თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი გადაარჩინა
მედიკოსების სწრაფმა და პროფესიონალურმა რეაგირებამ კრიტიკულ სიტუაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მათ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. შემთხვევა მე-14 რაიონული სამსახურის ტერიტორიაზე მოხდა
- თბილისის მე-14 რაიონული სამსახურის 1431-ე ბრიგადისთვის ეს გამოძახება განსაკუთრებული აღმოჩნდა. ადგილზე მისულებს დერეფანში უგონო მდგომარეობაში მყოფი ხანში შესული ქალბატონი დახვდათ - მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
მონიტორზე უპულსო პარკუჭოვანი ტაქიკარდია დაფიქსირდა. ასეთ დროს გადამწყვეტია ბრიგადის სწრაფი რეაგირება, პროფესიონალიზმი და კოორდინირებული მოქმედება. პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების დროულად ჩატარების შედეგად, შესაძლებელი გახდა გულის რითმის აღდგენა - სინუსური რითმი დაბრუნდა, ხოლო პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრები დასტაბილურდა.

1431-ე ბრიგადის მიერ პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.ეს ისტორია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების უმნიშვნელოვანეს როლს - იმ წუთებში, როცა ყოველი წამი სიცოცხლის ფასად ღირს.
- ექიმი ტარიელ მღებრიშვილი
- უმცროსი ექიმი სოფო ავალიშვილი
- მძღოლი გოდერძი უდესიანი