რატომ არის სეზონური ვაქცინაცია მნიშვნელოვანი?
ვაქცინები ყოველწლიურად იცვლება და მოდიფიცირდება, რაც განპირობებულია პათოგენების (მავნე მიკრობების) მარტივი მუტაციის უნარით. ამიტომ, საჭიროა, სეზონური ვაქცინების ყოველ წელს შესაბამის დროს მიღება.
ვაქცინების მოქმედების პრინციპი საკმაოდ მარტივია — მათი მიზანია, იმუნურ სისტემას კონკრეტულ ვირუსებთან ბრძოლა ასწავლონ. ვაქცინები წარმოადგენენ ვირუსის იმიტაციას და როდესაც ანტისხეულები მათთან ურთიერთქმედებენ, სწავლობენ თუ როგორ უნდა დაიცვან ორგანიზმი მასში ვირუსის შემოჭრისას — ასე გამომუშავდება იმუნიტეტი კონკრეტული პათოგენის მიმართ. როცა სხეულს შეუძლია თავდაცვა, ის უფრო სწრაფად და ეფექტურად უმკლავდება ვირუსს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი აღარ ავადდება ან დაავადების შემთხვევაში, ეს პროცესი უფრო მარტივად მიმდინარეობს.
რატომ არის სეზონური ვაქცინაცია მნიშვნელოვანი?
სეზონური ვაქცინები მნიშვნელოვანია წლის კონკრეტულ პერიოდში აქტიურ დაავადებებთან საბრძოლველად, საზოგადოების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და დაავადებების ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ვაქცინების მეშვეობით, საგრძნობლად ფერხდება ისეთი ვირუსების გავრცელება, როგორებიცაა გრიპის ვირუსი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი (RSV) ან COVID-19. ვაქცინების მოქმედების შედეგად, ადამიანების ვირუსით დაავადების ალბათობა მკვეთრად მცირდება, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ინდივიდი მაინც დაავადდა, სიმპტომები უფრო მარტივად მიმდინარეობს.
გაციება ან გრიპი ხშირად მსუბუქად გამოიხატება, დაავადებული ადამიანი თავს სუსტად გრძნობს და გამოსაჯანმრთელებლად რამდენიმე დღეს სახლში ატარებს, თუმცა ეს დაავადება შეიძლება უფრო მძიმე ხასიათისაც იყოს. გრიპის ვირუსი არის პოტენციური სერიოზული დაავადება, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს ჰოსპიტალიზაცია, უფრო მძიმე შემთხვევები კი სიკვდილით სრულდება. ყოველი გრიპის სეზონი განსხვავებულია, რადგან ვირუსები ადამიანებზე განსხვავებულად მოქმედებენ. ამ განსხვავებების მიუხედავად, ტიპური დაავადების სეზონისას მილიონობით ადამიანი ინფიცირდება ვირუსებით, ასიათასობით ადამიანს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია და ათასობით ადამიანის შემთხვევა ლეტალურად სრულდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დაავადების გადატანის შემდეგ, შესუსტებული იმუნიტეტის გამო, ადამიანები უფრო მოწყვლადები ხდებიან სხვა ტიპის დაავადებების, მაგალითად, ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციების ან ქრონიკული დაავადებების გაუარესების მიმართ. სწორედ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ვაქცინაცია. აცრისას ვუფრთხილდებით როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
საუკეთესო დრო სეზონური ვაქცინაციისთვის
სეზონური ვაქცინის მიღების დროულად დაგეგმვა აუცილებელია იმისათვის, რომ მას შედეგი ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, სეზონური აცრა არ მივიღოთ ძალიან ადრე იმისთვის, რომ შეძენილი იმუნიტეტი დაავადების სეზონის დაწყებამდე არ განილიოს. ასევე მნიშვნელოვანია აცრის დროულად გაკეთება იმისათვის, რომ იმუნიტეტმა მოასწროს გააქტიურება და ეფექტურად დაიცვას ორგანიზმი პათოგენებისგან. ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით ანტისხეულების გამომუშავებას სჭირდება დაახლოებით 2 კვირა. სეზონური ვაქცინები ხშირად ხელმისაწვდომია ზაფხულის პერიოდიდან, თუმცა დაავადებების სეზონისთვის ასე ადრიანად მომზადება არაა რეკომენდებული. მრავალი კვლევის შედეგად დადასტურებულია, რომ გრიპის ვაქცინების ეფექტურობა ინექციის შემდეგ თვიდან თვემდე 8-9%-ით იკლებს. თუ ვაქცინას ივლისში ან აგვისტოში მივიღებთ, დაავადებების სეზონის პიკამდე მისი ეფექტურობა საკმაოდ შემცირდება. სწორედ ამიტომ, დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, სეზონური ვაქცინის მისაღებად ოქტომბრის ბოლო საუკეთესო პერიოდია, ვინაიდან დაავადებების ინტენსიური სეზონი სწორედ ოქტომბრიდან იწყება, აღწევს პიკს დეკემბრიდან თებერვლის მონაკვეთში და სრულდება გაზაფხულზე, გვიანი მაისის პერიოდში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაავადებების სეზონთან მომზადებული, ძლიერი იმუნიტეტით შეხვედრა.
როდის უნდა აიცრან ორსულები, 6 თვიდან 8 წლამდე ბავშვები და 65 წელს გადაცილებული ზრდასრულები?
აღსანიშნავია, რომ გამონაკლის შემთხვევებში, ადრე ვაქცინაცია არა მხოლოდ რეკომენდებულია, არამედ აუცილებელია. ამ გამონაკლისებს მიეკუთვნებიან ზაფხულში მესამე ტრიმესტრში მყოფი ორსულები და 6 თვიდან 8 წლამდე ბავშვები.
როცა ფეხმძიმე ქალი იღებს ვაქცინას, ის ბავშვს ანტისხეულებს გადასცემს პლაცენტის მეშვეობით. ეს ანტისხეულები წარმოადგენენ თავდაცვის მექანიზმს ბავშვისთვის პირველი 6 თვის განმავლობაში, როცა ჩვილს ჯერ კიდევ არ შეუძლია აიცრას. ახლანდელი კვლევებით დადგენილია, რომ პირველ და მეორე ტრიმესტრთან შედარებით, მესამე ტრიმესტრში ვაქცინირებული მშობლების შვილები 52%-ით უფრო მეტად არიან დაცულები სეზონური დაავადებებისგან.
ზოგჯერ 6 თვიდან 8 წლამდე ბავშვისთვის საჭიროა სეზონური ვაქცინების ორი დოზა, რომელთა მიღება მინიმუმ 4 კვირის შუალედითაა შესაძლებელი. აცრის ორი დოზა საჭიროა აუცრელი ბავშვებისთვის (ისეთი ბავშვები, რომლებიც მანამდე არასდროს აცრილან), რათა მათ ორგანიზმში დაავადებასთან საბრძოლველად შესაბამისი მექანიზმები გააქტიურდეს. დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, უმჯობესია თუ ასეთი ბავშვები პირველ დოზას ზაფხულში მიიღებენ, მეორე დოზას კი — სექტემბრის ან ოქტომბრის პერიოდში.
რაც შეეხებათ 65 წელს გადაცილებულ ზრდასრულებს, ვინაიდან მათ ორგანიზმში ვაქცინის ეფექტურობა უფრო სწრაფად იკლებს, რეკომენდებულია, რომ სეზონური აცრა მიიღონ სექტემბერში ან ოქტომბერში. ადამიანების ამ ჯგუფისათვის სეზონური ვაქცინა აუცილებელია იმიტომ, რომ ისინი უფრო მოწყვლადები არიან სეზონური დაავადებების მიმართ — გრიპის ვირუსით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 50-70%, ხოლო ფატალური შემთხვევების 70-85% ამ ასაკობრივი ჯგუფითაა წარმოდგენილი. ზოგი ექსპერტის რჩევით, უმჯობესია თუ ასაკოვანი ადამიანები მიიღებენ ვაქცინის უფრო ძლიერ დოზას მისი მოქმედების გასახანგრძლივებლად.
ვაქცინებისადმი სანდოობა
სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი ვაქცინების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი არასწორი და ცრუ ინფორმაციის ფართოდ გავრცელების გამო, ამიტომ, საჭიროა მათ ზუსტი და მკაფიოდ წარმოდგენილი ინფორმაცია მივაწოდოთ. ვაქცინების დახმარებით, ადამიანებს ექმნებათ ნაკლები ჯანმრთელობის პრობლემა, რაც ხელს უწყობს უფრო ბედნიერად და პროდუქტიულად ცხოვრებას.
ავტორი: მარიამ ღვინეფაძე