მეცნიერებმა აღმოაჩინეს იმუნური უჯრედი, რომელიც დაბერებას ანელებს
სწორედ ეს უჯრედები, რომელთა რაოდენობაც ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, აზიანებს ქსოვილებს და იწვევს ანთებას, რაც სიკვდილთან ნელ-ნელა გვაახლოებს. მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ბიოლოგიური დაბერების პროცესის დაწყებისას CD4 ტიპის იმუნური უჯრედები სხეულის დამაზიანებელი ქსოვილების "მკვლელებად" იქცევიან და მათ ანადგურებენ, რაც დაბერების პროცესს ანელებს.
უჯრედები, რომლებსაც სახელად CD4-Eomes (პროტეინის მიხედვით, რომელსაც ისინი აწარმოებენ) ეწოდებათ, მეცნიერებს აქამდეც ჰქონდათ შემჩნეული. თუმცა ახალმა კვლევამ პირველად გაუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად მჭიდროდ არიან ისინი დაბერებულ უჯრედებთან დაკავშირებულნი და ზოგადად, მოლეკულურ დონეზე დაბერების პროცესთან.
"ჩვენი მიგნებები მოწმობს, რომ CD4-Eomes უჯრედებს ქსოვილების დაბერების მოდულირებაში ფუნდამენტურ როლი აქვთ, რაც მნიშვნელოვანი შედეგებია ასაკთან დაკავშირებული დაავადებებისა და ხანგრძლივობის შესწავლისთვის,“ — წერენ მკვლევრები გამოქვეყნებულ ნაშრომში.
"ზომბი უჯრედებად" წოდებული სენესცენტური (დაბერებული) ქსოვილები აღარ იყოფიან ახალი უჯრედების შესაქმნელად, მაგრამ მაინც საკმარისად ფუნქციონალურები რჩებიან იმისთვის, რომ ლოკალურ გარემოში ანთების გამომწვევი მოლეკულები გამოყონ. ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სპეციალიზებული ერთეულები, რომლებიც ესხმიან თავს დაბერებულ უჯრედებს, სიბერის მოახლოებასთან ერთად უფრო მრავლდებიან. ამ ფაქტორმა მკვლევრებს უბიძგა, დეტალურად შეესწავლათ CD4-Eomes უჯრედები, რათა ზუსტად გაერკვიათ, თუ რას აკეთებენ ისინი.
სხვადასხვა ასაკის თაგვებში უჯრედების შედარებით, მკვლევრებმა ორი ძირითადი დასკვნა გააკეთეს: პირველი — CD4-Eomes-ზე "გადართვა" გამოწვეული იყო დაბერების პროცესში მყოფი უჯრედების არსებობით, თითქოს იმუნური სისტემა აღმოაჩენს მოსალოდნელი ანთების რისკს და შესაბამისად ადაპტირდება. მეორე — როდესაც თაგვები გენეტიკურად იქნა რედაქტირებულნი CD4-Eomes სპეციალიზაციის მოსაშორებლად, დაბერების პროცესში მყოფი უჯრედები კიდევ უფრო გამრავლდა. ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ CD4-Eomes იმუნური უჯრედები აკონტროლებენ დაბერების პროცესში მყოფ უჯრედებს.
კვლევა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია იმუნურ სისტემას დროთა განმავლობაში დაბერებასთან საბრძოლველად ადაპტირება და რომ ასაკოვან იმუნურ სისტემას აქვს ისეთი ელემენტები (კერძოდ, CD4-Eomes უჯრედები), რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია დაბერების შემსწავლელ კვლევებში. ასევე, დიდია სამომავლო კვლევის შესაძლებლობა — მათ შორის იმის დადასტურება, თაგვების მსგავსად იგივე იმუნური პროცესები ხდება თუ არა ადამიანებში.
კვლევის ავტორებს ასევე სურთ გაანალიზონ, როგორ შეიძლება განსხვავდებოდეს CD4-Eomes უჯრედების რეაქციები ადამიანებში მათი გენეტიკის, დაბერების ხარისხისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. მომავალში CD4-Eomes-ის დონის გაზრდა დაბერებული უჯრედების მოსაცილებლად შეიძლება აღმოჩნდეს ეფექტიანი გზა ბიოლოგიური დაბერების შესანელებლად და ანთებით მიღებული დაზიანებების შესამცირებლად. მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა და მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც მეცნიერები ამ მექანიზმებს ბევრად უკეთ გაანალიზებენ.