რა არის პოდაგრა: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის პოდაგრა: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

პოდაგრა არის ართრიტის სახეობა, რომელსაც იწვევს სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე. პოდაგრის სიმპტომები არის: სახსრის მწვავე ტკივილი (განსაკუთრებით ფეხის თითის), შეშუპება, სიწითლე და ანთება. მისგან განკურნებაში რევმატოლოგები დაგეხმარებიან, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

პოდაგრა, რომელსაც მეორე დასახელებით, ნიკრისის ქარით იცნობენ, ხშირად მოულოდნელად იწყება: თითქოს ერთ ღამეში შეიცვალა ყველაფერი: გაღვიძებთ სახსრის ძლიერი ტკივილი, ადგომა გიჭირთ, ფეხსაცმლის ჩაცმა მტკივნეულია, შეხებაც კი აუტანელია. ყველაზე გავრცელებული დიდი თითის სახსრის პრობლემაა, თუმცა დაავადება შეიძლება ტერფს, კოჭს, მუხლს ან მაჯასაც შეეხოს.

ეს არ არის უბრალოდ „დაღლა“ ან „გაციება“ - უმეტეს შემთხვევაში პრობლემა შარდმჟავასთან დაკავშირებულ ანთებით პროცესზე მიანიშნებს, რომელსაც თუ დროულად არ მივხედეთ, დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს განმეორებადი და ქრონიკული.

რა არის პოდაგრა და რატომ იწვევს ის ტკივილს?

პოდაგრა ვითარდება მაშინ, როცა სისხლში შარდმჟავა იმატებს და ორგანიზმი ვეღარ ასწრებს მის სწორად გამოდევნას. შარდმჟავა წარმოიქმნება პურინების დაშლის შედეგად. ეს ნივთიერებები ბუნებრივადაც გვაქვს და საკვებიდანაც ვიღებთ. როცა დონე მაღალია, შარდმჟავა მარილების მიკროკრისტალები იწყებს დაგროვებას სახსრებში და სწორედ ეს კრისტალები იწვევს მწვავე ანთებას. ამიტომ პოდაგრის შეტევა ხშირად არა თანდათანობითი ტკივილია, არამედ მკვეთრი, მწვავე ეპიზოდი, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ მოძრაობასაც კი უზღუდავს.

პოდაგრა უფრო ხშირია მამაკაცებში, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, და ხშირად აქვს ოჯახური ისტორია, ანუ გენეტიკური მიდრეკილება. თუმცა გენეტიკა ერთადერთი განმსაზღვრელი არაა: გავლენას ახდენს თირკმელების ჯანმრთელობა, სხეულის წონა, მეტაბოლური პროცესები და ცხოვრების წესიც.

პოდაგრის სიმპტომები: როგორ ვლინდება ის?

პოდაგრის სიმპტომები, როგორც წესი, მკაფიოა და „შეუმჩნევლად“ იშვიათად გადის. შეტევა იწყება ძლიერი ტკივილით ერთ სახსარში; ადგილი შეშუპებულია, გაწითლებული, „გაცხელებული“ და შეხებისას მკვეთრად მტკივნეული. ზოგჯერ ტკივილი იმდენად ინტენსიურია, რომ ადამიანისთვის მარტივი მოძრაობებიც კი ყველაზე რთული ხდება - მაგალითად, საწოლიდან წამოდგომა ან რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა.

შეტევა შეიძლება რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე გაგრძელდეს, შემდეგ კი შედარებით დამშვიდდეს. მაგრამ თუ ძირითადი მიზეზი, მაღალი კონცენტრაციის შარდმჟავა, უცვლელი დარჩა, ეპიზოდები ხშირად მეორდება. განმეორებადი შეტევები უკვე რისკის სიგნალია: დროთა განმავლობაში პოდაგრა შეიძლება განვითარდეს რამდენიმე სახსარში, გამოიწვიოს მათი დაზიანება, განვითარდეს ტოფუსები (კრისტალების გროვები კვანძების სახით) და ასევე გაიზარდოს თირკმელში ქვების გაჩენის რისკი.

რა ამწვავებს პოდაგრას: მიზეზები და ტრიგერები

ბევრი ადამიანი პირველად შეტევას კონკრეტულ პერიოდს უკავშირებს: დღესასწაულს, ალკოჰოლს, კვების დარღვევას, მოგზაურობას ან დიდხანს დეჰიდრატაციას. რეალურად, ასეთი ფაქტორები ხშირად არ არის „ერთადერთი მიზეზი“, მაგრამ მოქმედებს როგორც ტრიგერი იმ ფონზე, როცა შარდმჟავა უკვე მაღალ ნიშნულზეა.

პოდაგრის გამწვავებას ხელს უწყობს ალკოჰოლის ხშირი მიღება (განსაკუთრებით ლუდი), ჭარბი წონა, მეტაბოლური პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი/ინსულინრეზისტენტობა, მაღალი არტერიული წნევა და თირკმლის ფუნქციის გარკვეული დარღვევები. ასევე მნიშვნელოვანია მედიკამენტების ფაქტორიც. მაგალითად, ზოგი შარდმდენი შეიძლება გავლენას ახდენდეს შარდმჟავას დონეზე. და მაინც, მთავარი მესიჯი ასეთია: პოდაგრა ხშირად არ არის მხოლოდ „კვების ბრალი“ - ეს არის მეტაბოლური პრობლემა, რომელიც სწორი შეფასებისა და კონტროლის გარეშე ვერ მოგვარდება.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

პოდაგრის დიაგნოსტიკა იწყება კლინიკური სურათით: ექიმისთვის მნიშვნელოვანია როგორ დაიწყო შეტევა, რომელ სახსარზე დაგემართათ პირველი შეტევა, რამდენ ხანს გაგრძელდა, რამდენჯერ განმეორდა და გაქვთ თუ არა ოჯახური ისტორია.

ასევე, შარდმჟავას ანალიზი აუცილებელი ინფორმაციის წყაროა, თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ ერთი ნიუანსი: მწვავე შეტევის დროს შარდმჟავა ზოგჯერ ნორმაშიც შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ მხოლოდ ერთჯერადი კვლევით მისი დადასტურება ან გამორიცხვა ყოველთვის სწორი არ არის. საჭიროების შემთხვევაში რევმატოლოგი ნიშნავს დამატებით კვლევებს, ზოგჯერ კი სახსრის სითხის შეფასებასაც, რაც დიაგნოზს ყველაზე მარტივად გვაძლევს.

პოდაგრის მკურნალობა: თანამედროვე მეთოდები და გრძელვადიანი კონტროლი

პოდაგრის მკურნალობა ორ მიმართულებად იყოფა: პირველი არის მწვავე შეტევის სწრაფი კონტროლი, მეორე კი შარდმჟავას სტაბილური შემცირება, რათა შეტევები არ განმეორდეს და სახსრები დაცული იყოს.

შეტევის დროს ექიმი, როგორც წესი, ნიშნავს ანთების საწინააღმდეგო მკურნალობას - კონკრეტული არჩევანი დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებსა და რისკებზე. მიზანი კი ერთია: ტკივილის შემსუბუქება და ანთების ჩახშობა რაც შეიძლება მალე, რადგან დროულ რეაგირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი მთავარი ხდება შარდმჟავას კონტროლი. თანამედროვე მიდგომა ეფუძნება მიზნობრივ მართვას: ექიმი ადგენს, რა დონეზე უნდა ჩამოვიდეს შარდმჟავა და როგორ მივაღწიოთ ამას უსაფრთხოდ. ზოგ შემთხვევაში საკმარისია ცხოვრების წესის კორექცია და კონტროლი, თუმცა ხშირ შემთხვევაში საჭიროა შარდმჟავას დამაქვეითებელი თერაპიაც. ეს არის ის ნაწილი, რომელიც პოდაგრას მომავალი შეტევებისგან გიცავთ იმიტომ, რომ მხოლოდ შეტევის მკურნალობა პრობლემას არ ხსნის.

აქვე მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა არ არის ერთდღიანი გადაწყვეტილება: შედეგი დგება გეგმურად, სწორ დიაგნოზზე, ინდივიდუალურ სქემასა და მონიტორინგზე დაყრდნობით.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ პირველად გაქვთ ისეთი მწვავე ტკივილი და შეშუპება, რომელიც პოდაგრას ჰგავს, განსაკუთრებით ფეხის ცერა თითის, ტერფის, კოჭის ან მუხლის მიდამოში, ექიმთან ვიზიტი გადადებას არ ღირს. ასევე აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს, თუ შეტევები მეორდება, ტკივილი გახშირდა, ან გაქვთ თირკმლის პრობლემების/კენჭების ისტორია.

დროული კონსულტაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოდაგრა არ გადაიქცეს ქრონიკულ პროცესად და არ დატოვოს სახსრებზე გრძელვადიანი კვალი.

R