საკვერცხის კიბოს ახალი პრეპარატი პაციენტებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს და ცხოვრების ხარისხს უუმჯობესებს
ეს პრეპარატი სამედიცინო საზოგადოების წინაშე ახალი, დიდი იმედით წარდგა.
პრეპარატი, სახელწოდებით მირვეტუქსიმაბ სორავტანსინი (Mirvetuximab soravtansine), ცნობილია როგორც „ბიოლოგიური რაკეტა“. ის მიზნობრივად მუშაობს და ქიმიოთერაპიული ნივთიერება უშუალოდ სიმსივნურ ქსოვილში მიაქვს, ნაცვლად მთელი ორგანიზმის დაზიანებისა, რაც საგრძნობლად ამცირებს დამანგრეველ გვერდით მოვლენებს.
64 წლის პატრისია ჰილი აღნიშნავს, რომ მკურნალობამ მას საშუალება მისცა დაბრუნებოდა საყვარელ აქტივობებს - მოენახულებინა ოჯახი და ევლო თეატრში, რაც სტანდარტული ქიმიოთერაპიის ფონზე წარმოუდგენელი იყო.
ინგლისში წელიწადში 400-მდე პაციენტს შეეძლება ამ ახალი მკურნალობით სარგებლობა - ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში რთულად სამკურნალო საკვერცხის კიბოს პირველი ახალი პრეპარატია. ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად საკვერცხის კიბოს 7,750-მდე შემთხვევა ფიქსირდება.
„სხვაობა ისეთია, როგორც დღე განსხვავდება ღამისგან“
ჩრდილოეთ ლონდონელ პატრისიას დიაგნოზი 2023 წელს დაუსვეს და ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა. მიმდინარე წლის იანვარში მან მირვეტუქსიმაბის მიღება დაიწყო. მისი თქმით, თერაპიამ მას „ცხოვრების დიდი ნაწილი დაუბრუნა“.
ის თავს გაცილებით ნაკლებად დაღლილად და ცუდად გრძნობდა, ვიდრე სტანდარტული ქიმიოთერაპიის დროს, შესაბამისად, „ბევრად უკეთესად“ არის და ახალ მედიკამენტს მიიჩნევს, როგორც „თამაშის წესების შემცვლელს“. ახალმა პრეპარატმა მას საშუალება მისცა დასწრებოდა წარმოდგენებს ლონდონის ვესტ-ენდში, ევახშმა რესტორნებში, დასწრებოდა ჩელსის ყვავილების შოუს და მოენახულებინა ოჯახი ირლანდიაში.
„ის რეალურად უამრავ შესაძლებლობას გიხსნის - შეგიძლია გახვიდე და გაცილებით მეტი აკეთო, ვიდრე ჩვეულებრივ შეძლებდი,“ - ამბობს პატრისია.
პრეპარატი მირვეტუქსიმაბი პაციენტების სიცოცხლესაც ახანგრძლივებს: სტანდარტული ქიმიოთერაპიის 12.8-თვიანი მაჩვენებლიდან თერაპიის ფონზე საშუალოდ 16.5 თვემდე. თუმცა, რაც გადამწყვეტია, ის აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. მას გაცილებით ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს, ქალებს არ სცვივათ თმა და პრეპარატი კეთდება გადასხმის სახით ყოველ სამ კვირაში ერთხელ, ნაცვლად სტანდარტული ქიმიოთერაპიის დამღლელი ყოველკვირეული რუტინისა.
როგორ მუშაობს ის?
პრეპარატი ქიმიოთერაპიის მოწინავე ფორმაა, რომელიც კიბოს უფრო დიდი დოზით ურტყამს და, ამავდროულად, ამცირებს გვერდით მოვლენებს.
ის შექმნილია ძლიერი ქიმიოთერაპიული პრეპარატისგან, რომელიც შერწყმულია ანტისხეულთან — მსგავსად იმ ანტისხეულებისა, რომლებსაც ორგანიზმი ინფექციებთან საბრძოლველად იყენებს. თუმცა, ეს ანტისხეულები დაპროგრამებულია იმისთვის, რომ ამოიცნონ სპეციფიკური ნიშნულები — ე.წ. ფოლატის რეცეპტორი ალფა (Folate receptor alpha), რომლებიც საკვერცხის კიბოს ზოგიერთი უჯრედის ზედაპირზე ჩნდება.
შესაბამისად, ისინი პირდაპირ მიემართებიან სიმსივნური უჯრედებისკენ, ეკვრიან მათ ზედაპირს და შთაინთქმებიან. უჯრედის შიგნით მოხვედრისთანავე ისინი ათავისუფლებენ თავიანთ ტოქსიკურ შემცველობას კიბოს მოსაკლავად. სწორედ მოქმედების ამ მექანიზმის გამო, თერაპიის ამ სახეობას ბერძნული მითის მიხედვით „ტროას ცხენის“ თერაპიასაც უწოდებენ. კიბოს იმ შემთხვევების დაახლოებით 30-40%-ს, რომლებიც არ ექვემდებარება ქიმიოთერაპიას, სწორედ ეს ნიშნულები აქვთ.
სამედიცინო საზოგადოების შეფასება
71 წლის ჯენი გრინს ჰერტფორდშირიდან დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს. იგი მონაწილეობდა კლინიკურ კვლევებში, რომლებმაც პრეპარატის ეფექტურობა დაამტკიცა: "როგორც ჩანს, მკურნალობა ძალიან კარგად გადავიტანე და გვერდითი მოვლენები თითქმის არ მქონია. ეს საოცრებაა! სკანირებამ აჩვენა, რომ ჩემი სიმსივნური კვანძები მცირდებოდა და სისხლის ანალიზები ნორმაში დგებოდა — ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა."
მედიკამენტი დამტკიცებულია ჯანმრთელობისა და მზრუნველობის ბრწყინვალების ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ საკვერცხის, პერიტონეუმის და ფალოპის მილის კიბოს სამკურნალოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ქიმიოთერაპია აღარ არის ეფექტური და სიმსივნეს შესაბამისი ნიშნულები აქვს.
ექიმმა როუენ მილერმა, რომელიც UCLH-ში კლინიკურ კვლევებს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ის "ნამდვილად აღფრთოვანებულია" ამ პრეპარატის გამოჩენით უკეთესი მედიკამენტების 20-წლიანი ძიების შემდეგ: "საბოლოოდ, ხელმისაწვდომია წამალი, რომელიც აუმჯობესებს გადარჩენის მაჩვენებელს და, გარდა ამისა, პაციენტები კარგად იტანენ მკურნალობას."
პროფესორმა რუთ პლამერმა, NHS-ის სიმსივნის წამლების ეროვნულმა კლინიკურმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს არის "ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა" ამ რთულად სამკურნალო დაავადების მკურნალობაში ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.
ვიქტორია კლერმა (Ovacome-ის აღმასრულებელი დირექტორი) და რეიჩელ დაუნინგმა (Target Ovarian Cancer-ის წარმომადგენელი) ერთხმად აღნიშნეს, რომ პრეპარატის ხელმისაწვდომობა "უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია" პლატინა-რეზისტენტული საკვერცხის კიბოს მქონე ქალებისა და მათი ოჯახებისთვის.
ცნობისთვის, მირვეტუქსიმაბ სორავტანსინი ფარმაცევტულმა კომპანია AbbVie-მ შეიმუშავა.