სიმსუქნისკენ მიდრეკილების მიზეზები
ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებით მძიმეა მათთვის, რომლებიც მისდევენ სპორტის ისეთ სახეობას, სადაც წარმატება სხეულის წონაზეა დამოკიდებული. საინტერესოა, რას უკავშირდება ეს ყოველივე და როგორი დამოკიდებულებაა საჭირო სასურველ წონასთან.
რატომ იმატებენ ზოგიერთები წონას, მაშინ როცა სხვები მუდმივად ინარჩუნებენ სიგამხდრეს?
წონაზე გავლენას ახდენს მრავალი განსხვავებული ფაქტორი, მათ შორის გენეტიკა, კვება, გარესამყარო, ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის დონე.
ადამიანების ენერგიის ძირითადი დანახარჯი (60-80%) განპირობებულია მეტაბოლიზმის ბაზალური სიჩქარით, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად ვერ ვაკონტროლებთ.
მეტაბოლიზმის ბაზალური სიჩქარე გვიჩვენებს, რამდენ ენერგიას ხარჯავს ჩვენი ორგანიზმი ძირითადი ფუნქციების შესრულებაზე, ისეთების, როგორებიცაა სუნთქვა, სხეულის ტემპერატურის რეგულირება, საჭმლის მონელება და სხვა ფარული მეტაბოლური პროცესები.
მეტაბოლიზმის ბაზალური სიჩქარე დამოკიდებულია გენეტიკაზე, ორგანიზმში კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილის თანაფარდობაზე, სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მეცნიერებას ჯერ არ შეუძლია ზუსტად იმის თქმა, რა ახდენს გავლენას მეტაბოლიზმის სიჩქარეზე და როგორ შეიძლება მისი დაჩქარება.
ზოგიერთ გენს შეუძლია კვების ქცევაზე გავლენის მოხდენა, მაგალითად, დანაყრების შეგრძნებაზე, შაქრისადმი ლტოლვასა და სიმწარისადმი მგრძნობელობაზე. ზოგჯერ წონის მომატება შეიძლება დაავადებას ან ჰორმონულ დისბალანსს უკავშირდებოდეს.
ჭარბი კვებაც (გადაძღომა) შეიძლება იყოს ემოციური სტრესის ან ცხოვრების ცუდი ხარისხის კომპენსატორული მექანიზმი. რამდენადაც ადამიანისთვის საკვების მიღება (ჭამა) ძალიან მნიშვნელოვანია, ევოლუციამ იზრუნა იმაზე, რომ სიამოვნება მივიღოთ მისგან.
როდესაც ვჭამთ, ემოციურ ჯილდოს ვიღებთ. თუ არაფერი გვაქვს გასაკეთებელი და მოწყენილი ვართ, მაშინაც კი შეგვიძლია ვჭამოთ, მიუხედავად იმისა, რომ არ გვშია. საკვებიდან მიღებული კალორიების რაოდენობაც დამოკიდებულია ნაწლავის ბაქტერიების შემადგენლობაზე. ზოგიერთ ბაქტერიას შეუძლია მიიღოს მეტი კალორია ერთი და იმავე საკვებიდან, ეს კი ცვლის კალორიულობის გავლენას.
რა ქმნის სხეულის მასას?
ცხიმისა და უცხიმო მასის ჯამი შეადგენს სხეულის მთლიან მასას. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისა და გამართული ფუნქციობის, ცხოველმყოფელობისათვის.
ცხიმოვანი მასა
ცხიმი თავისთავად არის ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც ჩვენი სხეული ინახავს ენერგიას გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.
ცხიმოვანი მასა არის სხეულში ცხიმოვანი ქსოვილის შემცველობის საზომი. განასხვავებენ უცვლელ და დაგროვილ ცხიმოვან ქსოვილს.
უცვლელი ცხიმი წარმოდგენილია ნერვულ ქსოვილში, ძვლის ტვინსა და ორგანოების ირგვლივ. ეს ერთგვარი ცხიმოვანი „ამორტიზირებადი ბალიშებია“. ამ ცხიმოვანი ქსოვილის დაკარგვა ორგანიზმისთვის საშიშია.
დაგროვილი ცხიმი არის ენერგიის რეზერვი, რომელიც გროვდება ორგანიზმში, როდესაც ადამიანი ჭარბად იღებს გარკვეულ საკვებ ნივთიერებებს და პროპორციულად მცირდება, როდესაც ენერგიის ხარჯვა აღემატება მის მიღება-შევსებას.
ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, სქესსა და აქტივობის დონეზე. მამაკაცების ცხიმოვანი მასა შეადგენს 14-24%-ს, ხოლო ქალების - 20-31%-ს. ეს მონაცემები შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყანაში. პროფესიონალ სპორტსმენთა სხეულის ცხიმის რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბევრი ადამიანის სხეულის მასისგან.
უცხიმო მასა
უცხიმო მასას შეადგენს ყველაფერი, რაც არ არის ცხიმი: კუნთები, ორგანოები, ტვინი და ნერვები, ძვლები და ორგანიზმის ყველა სითხე.
ჯანმრთელი ადამიანის უცხიმო მასის ცვლილებები ხდება კუნთოვანი მასის ცვლილების გამო, ამიტომ ამ ინდიკატორს (მაჩვენებელს) შეუძლია ირიბად მიუთითოს კუნთების მოცულობა.
სპორტსმენთა სხეულის მასის ინდექსი არ არის ცხიმოვანი ქსოვილის შემცველობის მაჩვენებელი, რადგან ის შეიძლება იყოს ნორმაზე მაღალი კუნთოვანი მასის გამო.
სხეულის წონა და სპორტი
სპორტსმენებისთვის არ არსებობს ორგანიზმში ცხიმის პროცენტული შემცველობის საზოგადოდ მიღებული სტანდარტები. სხეულის იდეალური შედგენილობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სპორტის ან დისციპლინის კონკრეტულ სახეობაზე და ინდივიდუალურად უნდა განიხილებოდეს მწვრთნელთან, დიეტოლოგთან და სპორტული მედიცინის ექიმთან ერთად.
კონტაქტური სპორტის ზოგიერთი სახეობისთვის, როგორებიცაა - ამერიკული ფეხბურთი ან რაგბი, სხეულის შედარებით მაღალი მასა ჩვეულებრივ უპირატესობად მიიჩნევა. ტანვარჯიშსა და შორ მანძილზე სირბილში, პირიქით, სასურველია სხეულის დაბალი წონა. ბოდიბილდინგში სასურველია კუნთოვანი მასისა და მთლიანი სხეულის მასის გაზრდა ცხიმის მასის ზრდის გარეშე.
ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმში გენეტიკურად უფრო ნელა მიმდინარეობს ნახშირწყლების წვა და ცხიმების დაშლა. ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ მეტი დრო დახარჯონ კარდიო ვარჯიშზე წონის დასაკლებად. სხვა ადამიანებთან, პირიქით, ცხიმები და ნახშირწყლები უფრო სწრაფად იშლება, ამიტომ ხანგრძლივმა კარდიო ვარჯიშმა შეიძლება წონის დაკლება გამოიწვიოს.