოხმარება დაავადების რისკის მნიშვნელოვან შემცირებას არ იწვევდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პოტენციური სარგებელი არა თავად კოფეინით, არამედ ნატურალურ ყავაში არსებული სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით (მაგალითად, ანტიოქსიდანტებით) არის განპირობებული.
მართალია, მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ყავა კიბოსგან დაცვის 100%-იანი გარანტია არ არის და მიღებული შედეგები ზომიერია, თუმცა, ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას ყავაში არსებული ანტიოქსიდანტების დადებითი როლის შესახებ ქალთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.