ჩვეულებრივი ხილი და კენკრა კბილებისა და ღრძილების ძლიერი დამცველი აღმოჩნდა
თუმცა უახლესი სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი კვების რაციონიც უდიდეს როლს თამაშობს სტომატოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მეცნიერებმა გამოავლინეს ორი ბუნებრივი პროდუქტი — შტოში და ბროწეული — რომლებიც პირის ღრუს კარიესისა და ანთებისგან ეფექტურად იცავს.
შტოში - ბარიერი კარიესისა და ღრძილების ანთების წინააღმდეგ
ჟურნალ Biomedicines-ში გამოქვეყნებული მასშტაბური რეცენზიის თანახმად, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა 93 სამეცნიერო ნაშრომი გააანალიზეს, შტოში კბილებისა და ღრძილების უძლიერესი ბუნებრივი დამცველია.
აღმოჩნდა, რომ ამ კენკრაში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები მიზანმიმართულად უშლის ხელს კარიესის გამომწვევი ბაქტერიების ზრდას და კბილებზე ნადების წარმოქმნას (რაც კარიესის განვითარების მთავარი წინაპირობაა).
გარდა ამისა, შტოშს აქვს შემდეგი დადებითი თვისებები:
-
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: ამცირებს ღრძილების ანთებას და აძლიერებს ადგილობრივ იმუნურ პასუხს ინფექციებთან საბრძოლველად.
-
პაროდონტის დაცვა: ანელებს პაროდონტის დაავადებებთან დაკავშირებულ დესტრუქციულ პროცესებს და თავიდან აცილებს კბილების გარშემო ძვლოვანი ქსოვილის განადგურებას.
-
ანტიოქსიდანტური ეფექტი: იცავს კბილის ქსოვილს დაზიანებისგან და ამცირებს აგრესიული სტომატოლოგიური პროცედურებით (მაგალითად, გათეთრებით) გამოწვეულ მიკროტრავმებს.
-
რეგენერაცია: აუმჯობესებს ქსოვილების აღდგენის პროცესს და ამცირებს სოკოვან თუ ბაქტერიულ აქტივობას პირის ღრუში.
მართალია, ეს შედეგები ძირითადად ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს ეყრდნობა და კლინიკური კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შტოშის ექსტრაქტი მომავალში პირის ღრუს მოვლის ახალი საშუალებების (კბილის პასტების, სავლების) შექმნის მთავარი საფუძველი გახდება.
ბროწეული - კარიესის რისკის შემცირება ბავშვებში
ბავშვებში კარიესის პრევენციის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა უკავშირდება ბროწეულს. კლინიკური პედიატრიული სტომატოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში (IJCPD) გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ ამ ხილის რეგულარული მოხმარება კარიესის რისკს საგრძნობლად ამცირებს.
კვლევაში 3-დან 6 წლამდე ასაკის 500 ბავშვი მონაწილეობდა. ერთი ჯგუფი რეგულარულად იღებდა ბროწეულის ექსტრაქტს, მეორე (საკონტროლო) ჯგუფი კი მხოლოდ პირის ღრუს ჰიგიენის სტანდარტულ წესებს იცავდა. 6 და 12 თვის შემდეგ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა:
-
ბროწეულის მომხმარებელ ბავშვებში კარიესის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.
-
მათ ნერწყვში pH დონე გაიზარდა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მჟავური გარემოს გასანეიტრალებლად და კბილის მინანქრის დასაცავად.
ავტორები ამ შედეგს ბროწეულის ძლიერ ანტიბაქტერიულ და ანტიოქსიდანტურ თვისებებს უკავშირებენ, რომელიც კარიესის გამომწვევი მიკროორგანიზმების გამრავლებას აფერხებს. თუმცა, მეცნიერები მკაცრად აფრთხილებენ მშობლებს: ბროწეული და შტოში პირის ღრუს მოვლის დამხმარე, პრევენციული საშუალებებია და ისინი არავითარ შემთხვევაში არ ანაცვლებენ კბილების რეგულარულად გახეხვის აუცილებლობას.
