პატრიარქის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ექიმები ცდილობენ ჰემოდინამიკური მაჩვენებლების შენარჩუნებას
წუხელ ღამით, 3 საათზე პატრიარქი გახდა შეუძლოდ და გადაიყვანეს კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც მას დაუდგინდა კუჭიდან მწვავე სისხლდენის დიაგნოზი. ჩატარდა ენდოსკოპიური კვლევა და სისხლდენის შემაჩერებელი ღონისძიებები.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა: "ექიმების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტად ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება. ყველაფერი გაკეთდა ამისთვის, რა თქმა უნდა, ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვება და ყველა საჭირო ღონისძიების გატარება საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი. დაკვირვება გაგრძელდება. მდგომარეობის მართვაში ჩართული არიან საუკეთესო რეანიმატოლოგები, უცხოეთში გადაყვანა ამ ეტაპზე, მდგომარეობიდან გამომდინარე, არ განიხილება, თუმცა არ გამოვრიცხავთ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას საჭიროების შემთხვევაში".
კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, სოფიო ასპანიძის თქმით, "პატრიარქი შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო დიაგნოსტიკური პროცედურები. მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის დეპარტამენტში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილური გვაქვს, არის ინტუბირებული და მედიკამენტური ძილის მდგომარეობაში, რაც ენდოსკოპიური კვლევის შემდგომ პერიოდში პაციენტის რეაბილიტაციისთვის არის საჭირო".