გამოვლინდა კვების რაციონი, რომელიც ქალებში ყველა სახეობის ინსულტის რისკს ამცირებს
ეს არის დასკვნა, რომელიც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიტანა. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Neurology Open Access (NOA)-ში.
ხმელთაშუა ზღვის დიეტა გულისხმობს ბოსტნეულის, ხილის, პარკოსნების, მარცვლეულის, თევზის და მცენარეული ცხიმების - ძირითადად ზეითუნის ზეთის - მაღალ მოხმარებას, ამავდროულად ზღუდავს წითელ ხორცს, რძის პროდუქტებს და ნაჯერ ცხიმებს.
კვლევაში მონაწილეობდა 105,614 ქალი, რომელთა საშუალო ასაკი 53 წელი იყო და რომლებსაც კვლევაში ჩართვის დროს ინსულტი არ ჰქონდათ გადატანილი.
მონაწილეებმა შეავსეს კვების რაციონთან დაკავშირებული კითხვარები და შემდეგ მათ ხმელთაშუა ზღვის დიეტის დაცვის მიხედვით 0-დან 9-მდე ქულა მიენიჭათ.
ქალების დაახლოებით 30% იმ ჯგუფში იყო, სადაც დიეტის დაცვა ყველაზე მაღალი იყო, ხოლო 13% - ყველაზე დაბალი.
კვლევა საშუალოდ 21 წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში დაფიქსირდა 4,083 ინსულტი, რომელთაგან 3,358 იყო იშემიური (სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული) და 725 ჰემორაგიული (ტვინში სისხლდენით გამოწვეული).
რისკ-ფაქტორების - მოწევის, ფიზიკური აქტივობისა და არტერიული წნევის გათვალისწინებით, ქალებს, რომლებიც ყველაზე მეტად იცავდნენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ჰქონდათ ინსულტის საერთო რისკი 18%-ით დაბალი. იშემიური ინსულტის რისკი მათთან 16%-ით დაბალი იყო, ხოლო ჰემორაგიული ინსულტის - 25%-ით.
მკვლევარებმა ხაზი გაუსვეს, რომ ინსულტი კვლავ სიკვდილისა და ინვალიდობის წამყვანი მიზეზია და კვების რაციონის მოდიფიკაციები შეიძლება იყოს რისკის შემცირების ხელმისაწვდომი გზა.
რა არის ხმელთაშუა ზღვის დიეტა?
ხმელთაშუა ზღვის დიეტა უფრო კვების სტილია, ვიდრე მკაცრი წესების ერთობლიობა. მისი ძირითადი პრინციპები გამოვლინდა მას შემდეგ, რაც ექიმებმა და მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ იტალიის, საბერძნეთისა და ესპანეთის მაცხოვრებლებს ნაკლებად აღენიშნებოდათ გარკვეული დაავადებები, ვიდრე სხვა ევროპულ რეგიონებში.
ხმელთაშუა ზღვის დიეტას არ აქვს მკაცრი წესები ან შეზღუდვები. ის დაბალანსებული და აკმაყოფილებს ორგანიზმის საჭიროებებს აუცილებელ მიკრო და მაკროელემენტებზე (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები). ეს დიეტა კალორიების დათვლის ნაცვლად ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებას უსვამს ხაზას.
ხმელთაშუა ზღვის დიეტის პრინციპები
ხმელთაშუა ზღვის დიეტის დაცვის ერთიანი წესები არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია შემდეგი ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირება:
- დღეში ხილისა და ბოსტნეულის მინიმუმ 5 პორცია;
- ცხიმის ჯანსაღი წყაროები, ძირითადად ზეითუნის ზეთი;
- რთულ ნახშირწყლებზე აქცენტი, მარტივი ნახშირწყლების შეზღუდვა;
- თევზისა და ზღვის პროდუქტების ზომიერი მოხმარება, როგორც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მნიშვნელოვანი წყაროების;
- ცხიმიანი და გადამუშავებული ხორცის (ძეხვეული, სოსისები და ნახევარფაბრიკატები) და ცომეულის შეზღუდვა კვირაში არაუმეტეს 1-2 პორციით;
- რძის პროდუქტებისა და ფერმენტირებული რძის პროდუქტების ზომიერი მოხმარება (დამატკბობლების, დანამატების ან შემავსებლების გარეშე);
- სითხის საკმარისი მიღება;
- კომფორტული გარემო კვების დროს;
- რეგულარული კვება კვებებს შორის ხანგრძლივი შესვენებების გარეშე;
- ფერადი, ჯანსაღი და გემრიელი კერძები;
- ზომიერი პორციები (ინდივიდუალური);
- ნაზი მომზადების მეთოდები - ცხობა, ჩაშუშვა, ორთქლზე ან გრილზე მომზადება. ეს კვების ჩვევები განუყოფლად არის დაკავშირებული აქტიურ ცხოვრების წესთან და დადებით ემოციებთან. ხმელთაშუა ზღვის დიეტა საშუალებას იძლევა, რომ დროდადრო მშრალი ღვინო გონივრული რაოდენობით მივიღოთ.