მწვავე მუცელი - ქირურგთან ვიზიტის დროა!
ეს შესაძლოა იყოს მწვავე ანთებითი პროცესი, შინაგანი სისხლდენა, ორგანოთა ტრავმული დაზიანება, ნაწლავური გაუვალობა და სხვა. მწვავე მუცელს ყველაზე ხშირად პრაქტიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები იცნობენ.
მწვავე მუცლისთვის დამახასიათებელი ტკივილი იწყება უეცრად და გრძელდება საათები, ეს იმდენად ძლიერი ტკივილია, რომ ადამიანს უჭირს სუნთქვა და სიარული. ტკივილი ზოგჯერ მოიცავს მთელ მუცელს ან მის რომელიმე ნაწილს.
მწვავე მუცლის მიზეზები
მუცლის ძლიერი ტკივილით მიმდინარე სიმპტომოკომპლექსის გამომწვევი მიზეზებია:
- მუცლის ღრუს ორგანოთა ტრავმული დაზიანება;
- ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებითი დაზიანებანი;
- ნაწლავისა და კუჭის პერფორაციული (გახეთქვა, გასკდომა) დაზიანება;
- მუცლის ღრუში სისხლდენა;
- მწვავე ნაწლავური გაუვალობა;
- ნაწლავის ჯორჯლის არტერიაში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, გამოწვეული ათეროსკლეროზითა და თრომბოზით.
ძირითადი მდგომარეობანი, რომლებიც მწვავე მუცლით ვლინდებიან, არის: აპენდიციტი, ნაწლავების გადახლართვა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, დივერტიკულიტი და სხვა.
გინეკოლოგიურ პრაქტიკაში მას იწვევს საკვერცხეების ანთება, საშვილოსნოსგარე ორსულობა, ქსოვილოვანი წარმონაქმნები, საკვერცხეების აპოპლექსია, საშვილოსნოს დანამატების გადახლართვა, საკვერცის კისტის გასკდომა.
ამ მდგომარეობათა პროგრესის შედეგად ვითარდება მწვავე პერიტონიტი - მუცლის მფარავი გარსის ანთება, რომელიც სიცოცხლისთვის საკმაოდ საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს, ხშირი ლეტალური გამოსავლის გამო.
ზოგადად ორსულებში მოსალოდნელია ნებისმიერი ქირურგიული პათოლოგიის განვითარება, რომელიც მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მრავალპროფილურ მიდგომას საჭიროებს, ამგვარ მდგომარეობათა სტრუქტურაში წამყვანი ორსულთა აპენდიციტია.
დამახასიათებელი ნიშნები
მწვავე მუცლის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნებია:
- სხვადასხვა ხასიათის ძლიერი მუცლის ტკივილი, შეტევითი ან სპაზმური;
- ღებინება;
- სისხლდენა;
- შოკი;
- სხეულის ტემპერატურის, გულისცემისა და სუნთქვის სიხშირის მატება.
ზოგჯერ მწვავე მუცელს იმიტირებს ფსევდოაბდომინური სინდრომი, რომლის დროსაც ტკივილი გამოწვეულია გასტრიტით ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით, რომელიც გადაუდებელ ქირურგიულ დახმარებას არ საჭიროებს, ან მიოკარდის ინფარქტით და პიელონეფრიტით, ამიტომ მწვავე მუცლის სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობისას, პირველ ყოვლისა, საჭიროა სწორი და ზუსტი პირველადი დიაგნოსტიკა და დიფერენცირება.
მწვავე მუცლისას პროგნოზი მძიმდება ყოველწუთიერად, ამიტომ საჭიროა პაციენტის დაუყოვნებელი გადაყვანა სტაციონარში.
რას გვიყვება პაციენტის სახე
ძალიან ბევრს!
სადიაგნოსტიკო კვლევათა გარდა, ექიმი აკვირდება პაციენტის სახის გამომეტყველებას, ოფლიანობას, კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების ფერს.
ცნობილია პერიტონიტის მქონე პაციენტთა სახე, რომელიც ტანჯვას გამოხატავს.
ფერმკრთალი სახე, ცივი ოფლით დაფარული, დამახასიათებელია წყლულის პერფორაციისას, განსაკუთრებული სიფერმკრთალე გვეცემა თვალში შინაგანი სისხლდენებისას, რომლის ყველაზე ხშირის მიზეზიც საშვილოსნოსგარე ორსულობაა.
მწვავე ქოლეცისტიტისა და პანკრეატიტისას დამახასიათებელია თვალის სკლერათა მოყვითალო შეფერილობა.
შესაძლოა, პაციენტის სახე ვარდისფერი და თვალები მოციმციმე რჩებოდეს მაშინაც კი, როდესაც მუცლის ღრუში სერიოზული პროცესი ვითარდება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი
მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმვა მწვავე მუცლისა და პერიტონიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია, თუმცა, ზოგჯერ ის არ ვლინდება შინაგანი სისხლდენებისას, საკვერცხის კისტების გადახლართვისას და ნაწლავური გაუვალობის დაწყებით სტადიებზე, ასევე სუსტად გამოხატულია პერიტონიტისას მოხუცებს შორის და ქალების შემთხვევაში მრავალჯერადი მშობიარობების შედეგად მოშვებული მუცლის კედლის გამო.
ზოგჯერ კუნთების დაჭიმულობა ქრება პერიტონიტის ფინალურ სტადიაზე.
საგანგაშო ნიშნები
ხშირი სიმპტომია ღებინება, რომელიც თავს იჩენს დაავადების პირველი წუთიდან და საათიდან.
ვლინდება დიაფრაგმის ნერვის გაღიზიანებით გამოწვეული მყარი, ჯიუტი, მტანჯველი სლოკინი.
მტკივნეულობა მკერდ-ლავიწ-დვრილისებრ კუნთზე ხელით დაწოლისას, რაც დიაფრაგმის ნერვული დაბოლოებების კუჭის შიგთავსით ან სისხლით გაღიზიანების შედეგია.
დამახასიათებელია იძულებითი პოზა, ტკივილის გაძლიერება სხეულის ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღებისას, რის გამოც პაციენტი მუდმივად მჯდომარე ან ნახევრადმჯდომარე პოზაშია.
ირღვევა ნაწლავის შიგთავსის პასაჟი, პერისტალტიკა უარესდება, ნაწლავის მექანიკური ან დინამიკური გაუვალობის გამო გროვდება აირები და განავლოვანი მასები.
ნაკლებად იჩენს თავს დიარეა, ეს ხშირად ნაწლავის ინვაგინაციის დასაწყისში და მწვავე აპენდიციტისას ვლინდება.
მნიშვნელოვანი სიმპტომია განავლის ცვლილება, ნაწლავის ინვაგინაციისას ან სისხლძარღვის თრომბოზისას, მასში სისხლის მინარევები ჩნდება, წყლულის პერფორაციისა და შინაგანი სისხლდენებისას კი განავლოვანი მასები მუქდება და მოშავო ფერს იღებს.
თვითმკურნალობა დაუშვებელია!
კატეგორიულად აკრძალულია კუჭის გამორეცხვა და კვებითი ინტოქსიკაციებისას გამოყენებული მეთოდები, ან პირიქით ყაბზობისას გამოსაყენებული ოყნები და სხვა.
საჭიროა დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარების გამოძახება და ჰოსპიტალიზაცია.
აკრძალულია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიცემა, რადგან მოსალოდნელია კლინიკური სურათის ცვლილება და მცდარი დიაგნოზის დასმა.
პაციენტს არ უნდა მივცეთ საკვები და სასმელი.
თუ რაიმე მიზეზის გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადა იგვიანებს, უნდა გავიაროთ კონსულტაცია 112-ის ოპერატორთან და თავად მოვახდინოთ პაციენტის ჰოსპოტალიზაცია უახლოეს, სასურველია, მულტიპროფილურ სტაციონარში.
სტაციონარში
სტაციონარში მისვლისას პაციენტს უმოკლეს ვადებში უნდა ჩაუტარდეს სადიაგნოსტიკო კვლევები და გაეწიოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობებს აარიდებს.
შემდგომ კი მდგომარეობის დეტალური კვლევა იწყება:
- ტკივილის ლოკალიზაცია;
- უკავშირდება თუ არა ტკივილი საკვების მიღებას;
- ხომ არ უჩიოდა პაციენტი დეფეკაციის გართულებას წინა რამდენიმე დღის განმავლობაში;
- სისხლის საერთო ანალიზი მწვავე მუცლისას ნაკლებად ინფორმაციულია, თუმცა ის ადასტურებს ანემიასა და ანთებით-ჩირქოვან პროცესს.
ხორციელდება მუცლის ღრუს ორგანოების ვიზუალური კვლევები, მწვავე ნაწლავური გაუვალობისას ვლინდება აირების დაგროვება სითხესთან ერთად, ხოლო სისხლდენისას ისაზღვრება სითხის ჰორიზონტალური დონე.
თუ მიზეზი გინეკოლოგიურია, საჭიროების შემთხვევაში ტარდება ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკური კვლევა.
დიაგნოტიკისას ძალზე მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს ის მდგომარეობანი, რომლებიც მწვავე მუცლით ინიღბებიან, ეს არის მიოკარდის ინფარქტი, პნევმონია, პნევმოთორაქსი, ნაღვლისა და თირკმლის ჭვალი, ამ შემთხვევაში გადაუდებელმა ოპერაციულმა ჩარევამ, შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობა გააუარესოს.
ოპერაციის შემდგომ
მნიშვნელოვანია, რომ ქირურგიული მკურნალობა დაიწყოს პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 5-6 საათში, ამ შემთხვევაში დადებითი შედეგის შესაძლებლობა გაცილებით იზრდება.
უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფპაციენტებს, რეანიმაციული ღონისძიებები უტარდებათ.
მწვავე მუცლისას პროგნოზს განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა:
- მწვავე მუცლის მიზეზები;
- თანდართული დაავადებების არსებობა;
- ქირუგიული მკურნალობის დროული განხორციელება;
- პაციენტის ასაკი;
- პროგნოზი მძიმდება პაციენტის მცირე ან ხანდაზმული ასაკისას, ხანგრძლივად მიმდინარე პერიტონიტის დროს.
მწვავე მუცლის საწინააღმდეგოდ სპეციფიკური პროფილაქტიკური ღონისძიებები არ არსებობს, თუმცა, თუ პაციენტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები აქვს, აუცილებელია ის მიღებულ რეკომენდაციათა მიხედვით მართოს: დაიცვას დიეტა, მიიღოს პრეპარატები.
ქალებისთვის რეკომენდებულია პერიოდული კვლევები საკვერცხის კისტებისა და საშვილოსნოს მიომების აღმოსაჩენად.
თუ ქალს აქვს საშვილოსნოსგარე ორსულობაზე ეჭვი, აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი.
მწვავე მუცლის მიზეზით გამოწვეული ლეტალური დასასრული, უპირატესად, დაგვიანებული მიმართვის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგია, ამიტომ უეცრად დაწყებული ნებისმიერი სახის მუცლის ტკივილისას, აუცილებელია სპეციალისტთან დაუყოვნებელი ვიზიტი.