„გული ორჯერ გაუჩერდა!“ - უმძიმესი შემთხვევა თბილისის ქუჩაში და ექიმები, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს
თბილისის მე-10 რაიონული სამსახურის 1030 ბრიგადამ შეუძლებელი შეძლო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მამაკაცს გაჩერებული გული ორჯერ აუმუშავა. ექიმი გურანდა მეტრეველი იხსენებს იმ კრიტიკულ წუთებს, როდესაც წამები წყვეტდა ყველაფერს. წაიკითხეთ, როგორ დასრულდა ბრძოლა სიცოცხლისთვის
- თბილისის მე-10 რაიონული სამსახურის 1030 ბრიგადის კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე! ექიმ გურანდა მეტრეველის ინფორმაციით, 1030 ბრიგადა სხვა გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან უჩვეულო ხალხმრავლობა და გაჩერებული ტრანსპორტი შენიშნეს.
ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მიწაზე იწვა, მის გარშემო კი პანიკაში მყოფი ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. ექიმის თქმით, მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში, შეცვლილი ფერითა და გაფართოებული გუგებით დახვდათ. ბრიგადის წევრების მიერ წამებში მოხდა მისი მონიტორზე აყვანა, სადაც ასისტოლია დაფიქსირდა.
პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ გულის რიტმი აღდგა. ჰოსპიტალიზაციის პროცესში სასწრაფო დახმარების მანქანაში, ექიმებს პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლა მეორედ მოუწიათ. გულის გაჩერებიდან რამდენიმე წამში, ბრიგადამ უმოკლეს დროში ისევ შეძლო გულის მუშაობის აღდგენა.
მამაკაცი ფორსმაჟორით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმი გურანდა მეტრეველი მუდმივად ინტერესდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით და და ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც შეიტყო რომ მამაკაცი თავს კარგად გრძნობდა და ბინაზეც გაეწერა.

მოგვიანებით პაციენტის მეუღლე თავად დაუკავშირდა ბრიგადის წევრებს და მათ გაწეული დახმარებისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. ექიმი გურანდა მეტრეველი განსაკუთრებით აღნიშნავს მისი გუნდის წევრებს, უმცროს ექიმს გურამ სვანიძეს, რომელიც კრიტიკულ წუთებში საიმედო საყრდენია და მძღოლს კახაბერ გოგავას, რომელმაც უსწრაფესი და უსაფრთხო ჰოსპიტალიზაცია უზრუნველყო.
მომხდარისას 1030 ბრიგადას დახმარება გაუწია შემთხვევის ადგილზე მყოფმა ავტობუსის მძღოლმა, რომელიც აკავებდა პანიკაში მყოფ მოქალაქეებს, რითაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებს მუშაობისა და პაციენტის დახმარების შესაძლებლობა მისცა.
„ჩემი პაციენტი ჩემი ნაწილია და ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც მას საიმედო ხელში ვტოვებ,“ - ამბობს გურანდა მეტრეველი.
მადლობა 1030 ბრიგადის თითოეულ წევრს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და გადარჩენილი სიცოცხლისთვის და იმ იმედისთვის, რომელსაც თითოეულ ოჯახს აძლევთ.