ახალი სიცოცხლე სასწრაფო დახმარების ავტომობილში - შემთხვევა დმანისის რაიონიდან
დმანისის რაიონულ სამსახურში შესული გამოძახება - „მშობიარობა მესამე შვილზე“ - თავიდანვე მაღალ პასუხისმგებლობას მოითხოვდა, რადგან მანძილი სოფლიდან ფილიალამდე საკმაოდ დიდი იყო, პაციენტის მდგომარეობა კი სწრაფად იცვლებოდა.
ადგილზე მისულმა ბრიგადამ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პაციენტი კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა გზაში მშობიარეს მდგომარეობა დამძიმდა და ტკივილის ინტენსივობამ პიკს მიაღწია. ეკატერინე ოკმელაშვილმა, ლია ცინდელიანმა და გუსეინ უმბატოვმა სწორად გათვალეს რისკები - მიხვდნენ, რომ კლინიკამდე პაციენტის მიყვანას ვერ მოასწრებდნენ და ავტომობილი გააჩერეს. ემოციურ ისტორიას სასწრაფო დახმარების ექიმებზე გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს
- სასწრაფო დახმარების მანქანაში მოვლენილი ახალი სიცოცხლე! დმანისის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „მშობიარობა“. სოფელი, საიდანაც დახმარებას ითხოვდნენ, საკმაოდ მოშორებით მდებარეობდა ფილიალიდან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დაუყოვნებლივ გავიდა გამოძახების მისამართზე და პაციენტთან მისვლამდე, მუდმივ კონტაქტში იყო ზარის ინიციატორთან.

ადგილზე მისულ ბრიგადას ახალგაზრდა ქალბატონი დახვდათ, რომელიც მესამე შვილს ელოდებოდა. ბრიგადის წევრებმა შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა, დაუკავშირდნენ ცენტრალურ სადისპეტჩეროს და დაიწყეს პაციენტის ტრანსპორტირება. როგორც პარამედიკოსი ეკატერინე ოკმელაშვილი იხსენებს, კლინიკასთან მისვლამდე მშობიარეს ტკივილი გაუძლიერდა. ბრიგადამ შეაჩერა ავტომობილი, ხელახლა შეაფასა პაციენტის მდგომარეობა, რის შედეგადაც აშკარა გახდა, რომ მშობიარობა უახლოეს წუთებში დაიწყებოდა, რასაც ბრიგადის წევრები შესაბამისი აღჭურვილობით სრულად მომზადებულები შეხვდნენ.
სამედიცინო პერსონალის გუნდურობისა და მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, ქვეყანას მალევე ახალი სიცოცხლე , სრულიად ჯანმრთელი ბიჭუნა მოევლინა, რომელმაც დაბადებისთანავე იტირა. მედპერსონალმა ადგილზე ჩაატარა ყველა აუცილებელი სამედიცინო მანიპულაცია, რის შემდეგაც დედა და ახალშობილი უსაფრთხოდ გადაიყვანეს სამშობიარო კლინიკაში.
ეკატერინე ოკმელაშვილი 2019 წლიდან დმანისის რაიონული სამსახურის პარამედიკოსია. აღნიშნული შემთხვევა მის პროფესიულ პრაქტიკაში მშობიარობის მიღების მესამე შემთხვევა იყო.