ანტიბიოტიკებმა შვეიცარიაში მცხოვრებ მამაკაცში ჰალუცინაციები გამოიწვია
ანტიბიოტიკებმა შვეიცარიაში მცხოვრებ მამაკაცში ჰალუცინაციები გამოიწვია. ეს კლინიკური შემთხვევა ჟურნალ BMC Psychiatry-ში ჟენევის უნივერსიტეტის (შვეიცარია) მედიცინის ფაკულტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს.
ანტიბიოტიკების მიღებამდე, ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელ, არამწეველ და არმსმელ 50 წლის მამაკაცს ბაქტერიული პნევმონია დაუდგინდა და ჩვეულებრივი ანტიბიოტიკის (ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა) კურსი დაენიშნა.
ეს მის ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მან ანტიბიოტიკი მიიღო. რადგან პრეპრატის მიღებიდან ორი დღის განმავლობაში გაუმჯობესება არ მომხდარა, პაციენტს სხვა ანტიბიოტიკი, კლარითრომიცინი, დაენიშნა.
ორი დღის შემდეგ, მამაკაცის ოჯახმა მის ქცევაში ცვლილება შენიშნა - ის მოულოდნელად ძალიან ენამახვილი, გაღიზიანებული, ენერგიული, მუდმივად ამაღლებული განწყობით და ღმერთთან საუბრებზე საუბრობდა. ნათესავებმა პაციენტი საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც ის გადაუდებელ ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. იქ პაციენტმა ექიმებს უამბო, რომ ანტიბიოტიკის მიღებიდან პირველივე ღამეს, ის გრძნობდა, რომ თითქოს კვლდებოდა და სმენითი ჰალუცინაციები დაეწყო. მას სჯეროდა, რომ ღმერთი ელაპარაკებოდა და ეუბნებოდა, რომ განსაკუთრებული მისიისთვის იყო არჩეული.
ექიმებმა პაციენტს დიაგნოზი - ანტიბიომანია დაუდგინეს. ეს არის ანტიბიოტიკების იშვიათი, ნაკლებად ცნობილი გვერდითი მოვლენა, რომლის დროსაც პაციენტს ამ მედიკამენტების მიღების შედეგად ფსიქოზის შეტევა უვითარდება.
ტერმინი „ანტიბიომანია“ 2002 წელს ჟურნალში Journal of Clinical Psychopharmacology გამოქვეყნებული მიმოხილვის ავტორებმა შემოიტანეს. იმ დროს სამედიცინო ლიტერატურაში ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ მანიაკალური ეპიზოდების 21 შემთხვევა იყო აღწერილი, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კიდევ 82 მსგავსი შემთხვევა დააფიქსირა. ამ თემაზე 2017 წელს ჟურნალში Journal of Affective Disorders გამოქვეყნებული კიდევ ერთი მიმოხილვის ავტორებმა ანტიბიომანიის 47 შემთხვევა აღწერეს, რომელთაგან ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი მხოლოდ სამი წლის იყო. ეს გვერდითი რეაქცია ყველაზე ხშირად კლარითრომიცინის, ასევე ციპროფლოქსაცინისა და ოფლოქსაცინის მიღებისას ვლინდება. ანტიბიოტიკებით გამოწვეული მანიის ბიოლოგიური მიზეზები გაურკვეველი რჩება.
რაც შეეხება შვეიცარიაში მცხოვრებ პაციენტს, მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა კლარითრომიცინის მიღება და დაიწყო შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღება, მისი ფსიქიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა და სახლში გაწერეს. თუმცა, რადგან მას პნევმონიის მკურნალობის გაგრძელება დასჭირდა, მან განაახლა ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას მიღება და ფსიქოზის სიმპტომები მაშინვე დაუბრუნდა. შედეგად, საბოლოოდ მას ანტიბიოტიკოთერაპიის სრულად შეწყვეტა მოუწია.