ქართული კარდიოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, მერაბ მამაცაშვილს 80 წელი შეუსრულდა
ბატონ მერაბ მამაცაშვილს 80 წელი შეუსრულდა.
მისი განვლილი გზა, პროფესიონალიზმი და პაციენტებისადმი თავდადება ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის ნამდვილი საამაყო მაგალითია. ბატონი მერაბის სახელი არაერთ მნიშვნელოვან მიღწევასა და საერთაშორისო აღიარებას უკავშირდება. ის გახლავთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კარდიოლოგიური კლინიკა „ადაპტის“ (ანგიოკარდიოლოგიური კლინიკის) ხელმძღვანელი და „საქართველოს გულის ფონდის“ პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ ბატონი მერაბის ღვაწლი სცდება ქვეყნის ფარგლებს - იგი არის ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების გულისა და გულ-ფილტვის ასოციაციების საპატიო წევრი, ასევე, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

ბატონი მერაბი არა მხოლოდ უდიდესი პრაქტიკოსი ექიმი და მეცნიერია, არამედ დაუღალავი საზოგადო მოღვაწეც. მისი არაერთი ინტერვიუ, რჩევა თუ სატელევიზიო გამოსვლა ეხმარება მოსახლეობას გულის დაავადებების პრევენციაში, ინფარქტის ნიშნების დროულად ამოცნობასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში.
იუბილესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილ ექიმს სამედიცინო საზოგადოებამ და კოლეგებმა განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს.
„საქართველოს გულის ფონდის“ მილოცვაში ვკითხულობთ:
„საქართველოს გულის ფონდის სახელით, გულითადად ვულოცავთ 80 წლის იუბილეს ფონდის პრეზიდენტს, ქართული კარდიოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ბატონ მერაბ მამაცაშვილს. გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ კარდიოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ამ სფეროში ახალი თაობების აღზრდისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში გაწეული მრავალწლიანი და ფასდაუდებელი საქმიანობისთვის. ბატონო მერაბ, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდხანს სიცოცხლეს და კიდევ მრავალ წარმატებულ წელს ქართული მედიცინისა და საზოგადოების სამსახურში.“
კოლეგას დაბადების დღე მიულოცა საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებამაც:
„საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების სახელით, 80 წლის იუბილეს ვულოცავთ საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტს და ღვაწლმოსილ კარდიოლოგს ბატონ მერაბ მამაცაშვილს. დიდია ბატონი მერაბის წვლილი კარდიოლოგიური მიმართულებით ახალი თაობების აღზრდასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში. ბატონო მერაბ, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და კიდევ მრავალ წელს ქართული მედიცინისა და კარდიოლოგიური საზოგადოების სამსახურში.“
Mkurnali.ge-ს სარედაქციო გუნდი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით უერთდება ამ თბილ მილოცვებს.
ბატონო მერაბ, გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენი პორტალის ერთგულებისთვის, არაერთი საინტერესო სტატიისთვის და ჩვენი მკითხველისთვის გაზიარებული ფასდაუდებელი ცოდნისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ულევ ენერგიას, მხნეობასა და კიდევ მრავალ წელს თქვენს საყვარელ საქმეში - ადამიანების სიცოცხლისა და გულების გადასარჩენად!
