ნაცნობი მედიკამენტების მოულოდნელი თვისებები: როგორ ებრძვის ქოლესტერინისა და გრიპის წამლები დაბერებას
უახლესმა სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი მედიკამენტები — ქოლესტერინის დამწევი საშუალებები და გრიპის საწინააღმდეგო წამლები - ორგანიზმის ნაადრევი დაბერების, ასაკობრივი სისუსტისა და კოგნიტური დაქვეითების წინააღმდეგ ეფექტური იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს.
სტატინები (ქოლესტერინის წამლები) ასაკობრივი სისუსტის წინააღმდეგ
European Heart Journal (EHJ)-ში გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის თანახმად, ქოლესტერინის დამწევი მედიკამენტების (სტატინების) მიღება ხანდაზმულებში ასაკთან დაკავშირებული ფიზიკური სისუსტის რისკს მკვეთრად ამცირებს.
მკვლევარებმა 67 წელს გადაცილებული თითქმის 1 მილიონი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. ასაკობრივი სისუსტე არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კუნთოვანი მასის კლებით, ქრონიკული დაღლილობით, სიარულის შენელებითა და ყოველდღიური აქტივობის დაქვეითებით. ეს სინდრომი ზრდის წონასწორობის დაკარგვისა და ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების რისკს მცირე დაზიანების შემთხვევაშიც კი.
დაახლოებით 5-წლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ პაციენტებში, რომლებმაც სტატინების მიღება დაიწყეს, ასაკობრივი სისუსტის განვითარების რისკი 24%-ით შემცირდა (წონის, მოწევისა და სხვა თანმხლები დაავადებების გათვალისწინებითაც კი).
ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს სასიკეთო ეფექტი მხოლოდ ქოლესტერინის დონის რეგულირებით არ აიხსნება - სტატინებს აქვთ ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც დაბერების პროცესს ანელებს. თუმცა, ვინაიდან კვლევა დაკვირვებითი ხასიათისაა, მეცნიერები მოუწოდებენ პაციენტებს, არ მიიღონ მედიკამენტი ექიმის დანიშნულების გარეშე, მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით.
გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატები ტვინის დასაცავად
მეორე, არანაკლებ საინტერესო აღმოჩენა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით. ჟურნალ Med-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგალითად, ტამიფლუს) შეუძლიათ შეანელონ კოგნიტური დაქვეითება და ნაადრევი დაბერება ქრონიკული ვირუსული ინფექციების (მათ შორის, აივ ინფექციის) მქონე ადამიანებში.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ორგანიზმში არსებული დამცავი შაქრების - გლიკანების დაშლა პირდაპირ კავშირშია ქრონიკულ ანთებასთან და მეხსიერების დაქვეითებასთან. ეს მოლეკულები ანთების შეკავებას უწყობენ ხელს, მათი განადგურება კი ბიოლოგიურ დაბერებას აჩქარებს.
უჯრედებსა და თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატები ეფექტურად ინარჩუნებენ ამ შაქრებს ორგანიზმში, რითაც ამცირებენ ანთებას და იცავენ კოგნიტურ (გონებრივ) ფუნქციებს. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში პრეპარატი მოქმედებს არა ვირუსულ ცილაზე (როგორც ეს გრიპის დროს ხდება), არამედ ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც გლიკანებს შლიან.
ეს დამცავი ეფექტი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ქალებში, რადგან მენოპაუზის მოახლოებასთან ერთად გლიკანების დაშლის პროცესი ბუნებრივად ჩქარდება. მეცნიერების შემდეგი ნაბიჯი დოზების ოპტიმიზაცია და იმის დადგენაა, რამდენად უსაფრთხო იქნება ამ პრეპარატების გრძელვადიანი გამოყენება ტვინის ასაკობრივი დაავადებების პრევენციისთვის.