რა არის ეგზემა - როგორ გამოიყურება დაავადება და ძირითადი ტიპები
ეგზემა წარმოადგენს კანის ანთებით დაავადებათა ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქავილი, სიწითლე, სიმშრალე და გამონაყარი. ჩვეულებრივ, ჯანმრთელი კანი წარმოადგენს დამცავ ბარიერს გარემოსა და ორგანიზმს შორის. ის ინარჩუნებს ტენს კანის შიგნით, ხელს უშლის გამღიზიანებლებისა და ალერგენების შეღწევას, გვიცავს გადაცივებისგან და გადახურებისგან, წარმოადგენს ორგანიზმის თავდაცვის პირველ რგოლს ბაქტერიებთან, ვირუსებთან, სოკოებისა და ალერგენებთან ბრძოლაში. ეგზემის ნებისმიერ ფორმის დროს კი ეს დამცავი ბარიერი ზიანდება, რის შედეგადაც კანს უჭირს ამ ფუნქციების შესრულება, შედეგად კანი სწრაფად კარგავს ტენს, შრება და გარედან უფრო ადვილად აღწევს სხვადასხვა გამღიზიანებელი ნივთიერებები თუ მიკრობები, ამის საპასუხოდ იმუნური სისტემა აქტიურდება და ვითარდება ანთება, რაც იწვევს ეგზემის სიმპტომებს: სიწითლეს, ეგზემატოზურ გამონაყარს, სიმშრალეს, შეშუპებას და ძლიერ, ხშირად აუტანელ ქავილს. მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის ეგზემა გაქვთ, დაზიანებული კანის ბარიერი და ქავილი ყველა მათგანისთვის საერთო მახასიათებელია.
კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად განასხვავებენ ეგზემატოზური დაავადების 7 ძირითად ტიპს, ესენია:
- ატოპიური დერმატიტი
- დისჰიდროზული ეგზემა
- კონტაქტური დერმატიტი
- სებორეული დერმატიტი
- ნუმულარული ეგზემა
- სტაზის დერმატიტი
- მარტივი ქავანა ლიქენი
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი ეგზემის ჯგუფს მიეკუთვნება, თითოეულს განსხვავებული გამომწვევი მიზეზი, ლოკაცია და კლინიკური ნიშნები აქვთ.
ატოპიური დერმატიტი
ეს არის ეგზემის კლასიკური ფორმა, რომელსაც ადამიანების უმეტესობა იცნობს. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული გენეტიკურ წინასწარგანწყობასთან და იმუნური სისტემის მომატებულ მგრძნობელობასთან. ატოპიური დერმატიტის შემთხვევების 85% სიცოცხლის პირველ წლებში იწყება, ხოლო 95%-ზე მეტი - 5წლამდე ასაკში.
ატოპიური დერმატიტის ძირითადი ნიშნებია ქავილი, კანის სიმშრალე, გამონაყარი და ლიქენიფიკაცია (კანის გასქელება და გაუხეშება). დაავადების მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ სამ ასაკობრივ ჯგუფს:
- ჩვილებში (0-2 წელი) - დაზიანება უმეტესად სახის და თავის არეში გვხვდება, ასევე კიდურების გამშლელ ზედაპირებზე. ხშირია მწვავე, ექსუდაციური ფორმები - სიწითლე, შეშუპება, ბუშტუკები და სისველე.
- ბავშვები (2-12 წელი) - ახასიათებს პროცესის ლოკალიზაცია, უპირატესად კიდურების მომხრელი ზედაპირის კანზე, ყელზე, იდაყვისა და მუხლის ფოსოებში, მტევნის ზურგზე.
მოზარდები (12 წლის ზემოთ) - შემთხვევათა უმეტესობა მოზარდებში უკუგანვითარებას განიცდის, თუმცა პაციენტთა მცირე ნაწილში დაავადება გადადის მოზრდილთა ფორმაში, რომელიც ხშირად გენერალიზებულია და შესაძლოა სხეულის ნებისმიერ უბანზე გამოვლინდეს.
ატოპიური დერმატიტის დიაგნოსტიკაში მთავარი როლი კლინიკურ ნიშნებს ენიჭება, მაგრამ რიგ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს სხვადასხვა კვლევების ჩატარება, სხვა დაავადებებისგან დიფერენცირებისთვის.
ატოპიური დერმატიტის მკურნალობის ძირითადი პრინციპი დაფუძნებულია პაციენტის კანის სწორ მოვლაზე, სრულფასოვან დატენიანებასა და გამწვავების მკურნალობაზე. გამწვავებისას ხდება მედიკამენტოზური მკურნალობაც და მიმართულია გამოხატული სიმპტომების საწინააღმდეგოდ.
რეკომენდაციები ატოპიური დერმატიტის პრევენციისთვისა და სიმპტომების შესამსუბუქებლად:
- კანის ხშირი დატენიანება და ბარიერული ფუნქციის შენარჩუნება;
- გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან თავის არიდება: იმ საკვების შეზღუდვა, რომელიც იწვევს გამწვავებას; ჰიპოალერგიული დასაბანი საშუალებების გამოყენება;
- ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმლის ტარება;
- ფრჩხილების მოკლედ დაჭრა, რადგან შემცირდეს კანის დაზიანება და მეორეული ინფექციის რისკი;
- აბაზანისა და შხაპის დროს ზომიერი ტემპერატურის(თბილი და არა ცხელი ან ცივი) წყლის გამოყენება, პროცედურის ხანგრძლივობის შეზღუდვა და დაბანის შემდეგ დაუყოვნებელი დატენიანება
- საცხოვრებელ სივრცეში ტემპერატურისა და ტენიანობის ოპტიმალური დონის შენარჩუნება.
დისჰიდროზული ეგზემა (პომფილიქსი)
ბევრმა არ იცის რომ ხელებზე უეცრად გაჩენილი პატარა, ძლიერ ქავილიანი ბუშტუკებიც ეგზემის ერთ-ერთი ფორმაა.
კლინიკური გამოვლინება მოიცავს უეცრად განვითარებულ ძლიერ ქავილიან, ღრმად მდებარე მცირე ზომის ბუშტუკებს, რომლებიც ლოკალიზებულია ხელის გულებზე, ტერფებზე და თითების გვერდით ზედაპირებზე. შესაძლო გამომწვევი მიზეზებია: ჰიპერჰიდროზი ( ჭარბი ოფლიანობა), სტრესი, ხელების ხშირი დასველება, ნიკელთან და სხვა მეტალებთან კონტაქტი. ზოგიერთ პაციენტში აღინიშნება სეზონური გამწვავებები, განსაკუთრებით თბილ და ნოტიო პერიოდებში.
აღსანიშნავია, რომ დისჰიდროზული ეგზემა შეიძლება განვითარდეს დამოუკიდებლად ან წარმოადგენდეს ატოპიური დერმატიტის ერთ-ერთ კლინიკურ გამოვლინებასაც. მკურნალობისა და პრევენციისთვის საჭიროა, გამომწვევი მიზეზის დადგენა, თუ ეს არის კონკრეტული ალერგენი, ნიკელი ან მეტალის ნივთები, მათთან შეხების შეზღუდვა, ხელების ხშირი დასველებისგან თავის შეკავება და სიმშრალის შენარჩუნება.
კონტაქტური დერმატიტი
კონტაქტური დერმატიტი არის კანის ანთებითი დაავადება, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც კანი კონტაქტში შედის ისეთ ნივთიერებებთან, რომელიც მის პირდაპირ გაღზიანებას ან ალერგიულ რეაქციას იწვევს. ის იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: ირიტაციულ და ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტად.
ირიტაციული კონტაქტური დერმატიტი ყველაზე გავრცელებული ფორმაა და ის ვითარდება მაშინ, როცა ქიმიური ან ფიზიკური ფაქტორი პირდაპირ აზიანებს კანის დამცავ ბარიერს. ასეთი ნივთიერებებია საპონი, სარეცხი საშუალებები, სადეზინფექციო ხსნარები, მჟავები, ტუტეები და ა.შ. სიმპტომები ხშირად ნივთიერებასთან კონტაქტიდან მალევე ჩნდება და მოიცავს სიწითლეს, სიმშრალეს, წვას, ტკივილს, აქერცვლას და ზოგჯერ კანის ნახეთქებსაც კი.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი კი წარმოადგენს დაგვიანებული ტიპის (მე-4) ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას. ის ვითარდება იმ ადამიანებში, რომელთა იმუნური სისტემა უკვე სენსიბილიზებულია კონკრეტული ალერგენის მიმართ. პირველი შეხება, როგორც წესი, სენსიბილიზაციას იწვევს, ხოლო შემდგომი კონტაქტებისას ვითარდება დერმატიტი. სიმპტომები, როგორც წესი კონტაქტიდან 24-72 საათის განმავლობაში ვითარდება და მოიცავს ძლიერ ქავილს, სიწითლეს, შეშუპებას, ბუშტუკებსა და აქერცვლას და ზოგჯერ გამონაყარი სცდება უშუალო კონტაქტის არეს.
ორივე ფორმის მკურნალობის მთავარი პრინციპია გამომწვევი ფაქტორის აღმოჩენა და თავიდან აცილება, კანის ბარიერის აღდგენა და ანთების კონტროლი.
დიაგნოზის დასაზუსტებლად და ალერგენის გამოსავლენად გამოიყენება პაჩ-ტესტი(ეპიკუტანეური ტესტი).
სებორეული დერმატიტი
სებორეული დერმატიტი წარმოადგენს კანის ქრონიკულ, პერიოდულად გამწვავებად ანთებით დაავადებას, რომელიც ვითარდება ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებზე. დამახასიათებელია დაავადებების განვითარების ორი პერიოდი: პირველი ახალშობილობის ასაკში და მეორე პუბერტატულ ასაკში, როცა იზრდება ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობა და ცხიმის გამოყოფა
დაზიანება ვითარდება ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებზე - თავის თმიან ნაწილში, წარბებზე, ყურის უკანა მიდამოში, ცხვირ-ტუჩის ნაოჭებსა და გულმკერდზე. მას ახასიათებს კანის სიწითლე, აქერცვლა და ზოგჯერ ქავილი.
მკურნალობა მოიცავს სამკურნალო შამპუნებს, ადგილობრივ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს, გამწვავებისას, მძიმე შემთხვევებში, ექიმის გადაწყვეტილებით შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სისტემური თერაპია.
ბეჭდისებური ეგზემა
ბეჭდისებური, ანუ დისკოიდური ეგზემა, გამოირჩევა მკვეთრად შემოსაზღვრული, მონეტის ფორმის, ქავილიანი ფოლაქებით, რომლებიც ხშირად სველია ან ქერქით დაფარული. ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა ქვედა კიდურებისა და წინამხრების კანის ზედაპირები. სპეციფიკური დისკოიდური გამონაყარის გამო სოკოვანი ინფექციის გამოსარიცხად შეიძლება ჩატარდეს კანის ანაფხეკის მიკროსკოპიული გამოკვლევა (KOH ტესტი), ხოლო გაურკვეველ შემთხვევებში კანის ბიოფსია.
დისკოიდური ეგზემა უფრო ხშირიდ ასაკოვან ადამიანებში ვითარდება, განსაკუთრებით კი მშრალი კანის ფონზე. აღსანიშნავია რომ, ის შეიძლება წარმოადგენდეს, როგორც დამოუკიდებელ დაავადებას ასევე ატოპიური დერმატიტის გამოვლინების ერთ-ერთ ფორმას.
სტაზის დერმატიტი
სტაზის დერმატიტი ქრონიკული ვენური უკმარისობის გამოვლინებაა და ნათლად აჩვენებს, რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული კანი შინაგან დაავადებებთან.ვენურ სისტემაში მომატებული წნევის შედეგად, ერითროციტები ტოვებენ სისხლძარღვებს, იშლებიან ქოვილებში და ხდება ჰემოსიდერინის დაგროვება, რაც კანს დამახასიათებელ მოყავისფრო შეფერილობას აძლევს. ასევე აღინიშნება ერითემა(სიწითლე), ქვედა კიდურების შეშუპება, კანიც აქერცვლა და ქავილი.
ეფექტური მკურნალობა მოიცავს, ვენური უკმარისობის კორექციას, კომპრესიულ თერაპიას და კიდურების რეგულარულ ელევაცია (წამოწევას).
მარტივი ქავანა ლიქენი - ნეიროდერმატიტი
მარტივი ქავანა ლიქენი არის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ვითარდება კანის ხანგრძლივი ქავილის შედეგად, ის ხშირად განიმარტება, როგორც ქავილი, რომელიც გამონაყარს იწვევს. ხშირი, განმეორებით ფხანა იწვევს კანის გასქელებას, გამკვრივებას და კანის ხაზების მკვეთრ გამოხატვას (ლიქენიფიკაციას). დაავადება ქმნის ე.წ. „ქავილის შეგრძნების-ფხანის“ მანკიერ წრეს : რაც უფრო მეტად ვიქავებთ კანს, მით მეტად გვიჩნდება ქავილის სურვილი. მკურნალობაც მიმართულია სწორედ ამ მანკიერი წრის გაწყვეტისკენ, ამის მისაღწევად კი გამოიყენება მაღალი პოტენციის ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები, ანტიჰისტამინები, ღამის ქავილის შესამცირებლად და კანის ბარიერის აღმდგენი დამატენიანებლები.
მარტივი ქავანა ლიქენის განვითარების ყველაზე ხშირი ადგილებია: კისრის უკანა მხარე, მაჯები, კოჭები, იდაყვები, სასქესო ორგანოები.
ეგზემა მხოლოდ ვიზუალური ან დროებითი დისკომფორტი არ არის - ეს არის კანის დამცავი ბარიერის დაზიანება, რომელიც კომპლექსურ და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. ვინაიდან ეგზემის თითოეულ ტიპს განსხვავებული გამომწვევი მიზეზი, მიმდინარეობა და მკურნალობის მეთოდი აქვს, თვითმკურნალობამ ან არასწორად შერჩეულმა მაზებმა შესაძლოა მდგომარეობა უფრო გააუარესოს ან ინფექციის განვითარებას შეუწყოს ხელი.
თუ ამჩნევთ კანის გაღიზიანებას, ქრონიკულ ქავილს, სიწითლეს ან ბუშტუკოვან გამონაყარს, ჩაეწერეთ დერმატოლოგის კონსულტაციაზე ავერსის კლინიკაში.
კვალიფიციური დერმატოლოგი ჩაატარებს საჭირო დიაგნოსტიკას, დაადგენს ეგზემის ზუსტ ფორმას, გამოავლენს გამაღიზიანებელ ტრიგერებს და შეგირჩევთ მკურნალობისა და კანის მოვლის ინდივიდუალურ, უსაფრთხო გეგმას. სწორად მართული პროცესი და დროული სამედიცინო ჩარევა კანის ჯანსაღი ბარიერის აღდგენისა და რემიისიის მიღწევის მთავარი საწინდარია.
R