ტკივილის მართვა, როგორც გლობალური და ეროვნული გამოწვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკივილის მართვა, როგორც გლობალური და ეროვნული გამოწვევა

ის ხშირად აღიქმება როგორც დროებითი დისკომფორტი, რომელიც „უნდა აიტანო“, თუმცა თანამედროვე მედიცინა მას განსაზღვრავს, როგორც მდგომარეობას, რომელიც დროულ შეფასებას, მართვასა და ხშირად კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. სწორედ ამ დამოკიდებულების ცვლილება ხდება დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა როგორც მსოფლიოში, ისე - საქართველოში.

საქართველოში, ტკივილის მართვის მიმართულებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, თუმცა სფეროს განვითარების მომდევნო ეტაპი უკვე აშკარად მოითხოვს სისტემურ, გრძელვადიან და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. მედიცინის ფაკულტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის დოქტორანტის, საქართველოს ეპიდემიოლოგთა ასოციაციის წევრის, შორენა გაბედავას აზრით, დღეს მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ მიღწეული შედეგების შენარჩუნებაა, არამედ სისტემის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანაა.

„აუცილებელია, მკაფიოდ განისაზღვროს ტკივილის მართვის სერვისების სტანდარტები, მათი გეოგრაფიული განაწილების პრინციპები, ხარისხის შეფასების მექანიზმები და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ფარგლები. მხოლოდ ასე შევძლებთ სისტემურად გავაუმჯობესოთ პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობა და მომსახურების ხარისხი.

ტკივილის მართვის სერვისების მდგრადი განვითარება შეუძლებელია კადრების მიზნობრივი მომზადების გარეშე, რომელთა პროფესიული კომპეტენცია საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბაამებოდეს. ამას აუცილებლად უნდა დაერთოს შედეგებზე ორიენტირებული, ადეკვატური და ეტაპობრივად მზარდი დაფინანსება.“

ტკივილი დღეს არა მხოლოდ ინდივიდუალური, არამედ გლობალური ჯანდაცვის პრობლემაა. პრობლემის სიმწვავე განპირობებულია ტკივილის მაღალი გავრცელებით, სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოების არასაკმარისი ცოდნითა და გამოცდილებით, არსებული სტიგმით, შეზღუდული რესურსებითა და მარეგულირებელი სისტემების ნაკლები მოქნილობით.

განსაკუთრებით მწვავეა მდგომარეობა ონკოლოგიურ პაციენტებში, რაც, რესპონდენტის თქმით, ტკივილის მართვის სისტემის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

„ონკოლოგიური პაციენტების თითქმის 90%-ს დაავადებისა და მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე ქრონიკული ტკივილი აღენიშნება. ეს ნიშნავს, რომ ტკივილის მართვა უნდა იყოს არა დამატებითი სერვისი, არამედ მკურნალობის განუყოფელი ნაწილი.“

ტკივილი კლასიფიცირდება ორ ძირითად ტიპად - მწვავე და ქრონიკული. მწვავე ტკივილი, როგორც წესი, ტრავმის ან კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობის შედეგია და 3 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში გრძელდება. ქრონიკული ტკივილი კი, გაცილებით რთული მდგომარეობაა, რომელიც ადამიანს ხშირად წლების განმავლობაშიც აწუხებს.

როგორც მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებივი ჯანდაცვის დოქტორანტი შორენა გაბედავა აღნიშნავს, ქრონიკული ტკივილი უკვე დამოუკიდებელ დაავადებად განიხილება:

„ქრონიკული ტკივილი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და ცხოვრების წესზე. ის ხშირად იწვევს დეპრესიასა და შფოთვას და მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა, ის მძიმე ტვირთია როგორც პაციენტისთვის, ისე სახელმწიფოსთვის - სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ქრონიკული ტკივილი ამცირებს ადამიანის ფუნქციურ შესაძლებლობებს, ზღუდავს შრომისუნარიანობას და ზრდის ჯანდაცვის ხარჯებს.“

აღსანიშნავია, რომ შორენა თსუ-ში მის ხელმძღვანელთან, მედიცინის დოქტორთან, ასოცირებულ პროფესორთან, მაკა ჯორბენაძესთან ერთად მუშაობს კვლევაზე „ტკივილის მართვის სერვისების მიმართ სამედიცინო პერსონალის ცოდნა-დამოკიდებულების შეფასება საქართველოში’’. კვლევის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, სხვადასხვა სამედიცინო სერვისისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელის ცოდნა-გამოცდილების, შესაძლებლობებისა და რესურსების შეფასების გზით.

თანამედროვე მონაცემებით, ქრონიკული ტკივილი ყოველი მეხუთე ადამიანის ყოველდღიურ რეალობას წარმოადგენს. დასავლეთის ქვეყნებში ის ზრდასრულთა დაახლოებით 20%-ს აწუხებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პრობლემის მასშტაბს.

ტკივილის ეფექტური მართვა მისი სწორი შეფასებით იწყება. აუცილებელია ტკივილის ინტენსივობის, ხასიათის, გავრცელების და იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც მის გაძლიერებას ან შემსუბუქებას იწვევს. ძლიერი ტკივილის მართვაში განსაკუთრებული როლი ენიჭება ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს.

„ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები წარმოადგენს უალტერნატივო, ეფექტურ და სასიცოცხლოდ აუცილებელ საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ძლიერი ტკივილის შემთხვევათა 70-90%-ის ეფექტური მართვა.“

ამავდროულად, თანამედროვე მედიცინა ტკივილის მართვას მხოლოდ მედიკამენტურ მიდგომაზე არ აფუძნებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა როგორც ფარმაკოლოგიური, ისე - არაფარმაკოლოგიური მეთოდები.

„ფარმაკოთერაპიაში აქცენტი გადატანილია ინდივიდუალიზაციაზე - თითოეული პაციენტის საჭიროებების გათვალისწინებით, ოპიოიდების რაციონალურ გამოყენებასა და ალტერნატიული პრეპარატების ინტეგრირებაზე. აქტიურად ინერგება მინიმალურად ინვაზიური მეთოდებიც. ნერვული ბლოკადები, რადიოსიხშირული აბლაცია და ნეირომოდულაცია თანამედროვე მედიცინის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია, რომლებიც პაციენტს აძლევს შესაძლებლობას, ტკივილი ეფექტურად და ნაკლებად ტრავმული გზით გააკონტროლოს.“

არაფარმაკოლოგიური მიდგომებიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კოგნიტურ-ქცევით თერაპიას, ფიზიოთერაპიას, მულტიმოდალურ რეაბილიტაციასა და ციფრულ ტექნოლოგიებს. ეს მიდგომები ხელს უწყობს პაციენტის აქტიურ ჩართულობას და თვითმართვის უნარების განვითარებას, რაც ქრონიკული ტკივილის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ქრონიკული ტკივილის პრევენციისა და კონტროლისათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ძირითადი ასპექტია: ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა, სწორი ძილი, ტკივილის ადრეული შეფასება, ექიმთან დროული მიმართვა და მედიკამენტების რაციონალური გამოყენება.

ტკივილის ეფექტური და ადეკვატური მართვის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ სამსაფეხურიან მოდელს, რომელიც გულისხმობს ტკივილის სისტემატურ შეფასებას და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების - მათ შორის, ოპიოიდების - ეტაპობრივ და სწორ გამოყენებას. აღნიშნული მიდგომა პრაქტიკაში მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილის ინტენსივობას და აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.

„ტკივილის იგნორირება ან მოთმენა არ არის სწორი მიდგომა. პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს სპეციალისტს, რადგან ადრეულ ეტაპზე მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს ქრონიკულ ფორმაში გადასვლისა და გართულებების განვითარების რისკს.“ - აცხადებს შორენა გაბედავა.

საბოლოოდ, თანამედროვე მიდგომა ტკივილის მართვას განიხილავს არა მხოლოდ როგორც სიმპტომის შემცირებას, არამედ როგორც პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

როგორც რესპონდენტი აღნიშნავს, ეფექტური მართვა ეფუძნება ინდივიდზე მორგებულ, მულტიდისციპლინურ მიდგომას, სადაც პაციენტი მკურნალობის პროცესის აქტიური მონაწილეა და არა - უბრალოდ მიმღები. მისივე თქმით, ტკივილის მართვის სისტემის გაძლიერება საქართველოში აუცილებლობაა, რომელიც განსაზღვრავს როგორც ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობას, ისე - საზოგადოების კეთილდღეობას.

R