„ეს არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მისია“ - მეან-ექთნობა (ბებიაქალობა) საქართველოში
„ყოველთვის მომწონდა ადამიანებზე ზრუნვა, მინდოდა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ვყოფილიყავი მათ გვერდით. ადამიანის დაბადება უნიკალური მოვლენაა. ეს ერთდროულად არის სიხარული, მოლოდინი, პასუხისმგებლობა ორ ადამიანზე. ამ პროცესის ნაწილად ყოფნა ჩემთვის დიდი მოტივაციაა“ - ამბობს ლია ბაბალაშვილი, ჩაჩავას კლინიკის მეან-ექთანი, საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის წევრი.

ლია ბაბალაშვილი, ჩაჩავას კლინიკის მეან-ექთანი, საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის წევრი
ფოტოს ავტორი: მიკა ძიძიგური/UNFPA
ლია 26 წელია მეან-ექთანი, ანუ ბებიაქალია. ის არის ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელ ზრუნვას და დახმარებას უწევს ქალებსა და მათ ახალშობილებს, ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებში.
„ეს არის პროფესია, რომელიც სიცოცხლის დასაწყისთან დგას და უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, მოაქვს სითბო, ემოცია და ადამიანური კავშირი. თითოეული უსაფრთხო მშობიარობა ჩვენი საერთო გამარჯვებაა… ჩვენი პროფესია საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთულია, მაგრამ ყველაზე დიდი ძალა მოდის შედეგიდან - როცა ხედავ ჯანმრთელ დედას და ახალშობილს. თითოეული წარმატებული შემთხვევა ენერგიით გავსებს” - ამბობს ის და დასძენს, რომ “ეს არ არის მხოლოდ პროფესიული ცოდნა - ეს არის მისია“.
5 მაისი მეან-ექთნების ანუ ბებიაქალების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ ამ პროფესიის წვლილსა და მნიშვნელობას, განსაკუთრებით დედათა და ჩვილთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში.
2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 1,9 მილიონი ბებიაქალია, რაც საჭირო რაოდენობის დაახლოებით ორი მესამედია. თავის წლევანდელ განცხადებაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი, დიენე კეიტა 2035 წლისთვის
ერთი მილიონით მეტი ბებიაქალის საჭიროებაზე მიუთითებს - რაც ოთხი მილიონით მეტი გადარჩენილი სიცოცხლის ტოლფასია.
საქართველოში, 500 მეან-ექთანია და ყველა მათგანი ქალია; მეან-ექთანთა საშუალო ასაკი 40+ წელია. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროფესიის წახალისება, სტუდენტების დაინტერესება, მათი მოტივირება და მხარდაჭერა.
“პირველი მერცხალი” - ერთადერთი ბიჭი მეან-ექთნებში
2011 წლიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეიქმნა სამეანო ფაკულტეტი და ამ სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს უკვე ბაკალავრის დიპლომის აღება შეუძლიათ. სწორედ მათ შორის არიან პირველკურსელები - ჰამლეტ დანელიანი, იამერ ნურმამედოვა და თამთა კენჭოშვილი.

თამთა კენჭოშვილი, ჰამლეტ დანელიანი და იამერ ნურმამედოვა
ფოტოს ავტორი: მიკა ძიძიგური/UNFPA
„ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის პროფესიის არჩევა. ჩემი აზრით, ამ პროფესიაში სქესი არ განსაზღვრავს შესაძლებლობას - მთავარია პროფესიის მიმართ პასუხისმგებლობა და სიყვარული. თუ არის ეგ ორი, ყველაფერი კარგად იქნება. მე ავირჩიე ეს პროფესია, რადგან მინდა ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი მომენტის - ბავშვის დაბადების ნაწილი ვიყო. ეს პროფესია მაძლევს შესაძლებლობას, დავეხმარო დედებს, ვიზრუნო მათი და ახალშობილის ჯანმრთელობაზე“, - ამბობს 22 წლის ჰამლეტი.

ჰამლეტ დანელიანი
ფოტოს ავტორი: მიკა ძიძიგური/UNFPA
ის ასევე აღნიშნავს, რომ მეანობა მნიშვნელოვანი და ღირებული პროფესიის გარდა საკმაოდ სტრესულიცაა, რადგან მშობიარობა ყოველთვის პროგნოზირებადი არ არის, შეიძლება ბევრი გართულება განვითარდეს და მეან-ექთანს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი.
19 წლის იამერ ნურმამედოვას პატარაობიდან უყვარს ბავშვები. სკოლის დამთავრებისას კი გადაწყვიტა, რომ ბებიაქალი გამოსულიყო, რადგან მოსწონს ეს პროფესია.
“მშობიარობის პროცესი, ბავშვის დაბადება, თვითონ ორსულობის პროცესი - საოცრებაა. მინდა კარგი და გამოცდილი ბებიაქალი ვიყო და მონაწილეობა მივიღო მშობიარობის პროცესში, ვიზრუნო დედასა და ახალშობილზე, და ზოგადად, სარგებელი მოვუტანო მთლიანად საზოგადოებას”, - ამბობს ის.

იამერ ნურმამედოვა
ფოტოს ავტორი: მიკა ძიძიგური/UNFPA
აბიტურიენტობისას, თამთა კენჭოშვილიც სამედიცინო სფეროზე ფიქრობდა, მაგრამ არ ჰქონდა ზუსტად გადაწყვეტილი რომელ სპეციალობას დაუფლებოდა:
„როდესაც აბიტურიენტის ცნობარს ჩამოვუყევი, თითქოს ვერცერთმა სხვამ ვერ მიმიზიდა, ერთადერთი რომლისკენაც გულმა გამიწია და რაღაც ნაპერწკალი ვიგრძენი, იყო სამეანო საქმე… წარმოვიდგინე მშობიარობის მომენტი - როგორ უდგახარ დედას მხარში, როგორ უკავია მას შენი ხელი და თავისი ემოციები შენზე გადმოაქვს… როცა უკვე სწავლება დაიწყო, დავრწმუნდი, რომ სწორედ აქ უნდა ვყოფილიყავი… როცა იცი, რომ (ამ სფეროში სპეციალისტების დეფიციტის გამო) შენი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო დიდ ძალას გრძნობ ზურგზე“, - აღნიშნა მან.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი ექთანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი და საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციის პრეზიდენტი ნატალია ხაჩიძე სტუდენტებს პირველი კურსის შესავალს უკითხავს და პროფესიას აცნობს.

ნატალია ხაჩიძე
ფოტოს ავტორი: მიკა ძიძიგური/UNFPA
როგორც ნატალია განმარტავს, საქართველოში პროფესიის სახელის ცვლილება ბებიაქალობიდან მეან-ექთნობამდე განსაკუთრებით იმიტომ გადაწყდა, რომ ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით ბიჭებისთვის არ ყოფილიყო დამაბრკოლებელი პროფესიის არჩევისას. შედეგმაც არ დააყოვნა და წელს უკვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს პირველი სტუდენტი ბიჭი ჰყავს.
„საქართველოში ამ პროფესიაში სრულად ქალები არიან (დასაქმებული). ჰამლეტი “პირველი მერცხალია“, რომელიც ახალი თაობის მეან-ექთანი იქნება“, - ამბობს ის.
57 წლის ნატალია 1993 წლიდან მეან-ექთანია. პროფესია დედამ შეაყვარა, რომელიც ასევე ბებიაქალია და დღემდე თავისი სპეციალობით აგრძელებს მუშაობას.
„ეს არის ძალიან მადლიანი პროფესია - ემსახურები ორ სიცოცხლეს, ადამიანის ყველაზე სასიხარულო მომენტში მის გევრდით ხარ და მის ბედნიერებას იზიარებ. ძალიან კარგი პროფესიაა და გული მწყდება რომ დღეს საქართველოში ცოტა კრიზისშია იმიტომ რომ არ გვყავს საკმარისი სპეციალისტები. მაგრამ საბედნიეროდ, გვაქვს განათლების მიღების ძალიან კარგი შესაძლებლობა“, - ამბობს ის.
მეან-ექთნის ფუნქციები ფართოა და მოიცავს ორსულთა სათანადო მომსახურებას, მოვლასა და ფსიქოლოგიურ მომზადებას, ფიზიოლოგიური მშობიარობის მიღებას და მეთვალყურეობას; ახალშობილის მდგომარეობის შეფასებას, ასევე, მშობიარის/ახალშობილის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროულ აღმოჩენასა და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას. მათ შეუძლიათ თავიდან აგვაცილონ დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემთხვევათა ორი მესამედი, რაც უამრავი გადარჩენილი სიცოცხლის გარდა, უფრო ჯანსაღი საზოგადოებების და ეკონომიკური და სოციალურ სარგებლის მომტანია.

იამერ ნურმამედოვა, ნატალია ხაჩიძე, თამთა კენჭოშვილი, ჰამლეტ დანელიანი.
ფოტოს ავტორი: მიკა ძიძიგური/UNFPA
რას აკეთებს UNFPA მეან-ექთნების (ბებიაქალების) მხარდასაჭერად?
დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთ-ერთი პრიორიტეტია როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, ხოლო ბებიაქალების მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხი წარმოადგენს გადარჩენის, უსაფრთხოების და პოზიტიური მშობიარობის გამოცდილების ერთ-ერთ გადამწყვეტ წინაპირობას.
UNFPA საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, ხელს უწყობს ბებიაქალებისთვის მდგრადი უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებას, კომპეტენციებზე დაფუძნებული სასწავლო პროგრამების განვითარებით, რომლებიც შესაბამისობაში იქნება როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე ეროვნულ პრიორიტეტებთან.
ეს ინიციატივა აერთიანებს სასწავლო პროგრამების განვითარებას, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას, მარეგულირებელ ჩარჩოებთან ჰარმონიზაციას და საპილოტე პროგრამის დანერგვას. ასევე დაინერგება ინოვაციური ციფრული სწავლებისა და სიმულაციური მეთოდები, რათა გაუმჯობესდეს ტრენინგის ხარისხი და ხელმისაწვდომობა, მათ შორის რეგიონებში მომუშავე ბებიაქალებისთვის.
UNFPA-ის ანალიტიკოსის, ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ახალი თაობის ბებიაქალებს ჰქონდეთ უწყვეტი სწავლის, პროფესიული კომპეტენციების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის შესაბამისი პირობები, ეს კი სისტემურ მიდგომას მოითხოვს.
„მარეგულირებელი ჩარჩოების გაძლიერება, მათ შორის ბებიაქალთა პრაქტიკის ფარგლების განსაზღვრა, აკრედიტაციის სტანდარტების დანერგვა და პროფესიული აღიარების უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბებიაქალების სრული ინტეგრაციისათვის ეროვნულ ჯანდაცვის ადამიანური რესურსების სტრატეგიებში და უნივერსალური ჯანდაცვის მიზნების მიღწევის მხარდასაჭერად“, - ამბობს ნატალია.
არასაკმარისი ინვესტიციები, გენდერული ბარიერები და დისკრიმინაცია ერთგვარად ჩრდილში აქცევს და აკნინებს ძირითადად ქალებით დაკომპლექტებულ ამ პროფესიულ ჯგუფს.
თითოეული ბებიაქალი უნდა იღებდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებასა და სამართლიან ანაზღაურებას, უნდა იყოს კანონით დაცული და ჰქონდეს თავისუფლება, საქმიანობა განახორციელოს პროფესიული სტანდარტების დაცვით.
ბებიაქალთა მომსახურებაზე საყოველთაო წვდომის უზრუნველსაყოფად საჭიროა ინვესტიციების განხორციელება, როგორც ეროვნულ ასევე გლობალურ დონეზე და, საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინოვაციური გზებით თანამშრომლობა.