რამდენი კალორია იწვება სექსის დროს
გავრცელებული მოსაზრებით, სექსი შესანიშნავი ვარჯიშია, რადგან ამ დროს ბევრი კალორია იწვება. რეალურად, სექსის დროს შეიძლება წუთში დაახლოებით 3-დან 5 კალორიამდე დაწვათ. თუმცა კალორიების რაოდენობა, რომელსაც წვავთ, დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ინტენსივობა, ხანგრძლივობა და პოზები. მიუხედავად ამისა, სექსუალური აქტივობის სხვა უამრავი სარგებელი არსებობს, რომლებიც ბევრად აღემატება მის შესაძლო როლს კალორიების დაწვის მხრივ.
რთულია, ზუსტად განისაზღვროს, რამდენ კალორია იწვება სექსის დროს, რადგან კვლევებში გამოიყენება სხვადასხვა საზომი და ფაქტორები, რომლებიც შედეგებზე შეიძლება გავლენას ახდენდეს. 2022 წლის ერთმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ ადამიანები სექსუალური აქტივობის დროს საშუალოდ წვავენ დაახლოებით 100 კალორიას, თუმცა არ იყო მითითებული დეტალები ხანგრძლივობის, ინტენსივობის ან პოზების შესახებ.
2019 წლის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 8 ადამიანი, მონაწილეებმა 13-წუთიან სესიის განმავლობაში დაწვეს 53-დან 190 კალორიამდე, საშუალოდ — 130 კალორია. 2013 წლის კვლევის ფარგლებში, რომელშიც 21 წყვილი მონაწილეობდა და მათი ასაკი 20-25 წლამდე იყო, მკვლევრებმა სექსუალური აქტივობის დროს ენერგიის ხარჯვის მაჩვენებელი სარბენ ბილიკზე სიარულისას დამწვარი კალორიების მაჩვენებელს შეადარეს. მამაკაცებმა 24-წუთიან სექსის დროს დაწვეს საშუალოდ 101 კალორია (4.2 კალორია წუთში), ხოლო ქალებმა — საშუალოდ 69 კალორია (3.1 კალორია წუთში). 30-წუთიანი საშუალო ინტენსივობის სარბენი ბილიკის სესიის დროს, მამაკაცებმა დაწვეს 276 კალორია (9.2 კალორია წუთში), ხოლო ქალებმა — 213 კალორია (7.1 კალორია წუთში).
კალორიების დაწვის გარდა, სექსუალურ აქტივობას შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური, ემოციური და სოციალური ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებიც. ესენია:
- განწყობისა და ენერგიის დონის გაუმჯობესება;
- სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის შეგრძნებების შემცირება;
- ისეთი ჰორმონების რეგულირება, როგორებიცაა ტესტოსტერონი, ოქსიტოცინი და კორტიზოლი;
- ძილის, იმუნური სისტემის ფუნქციისა და სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესება;
- არტერიული წნევის და გულისცემის რეგულირება;
- ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
როგორია სქესობრივი აქტის ფიზიოლოგიური ეტაპები?
სქესობრივი აქტის ნორმალურად წარმართვისთვის აუცილებელია, მამაკაცისა და ქალის ორგანიზმში თანამიმდევრობით განხორციელდეს შემდეგი ტიპის სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები:
მამაკაცებში:
- ნეიროჰუმორული — იგი დაკავშირებულია თავის ტვინის ღრმა სტრუქტურებთან და მთელ ენდოკრინულ სისტემასთან. ისინი უზრუნველყოფენ სქესობრივი ლტოლვის ძალას და შესაბამის აგზნებადობას ნერვული სისტემის იმ უბნებში, რომლებიც სქესობრივ მოქმედებას არეგულირებენ.
- ფსიქოლოგიური — ამ ცვლილებებს დიდი ნახევარსფეროების ქერქის სპეციალური ზონები უზრუნველყოფს. ამ ცვლილებათა შედეგად ჩნდება სქესობრივი ლტოლვა და ადვილდება ერექციის წარმოქმნა ჯერ კიდევ სქესობრივი აქტის დაწყებამდე.
- ერექციული, ანატომიურ-ფიზიოლოგიური — ამ ცვლილებებს ზურგის ტვინის შესაბამისი ცენტრები განაგებს. ამ ცვლილებათა შედეგია ფრიქციები (სასქესო ასოს რიტმული მოძრაობა საშოში), რაც სქესობრივი აქტის მექანიკურ მხარეს განსაზღვრავს.
- ეაკულაციური — ისიც ზურგის ტვინის ცენტრებით ხორციელდება და უზრუნველყოფს ორგაზმს.
ქალებში:
- ფსიქოლოგიური — განპირობებულია ტვინის უმაღლესი ცენტრების მოქმედებით, რის შედეგადაც ჩნდება სქესობრივი სიახლოვის სურვილის შეცნობა და გადაწყვეტილების მიღება მისი განხორციელების, რეალიზების შესახებ.
- სენსორული — მათ განსაზღვრავს ორგანიზმში მიმდინარე ნეიროენდოკრინული ძვრები. გამოიხატება ეროგენული ზონების მგრძნობელობის მომატებითა და მათი სპეციფიკური სტიმულაციის მოთხოვნილების გაჩენით.
- სეკრეციული — გამოიხატება ლუბრიკაციით, საშოს ლორწოვანის დასველება-გაპოხვით, რაც აადვილებს საშოში სასქესო ორგანოს მოძრაობას.
- ორგასტული — განპირობებულია ზურგის ტვინის სპინალური ცენტრების მოქმედებით, რის შედეგადაც ქალს უნარი შესწევს, ერთი სქესობრივი ურთიერთობის დროს განიცადოს ერთი ან რამდენიმე ორგაზმი.