რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მწერის ნაკბენი საშიში და როგორ უნდა დაიცვათ თავი ალერგიული რეაქციისგან - ალერგოლოგი ქეთი კვარაცხელია
ერთი შეხედვით უწყინარმა მწერის ნაკბენმა შესაძლოა რამდენიმე წუთში სერიოზული საფრთხე შექმნას. ზაფხულში, როცა მეტ დროს ბუნებაში, პიკნიკებსა და მოგზაურობაში ვატარებთ, ფუტკართან, ბზიკთან და სხვა მწერებთან შეხვედრის ალბათობაც იზრდება. ადამიანების უმეტესობისთვის ასეთი ნაკბენი მხოლოდ მცირე დისკომფორტს იწვევს, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ის სიცოცხლისთვის საშიშ ანაფილაქსიურ რეაქციაში შეიძლება გადაიზარდოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ განვასხვაოთ ჩვეულებრივი რეაქცია გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობისგან.
ამ საკითხზე დეტალურად გვესაუბრება გოთუას სამედიცინო ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთი კვარაცხელია.
ქეთი, როგორია მწერის ნაკბენზე ნორმალური რეაქცია, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს?
ნაკბენის ადგილზე მცირე შეშუპება, სიწითლე, ქავილი და ტკივილი ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა და როგორც წესი, რამდენიმე საათში ან დღეში თავისით გაივლის. ეს ორგანიზმის ბუნებრივი პასუხია მწერის შხამზე და არა ალერგიული რეაქცია.
რა შემთხვევაშია ნაკბენი საყურადღებო?
თუ შეშუპება და სიწითლე სცდება ნაკბენის უშუალო არეს, ხასიათდება ძლიერი სიწითლითა და მზარდი შეშუპებით, ის უკვე საყურადღებოა. მაგალითად, უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ შემთხვევა, თუ მტევანზე ნაკბენის შეშუპება იდაყვის სახსრამდე ვრცელდება. სიმპტომები პიკს აღწევს 24-48 საათის შუალედში და ზოგჯერ ნარჩუნდება რამდენიმე დღის განმავლობაში. ის საჭიროებს სპეციალისტის მიერ შერჩეულ ადგილობრივ ან სისტემურ მკურნალობას.
ადამიანები ხშირად საუბრობენ ანაფილაქსიაზე. რა არის სისტემური ალერგიული რეაქცია იგივე ანაფილაქსია და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის?
ეს არის მწვავე, სწრაფად განვითარებადი, სიცოცხლისთვის საშიში მულტისისტემური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ნაკბენიდან რამდენიმე წუთში, იშვიათად კი 1 საათის შემდეგ. ანაფილაქსია მოითხოვს დაუყოვნებელ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. მისი ძირითადი კლინიკური ნიშნებია:
- გენერალიზებული ურტიკარია, ანგიოშეშუპება და ძლიერი ქავილი;
- ხორხისა და ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი და ხიხინი;
- გულისრევა, ღებინება, სპაზმური ტკივილი მუცლის არეში;
- არტერიული ჰიპოტენზია (წნევის მკვეთრი ვარდნა), თავბრუსხვევა, ტაქიკარდია და გონების დაკარგვა.
როგორია მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის პირველადი დახმარება და მართვა?
თუ რეაქცია მხოლოდ ნაკბენის ადგილით შემოიფარგლება:
- ნესტარი მოაშორეთ რაც შეიძლება სწრაფად, რადგან მისი კანში დარჩენა შხამის დამატებით მოხვედრას უწყობს ხელს.
- ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით;
- დაიდეთ ცივი კომპრესი 10–20 წუთით;
- არ მოიქავოთ, რადგან ეს ზრდის კანის გაღიზიანებისა და ინფექციის რისკს.
თუ განვითარდა მძიმე სიმპტომები:
- დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
- თუ გაქვთ ექიმის მიერ დანიშნული ეპინეფრინის ავტოინექტორი, გამოიყენეთ დაუყოვნებლივ;
- ეპინეფრინის გამოყენების შემდეგაც აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა შემდგომი დაკვირვებისა და მკურნალობისთვის.
პაციენტებმა, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდა მწერის ნაკბენზე განვითარებული რეაქცია, აუცილებელია მიმართონ ალერგოლოგს დიაგნოსტიკისა და შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრისთვის.
როგორ ხდება იმ პაციენტების მართვა, ვისაც ანაფილაქსიის რისკი აქვს?
პაციენტებს, რომლებსაც ანაფილაქსიის რისკი აქვთ, ექიმი ინდივიდუალურად ურჩევს ადრენალინის ავტოინექტორის ტარებას, ხოლო მწერის შხამზე ალერგიის მკურნალობის ოქროს სტანდარტია ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია, რომლის დროსაც ორგანიზმი მცირე დოზებით ეჩვევა ალერგენს. შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება მომდევნო კბენის დროს მძიმე ალერგიული რეაქციის განვითარების ალბათობა.
დროული დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდები საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად შემცირდეს მომავალში მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი.
და ბოლოს, გვირჩიეთ, როგორია პრევენციული ზომები, რომლებიც მწერის ნაკბენისა და ალერგიული რეაქციის განვითარების რისკს შეამცირებს?
ველურ ბუნებაში ყოფნისას მოერიდეთ მკვეთრი ფერისა და ყვავილოვანი პრინტის მქონე ტანსაცმელს, ასევე მოერიდეთ მძაფრი სურნელის პარფიუმერიას, ვინაიდან აღნიშნული ფაქტორები იზიდავს მწერებს. ნუ ივლით ფეხშიშველი ღია გრუნტზე ან ბალახზე. სიფრთხილე გამოიჩინეთ ღია ცის ქვეშ ტკბილი სასმელების ან ხილის მირთმევისას – მწერები ხშირად შეუმჩნევლად ძვრებიან ჭიქებში. მოერიდეთ მწერების ბუდეების სიახლოვეს ყოფნას, ასევე ნუ შეეცდებით ფუტკრის ან ბზიკის ბუდის მოშლას; თუ მწერი მოგიახლოვდათ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, მშვიდად მოშორდით იმ ადგილს. მანქანის ფანჯრებს დიდხანს ნუ დატოვებთ გაღებულს, განსაკუთრებით სოფელში.
ხოლო თუ უკვე გაქვთ დადასტურებული ალერგია, ყოველთვის თან იქონიეთ ექიმის მიერ დანიშნული ეპინეფრინის ავტოინექტორი.
გირჩევთ, ნუ დატოვებთ ალერგიას ყურადღების გარეშე და დროულად იზრუნეთ თქვენს უსაფრთხოებაზე.
R