ბრიტანელ ქალს, რომელსაც 3 წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, კიბოს ნიშნები გაუქრა
ბრიტანელმა ქალმა, რომელსაც სარძევე ჯირკვლის კიბოს ტერმინალური სტადიის დიაგნოზი დაუსვეს, დიაგნოზის დასმიდან სამი წლის შემდეგ ონკოლოგები გააკვირვა. მისი ამაღელვებელი ისტორია გამოცემა Daily Mirror-მა გამოაქვეყნა.
32 წლის კლერ ვებიმ ექიმს მას შემდეგ მიმართა, რაც მკერდში სიმაგრე და შეშუპება შენიშნა. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა სარძევე ჯირკვლის აგრესიული კიბო, ფილტვებში მეტასტაზებით. ექიმებმა პაციენტი გააფრთხილეს, რომ მკურნალობა მხოლოდ დაავადების შეჩერებას შეძლებდა და მას დაახლოებით სამი წლის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს. მძიმე დიაგნოზის გაგების შემდეგ, ბრიტანელმა სიკვდილისთვის მზადება დაიწყო: მან ანდერძი შეადგინა და მცირეწლოვან შვილს წერილები მისწერა მისი მომავალი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის.
თუმცა, ტერმინალური პროგნოზის მიუხედავად, ქალმა ქიმიოთერაპიის სამი კურსი გაიარა, რის შემდეგაც ორგანიზმში კიბოს ნიშნები სრულად გაქრა. მოგვიანებით მას მასტექტომია ჩაუტარდა, რაც მანამდე შეუძლებლად ითვლებოდა, და დაენიშნა იმუნოთერაპიის ხანგრძლივი კურსი. ონკოლოგების თქმით, მკურნალობაზე ასეთი პასუხი უკიდურესად იშვიათია, რის გამოც პაციენტს თერაპიაზე „გამორჩეულად მოპასუხე“ (exceptional responder) უწოდეს.
დიაგნოზის დასმიდან სამი წლის შემდეგ, კლერ ვები თანამონაწილე გახდა შვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპისა - სკოლაში სწავლის დაწყების - ექიმების პროგნოზის გამო, კლერს ამ მომენტის ნახვის იმედი აღარ ჰქონდა. ქალმა აღიარა, რომ აღარ სურს ახალი პროგნოზების ცოდნა და ურჩევნია მთელი ყურადღება მკურნალობასა და ოჯახთან ერთად გატარებულ დროს დაუთმოს.