რა უნდა იცოდეთ, თუ დენტალური იმპლანტაცია გჭირდებათ? - ინტერვიუ იმპლანტოლოგ ბაგრატიონ ჩორგოლაშვილთან
დენტალური იმპლანტაცია - პროცედურა, რომლის დროსაც დაკარგული კბილის ადგილზე ძვალში თავსდება ხელოვნური ფესვი: ტიტანის ან ცირკონის იმპლანტი. შემდეგ ამ იმპლანტზე ეწყობა აბატმენტი და კბილის გვირგვინი, რაც საბოლოოდ ბუნებრივი კბილის ესთეტიკას და ფუნქციას მაქსიმალურად წააგავს. იმპლანტი ფუნქციურად და ვიზუალურად ბუნებრივ კბილთან ყველაზე ახლო ჩანაცვლებაა და ტრადიციულ მოძრავ ან ბუგელურ პროთეზებთან შედარებით უფრო კომფორტულია.
იმპლანტაცია რამდენიმე ეტაპიანი პროცესია, რომელიც მოიცავს პაციენტის პირის ღრუს შეფასებას, საჭირო კვლევების ჩატარებასა და პათოლოგიების გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობას, შემდეგ კი უკვე იმპლანტის მოთავსებას.
დენტალური იმპლანტაცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს დაკარგული აქვს ერთი ან რამდენიმე კბილი და სურს ბუნებრივის მაქსიმალურად მსგავსი, სტაბილური და გრძელვადიანი ჩანაცვლება.
როგორია დენტალური იმპლანტაციის თანამედროვე მეთოდები, რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა პროცედურამდე და რა რეკომენდაციები უნდა დაიცვას იმპლანტის ჩასმის შემდეგ, დეტალურად საუბრობს „რიხტერის კლინიკის“ იმპლანტოლოგი, ყბა-სახის ქირურგი - ბაგრატიონ ჩორგოლაშვილი:
- დენტალური იმპლანტაციის რა თანამედროვე მეთოდებს მიმართავთ „რიხტერის კლინიკაში?
თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უმეტეს შემთხვევებში გამოიყენება სუფთა ტიტანის იმპლანტები. რაც შეეხება სხვა მასალებს, შედარებით ახალია ე.წ ცირკონი, რომელიც უკვე „რიხტერის კლინიკაშიც“ არის ხელმისაწვდომი. თუმცაღა უმეტესად მაინც მაღალი ხარისხის ტიტანზე ვაკეთებთ არჩევანს და პაციენტისა და ექიმის მხრიდან შეთანხმებული და თანმიმდევრული პროცესით ვიღებთ სასურველ შედეგს.
- რა პროცედურები ან მანიპულაციები ტარდება დენტალური იმპლანტაციის დაწყებამდე?
პირველ რიგში ტარდება კონსულტაცია და კლინიკური გამოკვლევა, სადაც შეფასდება პირის ღრუს ზოგადი მდგომარეობა, არსებული კბილები, ვიღებთ 3D სურათს, ვიკვლევთ, არის თუ არა პირის ღრუში კარიესული კბილები, არის თუ არა ძვალი იმ მდგომარეობაში, რომ უპრობლემოდ მოვათავსოთ იმპლანტი, სჭირდება თუ არა პაციენტს ორთოდონტული მკურნალობა და სხვა. თუ რომელიმეს აღმოვაჩინეთ, ვიწყებთ მათ მოგვარებაზე მუშაობას. შემდეგ პაციენტს ვუტარებთ კბილების პროფესიონალურ წმენდას/ მკურნალობას და ვიწყებთ ქირურგიული ეტაპისთვის მომზადებას. იმ შემთხვევაში, თუ ძვალი არასაკმარისია, შეიძლება საჭირო გახდეს ძვლის დამატება ან სინუს ლიფტინგი. ასევე ფასდება პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა — ქრონიკული დაავადებები, მედიკამენტები, ალერგიები და საჭიროების შემთხვევაში ტარდება ლაბორატორიული გამოკვლევები. თუ გვიწევს ორზე მეტი იმპლანტის ჩასმა ანუ 2 საათზე მეტი ხნით მუშაობა, თავდაპირველად ვაძლევთ ანტიბაქტერიულ თერაპიას, ტკივილგამაყუჩებელს და ვიწყებთ ოპერაციას.
- რა დროს სჭირდება დენტალური იმპლანტაციის პროცესს?
დენტალური იმპლანტაციის პროცესს სჭირდება გარკვეული დრო, რადგან მასში შედის როგორც ქირურგიულად იმპლანტის ჩასმა, ისე იმპლანტის ძვალთან შეხორცება. თავად ჩასმა ჩვეულებრივ მხოლოდ რამდენიმე წუთიდან ერთ, ორ საათამდე გრძელდება, თუმცა სრული პროცესი დამოკიდებულია ოსტეოინტეგრაციის პერიოდზე. ინტეგრაციას სჭირდება 3 თვე, რის შემდეგაც უკვე მზადდება გვირგვინი. იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ საჭიროა დამატებითი მანიპულაციები, მაგალითად ძვლის დამატება ან სინუს ლიფტინგი, სრული პროცესი შესაძლოა გახანგრძლივდეს და 6–9 თვეს გაგრძელდეს. საბოლოო დრო დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ ანატომიაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და იმპლანტაციის სირთულეზე, არის შემთხვევები, როდესაც იმპლანტსა და ძვალს შორის საჭირო დატვირთვას ვერ ვიღებთ, მაშინ უკვე თავიდან გვიწევს იმპლანტაციის პროცესის დაწყება.
თუ წინა კბილების იმპლანტაცია ხდება, მაშინ ინტეგრაციის პროცესის დასრულებამდე ვაკეთებთ დროებით გვირგვინს, რომელსაც მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება აქვს და პაციენტმა ის ფუნქციურად არ უნდა გამოიყენოს. დროებითი გვირგვინების გაკეთება შეგვიძლია იმავე დღეს, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, პროცესის დასასრულებლად 3-თვიანი ვადაა საჭირო.
3D ტექნოლოგიით წინასწარ ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ძვალი, რა სიმაღლე შეიძლება მივიღოთ და როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა. იმისათვის, რომ იმპლანტი შეხორცდეს და მისი დეზინტეგრაცია არ მოხდეს, მნიშვნელოვანია, მივყვეთ პროტოკოლს და პაციენტმაც ზედმიწევნით შეასრულოს ყველა რეკომენდაცია.
მოვლის რეკომენდაციები პაციენტს ეძლევა ჩარევის შესაბამისად - თუ ერთი იმპლანტია ჩასმული და ოპერაცია ნახევარი საათი ან ორმოცი წუთი გაგრძელდა, სავლები, გამაყუჩებელი და საჭიროების შემთხვევაში, ერთკვირიანი ანტიბაქტერიული თერაპია ინიშნება. შეიძლება ამავე დროით შეიზღუდოს ფიზიკური აქტივობები და საკვები პაციენტმა მხოლოდ რბილი ფორმით უნდა მიიღოს.
- საინტერესოა, არის თუ არა შემთხვევები, როდესაც დენტალური იმპლანტაცია არ არის რეკომენდებული ან უკვე ჩასმული იმპლანტის თავსებადობა არ ხდება?
დღეს, ფაქტობრივად არ არსებობს გამოუვალი შემთხვევა. პაციენტს შეიძლება აწუხებდეს ქრონიკული, ავტოიმუნური დაავადებები, თუმცა მისი სურვილისა და სწორი გეგმის შემუშავების შემთხვევაში, დენტალური იმპლანტაცია ჩატარდეს.
რა თქმა უნდა, გართულებები ხდება, მაგრამ ძალიან მცირე პროცენტით - მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმპლანტაციის გართულებები მხოლოდ ერთნახევარ პროცენტს შეადგენს. დეზინტეგრაცია შეიძლება მოხდეს შაქრიანი დიაბეტის ან სხვა დაავადებების შემთხვევაში, თუმცა როგორც აღვნიშნე, თანამედროვე სტომატოლოგიაში ეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. თუ ასეთი შემთხვევა გვაქვს, შეგვიძლია, იმპლანტი ამოვიღოთ, დაველოდოთ 3 თვე, სანამ ძვალი შეხორცდება და თავიდან დავიწყოთ პროცესი. მთავარია, ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს პაციენტის ანამნეზზე, რომ სწორად წარვმართოთ პროცესი.
მე ვიტყოდი, რომ უფრო სერიოზული პრობლემა არის ძვლის განლევა, რომელიც სწორი ქირურგიული მეთოდების გამოყენებით ასევე მოგვარებადია, თუმცა უფრო ხანგრძლივ პროცესთან და მეტ ფინანსებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული მდგომარეობის გამო, შეიძლება დაგვჭირდეს ძვლის პლასტიკების დამატება და მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია იმპლანტაციის პროცესის დაწყება.
- რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ძვლის განლევა პირის ღრუში?
განლევა ხდება მაშინ, როდესაც ძვალი დატვირთული არ არის. ამ დროს ორგანიზმი „სიგნალს აძლევს“ მას, რომ აღარ არის საჭირო და იწყებს განლევას. ეს პროცესი ინდივიდუალურია და შეიძლება მოხდეს ერთი ორი ხუთი და მეტი წლის განმავლობაში.
ძვლის განლევის მთავარი მიზეზებია:კბილის დაკარგვა, პაროდონტის დაავადებები, ქრონიკული ანთება, არასწორი დატვირთვა, არაკორექტული პროთეზები, ტრავმები და ზოგადი ჯანმრთელობის დარღვევები.
რაც უფრო სწრაფად ჩანაცვლდება დაკარგული კბილი იმპლანტით, უფრო უკეთესი და კომფორტულია პაციენტისთვის, რათა შემდეგ სწორედ განლევის გამო ძვლის ოპერაცია არ გახდეს საჭირო.
- რა დრო სჭირდება იმპლანტის სრულ ადაპტაციას პირის ღრუში და რამდენად გამძლეა იმპლანტი?
ჩასმული იმპლანტის ირგვლივ უნდა შეხორცდეს ქსოვილი და ექიმი ამ პროცესს მონიტორინგს უწევს. იმპლანტის სრულ ადაპტაციას პირის ღრუში, ანუ ძვალთან სრულად შეხორცებას სჭირდება საშუალოდ 3–6 თვე. თუ შეხორცება დაგეგმილ ვადებში არ მიმდინარეობს, მაშინ ვიწყებთ ქსოვილების დამატებას ქირურგიული ჩარევით და ვიღებთ სასურველ შედეგს. ამ პერიოდში იმპლანტის ზედაპირზე ძვალი იზრდება და მასთან ერთიანდება, რაც უზრუნველყოფს მის სტაბილურობასა და გამძლეობას.
ამის შემდეგ პაციენტი თავისუფალია ქირურგიული ჩარევებისგან და მას მხოლოდ ჩვენი რეკომენდაციებისა და პირის ღრუს ჰიგიენის სათანადოდ დაცვა სჭირდება.
იმპლანტი ფუნქციურად ისევე იტვირთება, როგორც ბუნებრივი კბილები. რა თქმა უნდა, რაიმე ექსტრემალური ვითარების ან ზედმეტად მყარი საკვების კბილით დამტვრევის შემთხვევაში შეიძლება ისიც ისევე დაზიანდეს, როგორც ბუნებრივი მინანქარი. იმპლანტს არ სჭირდება შეცვლა, ვინირებისგან განსხვავებით, ის მუდმივია და სწორი მოვლის შემთხვევაში, დიდხანს შეგვინარჩუნდება. 20–25 წელზე მეტხანს, ხოლო ხშირად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია პირის ღრუს ჰიგიენაზე, პაროდონტის ჯანმრთელობაზე, რეგულარულ პროფილაქტიკურ ვიზიტებზე, მოწევაზე და დატვირთვის სწორ განაწილებაზე. რეკომენდებულია, რომ წელიწადში ორჯერ, მონიტორინგის მიზნით გადაიღოთ სურათი და შეაფასოს სტომატოლოგმა. რეგულარული კონტროლი მნიშვნელოვნად ზრდის იმპლანტის სიცოცხლისუნარიანობას.
პროფესიონალურად და ხარისხიანი ტიტანით ჩასმული იმპლანტი იმდენად გამძლეა, რომ პაციენტმა შეიძლება, 10-15 წლის შემდეგ თავისი ბუნებრივი კბილები დაკარგოს კარიესისა თუ სხვა გართულებების გამო და იმპლანტი შენარჩუნდეს.
- რა ვადაში შეუძლია პაციენტს იმპლანტი სრულფასოვნად დატვირთოს?
ქვედა ყბაზე იმპლანტის დატვირთვა უკვე 2-3 თვის შემდეგ შეგვიძლია, ზედა ყბაზე კი შეიძლება, 3-4 თვე დასჭირდეს, გააჩნია, იყო თუ არა ძვლის პლასტიკა ჩატარებული. თუ იმპლანტაცია ჩატარდა რთული პირობების დროს, მაგალითად ძვლის გაზრდის ან სინუს ლიფტინგის შემდეგ, სრული დატვირთვის ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 6–9 თვემდე. იმპლანტის ადრეული დატვირთვა ზოგჯერ ხდება სპეციალური ქეისებისას, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ ექიმის კონტროლით და სპეციფიკური პირობების დაცვის შემთხვევაში.
ამ ვადების გასვლის შემდეგ, პაციენტს უკვე შეუძლია, სრულად დატვირთოს კბილი და როგორც ესთეტიკურობის, ისე ფუნქციურობის შენარჩუნების მიზნით, ზედმიწევნით დაიცვას ორალური ჰიგიენა.
„რიხტერის კლინიკაში“ იმპლანტოლოგ, ყბა სახის ქირურგ ბაგრატიონ ჩორგოლაშვილთან ვიზიტის დასაჯავშნად მიჰყევით ბმულს ან დარეკეთ ნომერზე: 0322500068
„რიხტერის კლინიკა“ წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკაა საქართველოში, სადაც უმაღლესი ხარისხის მასალებსა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს იყენებენ. ხარისხიანი სერვისისა და ინოვაციური მიდგომის წყალობით, კლინიკამ მალევე მოიპოვა პოპულარობა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პაციენტებში. „რიხტერის კლინიკაში“ წარმოდგენილია სრული სტომატოლოგიური სერვისები, ასევე ესთეტიკური პროცედურები, რომელიც შეიძლება პაციენტს მკურნალობის ან მანიპულაციების შემდეგ დასჭირდეს.
R