ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევებიდან გულის დაავადებებამდე: როგორ მოქმედებს პირის ღრუს ჯანმრთელობა მთლიან ორგანიზმზე
ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ყოველდღიური, ერთი შეხედვით უწყინარი ჩვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის პირის ღრუს, რასაც საბოლოოდ ჯაჭვურ რეაქციამდე და ორგანიზმის სისტემურ დაზიანებამდე, მათ შორის — გულის პრობლემებამდე მივყავართ.
უხილავი მტრები: ჩვევები, რომლებიც კბილებს ანგრევს
ყველაფერი მცირედით იწყება. სტომატოლოგ ლეონარდო აჩიოლის განცხადებით, ზოგიერთი ჩვენი ქცევა კბილებისთვის ძალზე საზიანოა.
მისი თქმით, ისეთი ჩვევები, როგორიცაა ფრჩხილების კვნეტა, თითის წოვა, საკვების ყბის მხოლოდ ერთ მხარეს ღეჭვა და სხვადასხვა შეფუთვის კბილებით გახსნა, პირის ღრუს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. „ეს ქმედებები კბილების მსხვრევადობას, მინანქრის ცვეთას, არასწორ თანკბილვასა და ღრძილების ანთებას იწვევს, ასევე, საგრძნობლად ზრდის პირის ღრუში ინფექციის გავრცელების რისკს“, — ხაზს უსვამს აჩიოლი.
გარდა მექანიკური დაზიანებისა, ექიმი ყურადღებას ამახვილებს მოვლის საშუალებებზეც: ძლიერ აბრაზიული ან დიდი რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი კბილის პასტებისა და სავლები სითხეების გამოყენება არღვევს პირის ღრუს მიკროფლორის ბალანსს და ზრდის კბილების მგრძნობელობას, რაც მათ დამატებით მოწყვლადს ხდის დაავადებების მიმართ.
როცა პრობლემა პირის ღრუს სცილდება: კარიესი, როგორც ქრონიკული ინფექცია
როდესაც არასწორი მოვლისა თუ მავნე ჩვევების გამო კბილი ზიანდება და კარიესი ვითარდება, პრობლემა მხოლოდ პირის ღრუში აღარ რჩება. სტომატოლოგები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ კარიესი, პირველ რიგში, ინფექციური პროცესია.
სანამ დაზიანება ზედაპირულია, ორგანიზმს მასთან ბრძოლა დამოუკიდებლად შეუძლია. თუმცა, როდესაც პროცესი ნერვამდე აღწევს, ქრონიკული ანთების კერა ყალიბდება. ამ დროს ბაქტერიები და მათი ცხოველქმედების პროდუქტები რეგულარულად ხვდება სისხლში — განსაკუთრებით ღეჭვის, კბილების გახეხვის ან, თუნდაც, ჩვეულებრივი საუბრის დროს. სწორედ აქ იწყება პირის ღრუს პრობლემების უარყოფითი გავლენა მთლიან სხეულზე.
ფარული საფრთხე გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის
ჯანსაღი ადამიანისთვის სისხლში ბაქტერიების მოხვედრის ეს მიკროპროცესი, შესაძლოა, შეუმჩნეველი დარჩეს. მაგრამ თუ პაციენტს სისხლძარღვების, გულის სარქველების ან დასუსტებული იმუნური სისტემის პრობლემები აქვს, ასეთი „მიკროშეტევები“ საშიში ხდება.
კარდიოლოგებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ორგანიზმში არსებული ქრონიკული ანთებითი კერები ინფექციური ენდოკარდიტის რისკს ზრდის, დაზიანებული და მოუვლელი კბილები კი ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ადამიანებს, რომლებსაც შორსწასული სტომატოლოგიური პრობლემები აქვთ, უფრო ხშირად აღენიშნებათ ათეროსკლეროზი და არტერიული წნევის მკვეთრი მატება. მიზეზი ის სისტემური ანთებითი რეაქციაა, რომელსაც ორგანიზმი თვეებისა და წლების განმავლობაში ინარჩუნებს. ადამიანმა შეიძლება წლების განმავლობაში იაროს დაზიანებული კბილით, შეეჩვიოს ტკივილს ან საერთოდ ვერ შეამჩნიოს დისკომფორტი, მაშინ როცა მისი გული მუდმივი, ფარული სტრესის ქვეშ მუშაობს.
შეჯამებისთვის: რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ „ერთი კბილის კარიესი პირდაპირ გულის შეტევას იწვევს“. თუმცა, კბილების ჯანმრთელობის უგულებელყოფა ძლიერ დამატებით რისკ-ფაქტორად იქცევა, რომელსაც ასაკი, მაღალი არტერიული წნევა, გენეტიკური წინასწარგანწყობა და არაჯანსაღი ცხოვრების წესი კიდევ უფრო ამძიმებს. შესაბამისად, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი არა მხოლოდ ლამაზი ღიმილის, არამედ ჯანსაღი გულის საწინდარია.